"ფარული კონვერტის" ბოლო გადაცემიდან ორი დღე გავიდა, თუმცა საზოგადოებაში, 11 წლის მომხდარ ძალადობაზე დისკუსია ისევ გრძელდება. ამ ისტორიას ორი გმირი ჰყავს, ორივე ცნობილი მსახიობები არიან. წლების შემდეგ ნინუცა მაყაშვილმა საზოგადოებას ღიად მოუყვა, როგორ ძალადობდა მასზე თანაცხოვრებისას ყოფილი ქმარი ბესო ზანგური.
საზოგადოება ემპათიური აღმოჩნდა ნინუცას მიმართ და ბესო ზანგურის ქმედება, არაერთმა ცნობილმა სახემ დაგმო. ზოგმა კი საკუთარ თავზეც ისაუბრა. მათ შორის გახლავთ ია ფარულავა, რომელმაც "ღამის კურიერში" წლების წინ, პირველ ქმართან თანაცხოვრებისას გადატანილ მძიმე დღეებზე ისაუბრა.
მისი პირველი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე გახლდათ. ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახი დაინგრა. რამაზი ძალიან ეჭვიანი ქმარი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა. ქმარსგაშორებულმა იამ საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა.
"ეს გადაცემა, სადაც ნინუცა იყო სტუმრად, უჩემოდ დაიგეგმა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ფარული კონვერტის" ყოფილ პროდიუსერებს, ქეთი გუნცაძეს და ეკა გვახარიას, ასევე ჩემი გუნდის წევრს, ავთო ჩიტიძეს. თავად მოიფიქრეს, მივიდნენ ნინუცასთან და დაგეგმეს ყველაფერი. მადლობა ნინუცა შენ, რომ მოხვედი და ისაუბრე. ეს ჩემთვისაც ახლობელი თემაა.
ამაზე ხშირად მისაუბრია, რომ ჩემი მრავალი ქორწინებებიდან, პირველი ქორწინება როდესაც 17 წლის ვიყავი ძალადობებით სავსე იყო. ჩემი პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, ცოტას მეც ვურტყამდი. დახმარება არავისთვის მითხოვია, მცხვენოდა მეთქვა ჩემი ოჯახის წევრებისთვის.
1984 წელი იყო, წარმოიდგინეთ ასეთი სცენა - მომდევს მოძალადე, რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში, ქალს ვეხვეწები, შემიშვით და იმ ქალმა კარი არ გამიღო.
ყველას ძალიან უყვართ ჩემი მონაწილეობით ფილმი "ფესვები", იცით, რატომ არის იქ ღამის სცენა, იცით, რატომ არის ღამე? ღამე ჩუმად გავიპარე რომ ეს სცენა გადამეღო. როდესაც გაიგო ამ ფილმის შესახებ, მაგრად მჟეჟა. ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მერე ეს მოძალადე ისეთი მანიპულატორია, რომ გაცოდებს თავს, თავისი ფაზები აქვს ამასაც, დაძავბულობის შემოტანით, აფეთქებით, მერე დათბობით და მეოთხე ფაზაა, საჩუქრები. ხშირად იმიტომ არ მოდიან ეს ქალები რომ უყვართ" - აღნიშნა ფარულავამ.
ამბები.ge