„თქვენ ძალადობთ ჩემზე კი არა, ქვეყნის უდიდეს ნაწილზე, იმას ვერ ითვალისწინებთ, რომ თქვენი ძალადობა კანონის სახელით, ვერ აღემატება ჩემს ღირსებას და ვერ გამტეხავთ", - ამ სიტყვებით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მოსამართლეს.
როგორც მელიამ განმარტა, სასამართლომ რომც გაამტყუნოს, მას ისტორია გაამართლებს.
"ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ვეცდები მოკლედ ვთქვა. ისეთ აზრს ავითარებთ და ისეთ სიღრმეებში მიგყავთ ხალხი, რომ უბრალოდ ვერ მოგყვებათ, რადგან ხალხი საღად მოაზროვნეა, ფსეკრამდე ჩადიხართ და იქ არ მოგყვებათ. ეს ბატონი საუბრობს, რომ თურმე ჩემი თვითმიზანი ყოფილა პატიმრობა, რატომ ჰგონია, რომ ჩემი თვითმიზანია პატიმრობა, როცა თავმდაბლობის გარეშე, მეგობრებთან ერთად ბევრად უფრო ეფექტური ვარ ციხის მიღმა თქვენი დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ციხეში! ან რატომ უნდა მსიამოვნებდეს პატარა საკანში გამოკეტვა და 24 საათი სათვალთვალო კამერების მეთვალყურეობით ცხოვრება? რატომ არ უნდა მინდოდეს ოჯახთან, მეგობრებთან, ბავშვთან ურთიერთობა? როგორ შეიძლება ეს ნორმალური ადამიანის თვითმიზანი იყოს? იტყუებით რბილად რომ ვთქვათ, როცა ამბობთ, რომ თქვენი თვითმიზანი არაა, რომ პატიმრობაში ვიყო. თქვენ არავინ დაგაბრალოთ პროკურორობა, ეს ბატონი, კობახიძეები და ბიძინა ივანიშვილები საუბრობენ რომ მათი თვითმიზანი არაა ჩემი პატიმრობა. ეს ბატონი 2 წელი თუკი რამეზე საუბრობს, ჩემ პატიმრობაზე საუბრობს. პარლამენტში დილის 8 საათზე რომ გამოცხადდით, ჩემი პატიმრობა არ მოითხოვეთ? "ოცნების" 5 თავმოყვარე დეპუტატი აღმოჩნდა, რომელმაც უკანონობას „მწვანე შუქი“ არ აუნთო. გავრილოვი რომ ჩასვეს იქ, სადაც არ უნდა ჩაესვათ, ბიძინა ივანიშვილი ფერდაკარგული გამოვიდა და თქვა, ვთმობ პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ ვიღაცებს დავიჭერო. გამოიყვანეს ბატონი ამირან გულუაშვილი და ბრიფინგი ჩაატარებინეს, სახელმწიფო გადატრიალებას მედავებიან, კამერები თვითონ წაშალეს. ამის შემდეგ 2 წელიწადია "დამოკლეს მახვილით" სამაჯური დამკიდეს, 2 წელია მოწმე არ დაუკითხავთ, მტკიცებულება არ გამოუკვლევიათ, სახელმწიფო გადატრიალებას მედავებიან და ასე მიაგდეს. როცა ივანიშვილმა პროპორციული არჩევნები დათმო, უკანონო სამაჯური მივიღე, მაგრამ მას შემდეგ რაც ივანიშვილმა მოგვატყუა, არა. ეს ადამიანები ძალადობენ არამხოლოდ ჩემზე, არაფერი ისე არ მაძლეირებს როგორც ის, რომ თქვენ ხართ ჩემი მოწინააღმდეგეები. თქვენ ძალადობთ ჩემზე კი არა, ქვეყნის უდიდეს ნაწილზე, იმას ვერ ითვალისწინებთ, რომ თქვენი ძალადობა კანონის სახელით, ვერ აღემატება ჩემს ღირსებას და ვერ გამტეხავთ", - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, პროცესი მოსამართლის გარეშე მიმდინარეობს.
"თქვენ მართლა მოსამართლე გგონიათ თავი?" - მიმართა მელიამ მოსამართლეს, მოსამართლემ მელიას მიმართვის ფორმა დაუწუნა.
"ეს არ დათესეთ? არაფერი ისეთი მტკივნეული არაა, როგორც სიმართლე. პარადოქსია, სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვართ, რომელსაც მოსამართლე არ ესწრება. თქვენ მე გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია მე გამამართლებს, არ არსებობს ამ საქმეში მე ისტორიამ გამამტყუნოს“, - განაცხადა მელიამ.