გიგი უგულავა - ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე

15 Apr 2021 16:27

ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ ბუნებრივად, მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.


მან საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან 6 დეპუტატის გასვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს არა მარტო ოპოზიციის ბოიკოტის გამო, არამედ უკვე „ქართული ოცნების“ მხრიდანაც.


„არ ვფიქრობ, რომ პარლამენტის დატოვება რაიმე ტიპის რაციონალური გადაწყვეტილებაა ან სამართლიანი. მესმის, რომ ამ პარტიის სახელით შევიდნენ, მაგრამ პარტიის პირველი ნომერი იყო გახარია, რომელიც გადადგა. სხვათა შორის, როდესაც პარლამენტის ლეგიტიმურობაზე ვსაუბრობთ, მას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს მარჯვენა მხრიდან იმიტომ, რომ ოპოზიცია არ აღიარებს და ლეგიტიმურობის პრობლემა უკვე შეექმნა „ქართული ოცნების“ მხრიდანაც, რადგან ორი ადამიანი, ვისაც ხმა მისცეს, ივანიშვილი ამომრჩევლისთვის დაკარგულია, ის აღარ არსებობს და გახარია ოპოზიციაში მივდივარო ამბობს, პროტესტის ნიშნად გადადგა. აქედან გამომდინარე, ამ პარლამენტს ორივე მხრიდან აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. უფრო მნიშვნელოვანი საკითხი კი ის არ არის, ეს 6 კაცი დატოვებს თუ არა პარლამენტს, ზოგადად, პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხია პრობლემა. ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ ბუნებრივად, მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე“,- განაცხადა უგულავამ.


მან ასევე ფარისევლური უწოდა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებას, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. უგულავას თქმით, სწორედ ამას მოითხოვს ოპოზიცია, თუმცა, სანაცვლოდ „უსუსურ გაპრავებას“ ისმენს.


„ვფიქრობ, ეს ადამიანები მატყუარა და ფარისევლები არიან, იმიტომ, რომ ჩვენც ამას ვითხოვთ. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას სხვანაირად ვერ მიიღებდა, თუ არა მაგალითად, პლებისციტი, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, ხალხს ვკითხოთ. ჯერ არ მახსოვს რომელიმე მათგანს ხმა ამოეღოს მაგალითად, პლებისციტის მხარდასაჭერად. 

პირიქით, მთელი ამ 6 თვის განმავლობაში უსუსურ „გაპრავებას“ ვისმენდით, მათ შორის ამ ძვირფასი დეპუტატების მხრიდანაც. ამიტომ, თანმიმდევრულები იყვნენ“, - განაცხადა უგულავამ.


ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა მმართველ პარტია და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. მათი ამ გადაწყვეტილებით, 90 დეპუტატისგან შემდგარი “ქართული ოცნების“ უმრავლესობა 84 წევრამდე შემცირდა.




კომენტარები:

ფართი შოპი