არჩილ თალაკვაძე გახარიაზე - ვნახავთ, რა პარტიას შექმნიან, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა

14 Apr 2021 15:53

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობის 6 დეპუტატის გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ არასწორია და ამით გიორგი გახარიას არათანმიმდევრულობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.


თალაკვაძის შეფასებით, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფება მიუღებელი და გაუმართლებელია.

„ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გამოავლინა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფოებრივი მიზნების და პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც პასუხისმგებლობა არჩევნების დროს ერთად გვქონდა აღებული. რა თქმა უნდა, დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ბევრი კითხვა და ამაზე პასუხი იქნება გასაცემი. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც ის გამოწვევებია ქვეყანაში, რაზეც ისაუბრეს თავადაც, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიუღებელია. ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია. სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშავო“,- განაცხადა თალაკვაძემ.


ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.




კომენტარები:

ფართი შოპი