"ბადრი ჯაფარიძე: "საინტერესოა ვის მიმართ არის ოპოზიციური გახარია

15 Apr 2021 22:10

ჩვენ მოვისმინეთ გახარიას ერთ-ერთი თანაგუნდელის შეფასება, რომელმაც თქვა რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლიან სახელმწიფოში, არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები და ასევე, გვახსოვს თავად გახარიას ფრაზა, რომ ივანიშვილი არის ქვეყნის სისტემური მზღვეველი და მისი სახით "ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა". ამიტომ საინტერესოა ვის მიმართ არიან ისინი ოპოზიციაში?



გახარიას როგორც ყოფილ პრემიერ მინისტრს ნამდვილად არ ჰქონდა კრიზისების მართვის უნარი. ერთის მხრივ ეს ჩანს ძალიან დაგვიანებული ვაქცინაციის პროგრამით და მეორე მხრივ, ყველასთვის ნათელია, რომ ქართული ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია. 


ამ დროისთვის გახარიას პარტია არის ვირტუალური და არანაირ ოპოზიციურ ძალას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ეს ადასტურებს იმ ვერსიას, რომელიც გამოთქმული იყო არაერთხელ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოყვანილი მოთამაშე იმისათვის, რომ შეაჩეროს "ქართული ოცნების" ელექტორატის რღვევა, რომელიც სახეზეა და გამოწვეულია „ოცნების“ დღევანდელი ლიდერების რადიკალიზმით და  არაკონსტრუქციული ნაბიჯებით.


და ბოლოს, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის განვითარების მთავარ პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს მიიჩნევენ, დროა გიორგი გახარიამ, გულახდილად მოუყვეს საზოგადოებას, ჩვენს მიმართ გადმოცემული მუქარის წერილის ისტორია, რომლის მთავარი მონაწილეც თავად იყო. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა საზოგადოებას უნდა უთხრას რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი, ვისი დავალებით გააჩერა, რატომ მიაყენა ამხელა ზიანი ქვეყანას, რატომ გააქცია ინვესტორები ქვეყნიდან. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არის აუცილებელი პირობა, რომ შემდგომში მისი სხვა განცხადებები იყოს მეტ-ნაკლებად სანდო და სიმართლესთან კავშირში. მე ვაფასებ სინანულის, პატიების და მიტევების უნარს. ამიტომ კითხვები, რომელიც გახარიას მიმართ დაგროვდა, მისი მხრიდან მოითხოვს გულწრფელ პასუხებს. თუ გახარია ამას გააკეთებს დაგვანახებს კეთილსინდისიერი ადამიანის საქციელს. აღიარების და მონანიების გარეშე, ყველაფერი იქნება პირფერობის და სიცრუის გაგრძელება, რასაც ვხედავდით მისი მმართველობის დროს.




კომენტარები:

ფართი შოპი