თეა წულუკიანი მსახიობ ბესო ზანგურს მოუწოდებს, თეატრი სასწრაფოდ დატოვოს

16 Apr 2021 12:39

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მსახიობ ბესო ზანგურს მოუწოდებს, თეატრი სასწრაფოდ დატოვოს.


წულუკიანმა ასევე მის ყოფილ მეუღლეს, ნინუცა მაყაშვილს მიმართა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. რაც შეეხება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, თეა წულუკიანის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გათავისუფლება არ იგეგმება.


„ნინუცა მაყაშვილი მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოში მიწვეული იყო, ჯერ კიდევ არ მისულა. იმედი მაქვს, უარს არ აცხადებს, თუნდაც ფიქრობდეს, 11 წლის მერე გვიანია საგამოძოებო ორგანოში სიარულიო, მინდა მას ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს. რობერტ სტურუასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. არა მხოლოდ ერთმა მხარემ, არამედ მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. ამ შემთხვევაში, ბატონ ბესო ზანგურს ვგულისხმობ. კარგი იქნება, თუ ამასობაში ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, იმიტომ, რომ მოწოდების გარდა, მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია“,-განაცხადა წულუკიანმა.


ცნობისთვის, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებაში მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს შეეხებოდა. მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს. 


მსახიობ ბესო ზანგურს სოლიდარობა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გამოუცხადა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თეატრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ გააგდებენ.





კომენტარები:

ფართი შოპი