დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად 16 აპრილს წაუყენებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მენაბდის ადვოკატმა დავით დადიანმა განუცხადა, ბრალს სავარაუდოდ, 12:00 საათზე, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში წაუყენებენ.
ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს, ვინაიდან საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ იცნობს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.