როგორ ხდება საკვებ პროდუქტებზე ფასის წარმოქმნა და რა იწვევს მის ცვლილებას?

16 Apr 2021 14:08

სასურსათო პროდუქტების ფასების ცვლილებაზე მოსახლეობა ყოველთვის მტკივნეულად რეაგირებს, განსაკუთრებით კი ახლა, როცა პანდემიისგან შექმნილი ვითარების გამო, ადამიანების ნაწილმა სამუშაო ადგილი დაკარგა.


საქსტატის ინფორმაციით, წლიურად ზეთი და ცხიმი 35.8%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 13.7%-ით, შაქარი და სხვა ტკბილეული - 13%-ით, თევზეული კი - 12%-ით გაძვირდა. ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს ზეგავლენას. მაგალითად, საწვავის გაძვირება დისტრიბუციის ხარჯებს ზრდის, ელექტროენერგიის ფასის მატება კი რითეილერებს საოპერაციო ხარჯებს უძვირებს.


განვიხილოთ, ზოგადად, როგორ განისაზღვრება ფასი, შემდეგ კი რა ფაქტორები ახდენს მის ცვლილებაზე ზეგავლენას.


პროდუქტის ფასს მიწოდება-მოთხოვნის კანონი განსაზღვრავს. მომხმარებლებს აქვთ პროდუქტის შეძენის სურვილი, ხოლო მწარმოებლები აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მუშაობენ. პროდუქტზე წონასწორული ფასი გვაქვს მაშინ, როცა მოთხოვნის და მიწოდების რაოდენობა ერთმანეთის თანაბარია.


არსებობს პროდუქტის ფასის განმსაზღვრელი 8 მნიშვნელოვანი ფაქტორი:

  • წარმოების ღირებულება;
  • მოთხოვნა პროდუქტზე;
  • ვალუტის გაცვლითი კურსი;
  • კონკრურენტების ფასი;
  • მომხმარებელთა მყიდველუნარიანობა;
  • მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები;
  • მწარმოებლის მიზნები მოგების მიღებასთან დაკავშირებით;
  • მარკეტინგული ხარჯები.


ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღება ზეთის ფასმა მიიპყრო, რომელიც სწრაფად სწრაფად გაიზარდა და იმპორტიორები აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებას პროგნოზირებენ. საინტერესოა, რა ფაქტორებმა განაპირობა პროდუქტზე ფასის ზრდა?


მარტივად რომ მიმოვიხილოთ, ამის მთავარ მიზეზებს წარმოადგენს ვალუტის გაცვლითი კურსი და პროდუქტის ფასი საერთაშორისო ბაზარზე: 2020 წლის დასაწყისში ზეთის იმპორტის ფასი 0.85 დოლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის ბოლოს 1.16 დოლარს. პარალელურად, 2020-ის დასაწყიში დოლარის კურსი 2.87, ხოლო 2020 წლის ბოლოს 3.30 იყო. 2021 წლის აპრილის მდგომარეობით კი ზოგიერთი ზეთის იმპორტის ფასი 1.60 დოლარზეა ასული, დოლარის მიმდინარე კურსი კი 3.41-ს შეადგენს. შესაბამისად, სუპერმარკეტებს ზეთზე ფასი ხელოვნურად არ გაუზრდიათ და პროდუქტის გაძვირება გარე ფაქტორებმა განაპირობა.

zetii-1618555716.jpg


გაძვირებული პროდუქტის ტარიფს ემატება დღგ 18% და ტრანსპორტირების საფასური დაახლოებით 12%, რაც საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საცალო ფასზე.


რა ფაქტორები ახდენს სასურსათო პროდუქტების გაძვირებაზე ზეგავლენას?

იმისათვის, რომ სურსათის გაძვირების მიზეზებზე ზუსტი პასუხი გაგვეგო, „რითეილ ასოციაციას“ დავუკავშირდით, რომელიც 12 ქსელურ მარკეტს აერთიანებს: „სპარი“, „ნიკორა“, „კარფური“, „აგროჰაბი“, „უნივერსამი“, „დეილი“, „სმარტი“, „მაგნიტი“, „ზღაპარი“, „გუდვილი“, „გალფ სთორი“ და „ვეი მარტი“.


როგორც „რითეილ ასოციაციაში“ განმარტეს, პროდუქტების ფასები სწრაფად იცვლება, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ცხადად გამოჩნდა. მათივე ინფორმაციით, ფასების ზრდა მათგან დამოუკიდებელმა ოთხმა ძირითადმა ფაქტორმა გამოიწვია: ლარის გაუფასურება, საწვავის გაძვირება, იურდიული პირების ნაწილისთვის კომუნალური ხარჯების ზრდა (მათ შორის საცალო მოვაჭრეები) და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გაძვირება. შესაბამისად, მათი თქმით, პროდუქციის გაძვირებაში ყველაზე ნაკლები როლი მათ ითამაშეს, რადგან სუპარმარკეტებამდე სურსათი უკვე მომატებული ფასით მივიდა.


ლარის გაუფასურება პროდუქტების ფასებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, რადგან ჩვენს ქვეყანაში წარმოებისთვის ძირითადად, იმპორტირებული ნედლეული გამოიყენება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სუპერმარკეტების დახლებზე წარმოდგენილი პროდუქტების დიდი ნაწილი არის იმპორტირებული რაც კიდევ უფრო ზრდის დამოკიდებულებას უცხოურ ვალუტასა და ბაზრებზე. მწარმოებლებს კი მისი შეძენა უცხოურ ვალუტაში უწევთ, შესაბამისად, ეზრდებათ ხარჯები. რაც შეეხება საწვავის ფასს, ერთი ბარელი ნავთობის ტარიფი იმატებს, ამას ერთვის ვალუტის მერყევი გაცვლითი კურსი, რაც აისახება ავტოგასამართი სადგურების ტაბლოებზე. დისტრიბუტორებს პროდუქტის გადაზიდვაში იმაზე მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე აქამდე, შესაბამისად, ტრანსპორტირების ხარჯიც იზრდება.


ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. კომერციული ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატ საათზე საშუალოდ 11-13 თეთრით გაძვირდა. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ზოგიერთ სფეროში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებს გაზრდილი ტარიფის 50%-ს სახელმწიფო უსუბსიდირებს. მათ შორის არიან მწარმოებლები, თუმცა არა რითეილერები, რის გამოც, როგორც თავად აცხადებენ, ხარჯები საკმაოდ გაეზარდათ.


საერთაშორისო ბაზარზე მომატებულია საკვები პროდუქტების ფასები. FAO-ს (გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მონაცემების თანახმად, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითად პროდუქტზე ფასის ინდექსი 2021 წლის თებერვალში გაიზარდა და 116.0 ქულა შეადგინა, რაც 2020 წლის იანვრის ფასებზე 2.4%-ით მეტია, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 26.5%-ით მეტი. სამომხმარებლო კალათა მოიცავს რძეს, მარცვლეულს, შაქარს, ხორცსა და მცენარეულ ზეთს.


განხილული ფაქტორები ჩვენს ქვეყანაში საკვები პროდუქტების ფასებზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ეს ყოველდღიური, „ცოცხალი“ პროცესია, რომელიც რომელიც თითოეულ ცვლილებაზე რეაგირებს.




კომენტარები:

ფართი შოპი