თინა ბოკუჩავა - ივანიშვილმა გადაწყვიტა, ერთიდან მეორე მხარეს გადმოსხას 6 დეპუტატი და ამით განაცხადოს, რომ ჰყვავის დემოკრატია - რეალური სურათი კი ერთპარტიული პარლამენტია, სადაც კომუნისტი ვოლსკი თავს გადასარევად გრძნობს

15 Apr 2021 20:57

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე შემოსვლით ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება.


როგორც ბოკუჩავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „გიორგი გახარია არ არის ოპოზიცია, ის ან პუტინის პირდაპირი პროექტია საქართველოში ან ბიძინა ივანიშვილის“.


„ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს არც იმ ადამიანებმა იციან, ვისი პროექტია და რას უპირებს მათ გახარია, იმდენად არათავდაჯერებული და დამფრთხალები ჩანდნენ, ერთმნიშვნელოვნად იკვეთებოდა ის, რომ არ იციან „ქართული ოცნებიდან“ გამოსვლით საბოლოოდ რა ბედი ელით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.


ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „პოლიტიკაში ასე ხდება: როცა ოპოზიცია მის ადგილზე უარს ამბობს, ამ ადგილს სხვები იკავებენ“. ბოკუჩავას შეფასებით, „ძალიან ამხილა ბიძინა ივანიშვილი მის მოქმედებებში ბატონმა თალაკვაძემ“.


„მინდა ვუთხრა, ცოტა უფრო შენიღბონ ხოლმე საკუთარი მოქმედებები იმიტომ, რომ ძალიან ამხილა, როდესაც ეს თქვა. ბიძინა ივანიშვილს სურს, შეინარჩუნოს დემოკრატიული ფასადი, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ ვეუბნებით, რომ მას ამ დემოკრატიულ ფასადს არ შევუნარჩუნებთ, ამიტომ გადაწყვიტა ის, რასაც დიდი ხნის წინ აანონსებდა, რომ ხელოვნურად შექმნას ოპოზიცია, გადმოსხას ერთი მხრიდან მეორე მხარეს 6 დეპუტატი და ამით განაცხადოს, რომ შედგა დემოკრატია, ქვეყანაში ჰყვავის მრავალპარტიული პარლამენტი, აგერ არის პოზიცია, აგერ-ოპოზიცია, მერე რა, რომ ორივეს მე ვაკონტროლებ. რეალური სურათი არის ერთპარტიული პარლამენტი, სადაც კომუნისტი ვოლსკი თავს გადასარევად გრძნობს, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი პოლიტიკური ძალები“, - განაცხადა ბოკუჩავამ.


ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნების“ რიგებს სხვა პოლიტიკოსებიც გამოეყონ, მათ შორის კახა კალაძე.


ბიძინა ივანიშვილი დიდი ხნის წინ აანონსებდა, რომ ოპოზიციას თავად შექმნიდა, ახლა ხედავს, რომ ღარიბაშვილი-კობახიძის ტანდემით ფონს ვერ გავა ნებისმიერ არჩევნებზე, იქნება ეს ვადამდელი, პლებისციტი, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ სხვა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ავანსცენაზე ამ სახით გამოიყვანოს გიორგი გახარია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.


გარდა ამისა, ბოკუჩავამ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის რიტორიკა შეცვლილია.


„ზოგადად, „ქართული ოცნების“ მხრიდან რომ რიტორიკა შეცვლილა, ალბათ, დამეთანხმებით. ისინი ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, რომ საერთოდ არ სურდათ ამ მოლაპარაკებებში მონაწილობის მიღება. გახსოვთ ბატონი ღარიბაშვილის განცხადება, როდესაც თქვა, რომ უსაგნო მოლაპარაკებებზე დროის ფლანგვას „ქართული ოცნება“ საერთოდ აღარ აპირებს და ამით პრაქტიკულად მოლაპარაკების კარი დახურა, თუმცა, ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოელი პარტნიორები არ შეეგუებოდნენ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების ჩაშლით საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა წაართვას და ამიტომ, ადრე თუ გვიან „ქართულ ოცნებას“ მაინც მოუწევდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.


მისი განმარტებით, მოლაპარაკებების მაგიდა სწორედ მმართველმა გუნდმა ააყირავა, როდესაც მზად არ იყო არც ერთი მიმართულებით ნაბიჯი გადაედგა.


„ქართულმა ოცნებამ“ ააყირავა მოლაპარაკებების მაგიდა, როდესაც მოლაპარაკების მეორე რაუნდზე არ იყო მზად, რომ დათმობებზე წასულიყო არც ერთი მიმართულებით. არც პოლიტპატიმრების, არც ვადამდელი არჩევნების და არც რეფორმების საკითხზე...


ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან რთულია უსასრულო, უშედეგო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, ნიკა მელია გაათავისუფლოს, მოხსნას ეს პოლიტიკური ბრალი, დასვას ეს ადამიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან ისევე, როგორც სხვა პარტიის თავმჯდომარეები სხედან და შემდეგ მივიდეთ შეთანხმებამდე, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესში იქნება. როდესაც „ქართული ოცნება“ კუნთების დემონსტრირების პოლიტიკით არის დაკავებული და კომპრომისისკენ არავითარი ნაბიჯის გადადგმა არ სურს, ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებების წარმოება ძალიან რთლდება. ძალიან ვიწროვდება შეთანხმების შესაძლო სივრცე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.


მისი შეფასებით, „ოცნების“ აღნიშნული პოზიციის მიუხედავად, საბოლოოდ, საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარება გარდაუვალია.


„უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის ასეთი გაჯიუტებით და გაჯიქებით, ჩვენ ქვეყნისთვის ძალიან ძვირფას დროს ვკარგავთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.





კომენტარები:

ფართი შოპი