„დღეს ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ივანიშვილის ადიუტანტები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ხომ ვერ აღიარებდნენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაშვებინეს?!"- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ოპოზიციის ლიდერი კვლავ პატიმრობაში დატოვეს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს გაათავისუფლებდნენ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები უცხოელებს ვერ ეტყოდნენ, რომ მელია დავთმეთ და ახლა ოპოზიციამ დათმოსო.
"გასაგებია, რაც ხდება...
დღეს ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ივანიშვილის ადიუტანტები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ხომ ვერ აღიარებდნენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაშვებინეს?!
ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათი პროპაგანდა, თითქოს სასამართლო დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოა, დეზინფორმაციის დონეზეც აღარ იარსებებდა.
ასევე, სასამართლოს ინიციატივით დღეს ჩემს გათავისუფლებას ივანიშვილის მორჩილები პოლიტიკურ კომპრომისად ვერ გაასაღებდნენ. შესაბამისად, უცხოელებს ვერ ეტყოდნენ, რომ მელია დავთმეთ და ახლა ოპოზიციამ დათმოს.
ამიტომ, მათი ჭკუით, მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემომინახეს.
ასე და ამგვარად, მოლაპარაკების პროცესში ჩემი გათავისუფლების სანაცვლოდ შემოთავაზებული ნებისმიერი პირობა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და მეტიც, დამამცირებელია.
აი, მაგალითად, პირობა, როგორიცაა 20 ივნისის ამნისტიის კანონის ინიცირება, რომლის ფარგლებშიც ჩემი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ რეალურად სამართლებრივი დევნისგან მოძალადე პოლიციელებისა და დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლება სურთ, ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან ჩემი თავისუფლებით ვაჭრობის მცდელობაა!
სურთ ჩემი გამოშვება?! როგორც ციხის გარედან ღრჭიალით გამიღეს რკინის კარი, ზუსტად ისე, კეთილი ინებონ და უკვე ციხის შიგნიდან იგივე რკინის კარი გამიღონ ყოველგვარი სავაჭრო პირობების დაწესების გარეშე!
ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკუთარი თავის წინაშე მოვალეობის გრძნობაა და დიახ, მოვალე ვარ, ჩემი უკანონო პატიმრობის სანაცვლოდ იოტისოდენა უსამართლო კომპრომისზეც კი არ წავიდე!
ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ მე ამ ბრძოლაში მხოლოდ ბრძოლისთვის არ ვარ, მე ვარ ბრძოლაში დიდი მიზნისთვის, რომელთან შედარებითაც ჩემთვის უკვე დიდი ხანია სხვა ყველაფერი გაუბრალოვდა და ჩემი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება!
მხარდამჭერებსა და კეთილისმსურველებს კი მოწიწებით მოგმართავთ - მხნედ და ყოჩაღად იყავით, ბრძოლის მუხტი გავზარდოთ და მეტად გავზარდოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, უფრო სწორად ყველა ჩვენს ადგილას დავდგეთ და ეს უკვე ერთმანეთის მხარდაჭერა იქნება.
ბრძოლა დანაკარგის გარეშე არ არსებობს და, როგორც ჩანს, 15 მაისს მე თქვენთან ერთად ვერ ვიქნები, მაგრამ თითოეული თქვენგანის რწმენა უფრო შეუპოვარი და მტკიცე უნდა გახდეს!
გვახსოვდეს, საბოლოო გამარჯვება ერთობამ უნდა მოიტანოს. რაც უფრო მჭიდრო იქნება ოპოზიციისა და საზოგადოების ერთობა, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება შედეგი. როგორც მტრედების გუნდი, თუ გავიფანტეთ, ან გაგვფანტეს, მაშინ გამარჯვება დროში უფრო დაგვიანდება.
დროებით, მადლობა“, - წერს მელია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.