რა სახის დეზოდორებია დღეს გაყიდვაში და რომელი ჯობია

15 Apr 2021 10:49

ჩემი შვილი მოზარდია, ამ ასაკში კი, მოგეხსენებათ, როგორ მძაფრდება ოფლდენა. გთხოვთ გაგვაცნოთ, რა სახის დეზოდორებია დღეს გაყიდვაში და რომელი ჯობია. გარდა დეზოდორისა, რით შეიძლება მოვსპოთ ოფლის სუნი?

წინათ ოფლის სუნის გასაქრობად სპეციალურ ფხვნილებს ხმარობდნენ, მაგალითად, ბორისა და უროტროპინის შემცველს (ბორის მჟავა და უროტროპინი - 5 გ, თუთიის ჟანგი და ტალკი - 25 გ), სხეულს იზელდნენ 1-2%-იანი სალიცილის სპირტით, 5-20%-იანი ფორმალინის ხსნარით, 2-5%-იანი ტანინის მჟავას ხსნარით, ტუალეტის ძმრით (1 მლ ჩვეულებრივი სუფრის ძმარი + 4 მლ წყალი), მარილის ხსნარით (

1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე), პიტნის ფოთლების ნაყენით (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე, დააყენეთ 30 წუთით).



ფართოდ გამოიყენებოდა საერთო და ფეხის აბაზანები გვირილის ნახარშით. დღეს ბაზარზე გაძლიერებული ოფლიანობის დასათრგუნავ საშუალებათა ფართო არჩევანია. ოფლდენის საწინააღმდეგო მთავარ იარაღს დეზოდორ-ანტიპერსპირანტები წარმოადგენს. მათ შემადგენლობაში შედის ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავს ოფლდენას


(ალუმინის, ტყვიის, თუთიის, რკინის მარილები, ფორმალდეჰიდი, ეთანოლი - ანუ სპირტი). ბევრი ანტიპერსპირანტი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ბაქტერიების გამრავლებას თრგუნავს. შედეგად უსიამოვნო სუნიც ქრება. მოხერხებული გამოსაყენებელი რომ იყოს, დეზოდორანტები გამოდის სხვადასხვა ფორმით: ბურთულები, ფანქრები, აეროზოლები და კრემები. კარგი ანტიპერსპირანტი სრულიად აქრობს ჰიპერჰიდროზის გარეგნულ გამოხატულებას, და მარტივი გამოსაყენებელია. მათი ნაკლი ის არის, რომ ეფექტი შესაძლოა ხანმოკლე აღმოჩნდეს, ხოლო ინგრედიენტებმა ალერგია გამოიწვიოს.



როგორ ავირჩიოთ დეზოდორი
დეზოდორის არჩევისას ორიენტირება პრობლემაზე უნდა მოვახდინოთ. პრობლემა ორია: ოფლი და მისი სუნი. თავდაპირველად - ცოტა რამ ოფლის გამოყოფის შესახებ. ჩვენს ორგანიზმში არსებული სამ მილიონამდე შრომისმოყვარე საოფლე ჯირკვალი თავდაუზოგავად გამოყოფს ოფლს, რომლის გარეშეც სხეული ნორმალურ ტემპერატურას ვერ შეინარჩუნებს. თავად ოფლს სუნი არა აქვს, მაგრამ იღლიის ფოსოში, ტერფებზე და ინტიმურ ადგილებში სახლდებიან მიკრობები, რომლებიც უერთდებიან ოფლს და მკვეთრ, უსიამოვნო სუნს გამოყოფენ.



სპრეი თუ ტალკი, კრემი თუ ფანქარი?
სპრეის ტიპის დეზოდორები, როგორც წესი, გაცილებით ეფექტურია გაძლიერებული ოფლდენის დროს. ისინი სიგრილის შეგრძნებას გვჩუქნიან. სპრეი, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ესადაგება მგრძნობიარე კანს, რომელიც ალერგიული რეაქციებისკენ არის მიდრეკილი. ამასთან, დეზოდორის ეს სახეობა განსაკუთრებით არაეკონომიურია. ფანქარი (სტიკი) მოხერხებულია მოგზაურობის დროს - არ იღვრება, არ იფრქვევა და ბარგში დიდ ადგილს არ იკავებს. ის, ისევე როგორც მისი ბურთიანი ანალოგები, იშვიათად იწვევს კანის გაღიზიანებას, თუმცა ამ დეზოდორით განსაკუთრებულმა გატაცებამ შესაძლოა კანის გამოშრობა გამოიწვიოს. დეო-გელი და დეო-კრემი საკმაოდ ძვირია. ისინი არაჩვეულებრივად არბილებს კანს და საკმაოდ ხანგრძლივი მოქმედებაც ახასიათებს. პარფიუმერიული სურნელოვანი ტალკი შეუდარებელია ზაფხულის საღამოსთვის. ასეთი ტალკით არა მარტო იღლიის ფოსოს, არამედ დეკოლტეს ზონის დაფარვაც შეიძლება. ამ დროს კანი ატლასივით ბზინავს, ტანსაცმელზე კი ნახევარწრისებრი ლაქები არ რჩება... თუმცა ტალკსაც აქვს ნაკლი: ის მეტისმეტად მშრალი კანისთვის არ გამოდგება.



დეზოდორი-ანტიპერსპირანტი ანუ ორი ერთში
თუ ოფლი უხვად გდით, მაგრამ მკვეთრი სუნი არ აქვს, ანტიპერსპირანტი გამოგადგებათ. ის ეფექტურად ამცირებს ოფლის გამოყოფას. ანტიპერსპირანტებს მიეკუთვნება ალუმინისა და თუთიის მარილები, ფორმალდეჰიდი, სალიცილის მჟავა, ეთილის სპირტი. ეს ნივთიერებები ნაწილობრივ ახშობს საოფლე ჯირკვლების სადინარებს, რითაც ოფლის ოდენობას დაახლოებით ორჯერ ამცირებს. სასურველია, ანტიპერსპირანტი ღამით, ძილის წინ, ისხუროთ ან წაისვათ. საქმე ის არის, რომ ღამით ოფლიანობა მცირდება, პრეპარატს კი დრო სჭირდება, რათა კანმა შეიწოვოს და საოფლე ჯირკვლები დახუროს. დეზოდორი შეგიძლიათ იხმაროთ ნებისმიერ დროს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი მოქმედება ხანმოკლეა. ადგილობრივი ოფლდენის საწინააღმდეგოდ ყველაზე ეფექტურია პრეპარატები, რომლებიც ფორმალდეჰიდს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, ფორმაგელი. მას მადეზინფიცირებელი მოქმედება აქვს და ყოველგვარი წარმოშობის ჭარბ ოფლიანობას თრგუნავს. ფორმაგელი თხლად უნდა წაისვათ ჭარბი ოფლიანობის არეებში. ერთი წასმა საკმარისია, რათა ოფლიანობა 7-10 დღით შემცირდეს. ამის შემდეგ პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ. მკვეთრი ოფლიანობის დროს იგი შეგიძლიათ იხმაროთ 2-3 დღე მიყოლებით. ფორმაგელის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას მოსალოდნელია კანის გამოშრობა. არ შეიძლება ფორმაგელის გამოყენება კანის ანთებითი დავადებების დროს, ასევე - გაპარსვის ან თმის სხვა მეთოდით მოცილების შემდეგ. ფორმაგელს არ ახასიათებს გამაღიზიანებელი, ალერგიული ან იმუნოტოქსიკური მოქმედება, არ აქვს ძლიერი სუნი, არ ტოვებს სამოსზე ლაქებს.


მკურნალი




კომენტარები:

ფართი შოპი