რას მოასწავებს სამოსიდან ღილის მოწყვეტა, გატეხა თუ დაკარგვა

17 Apr 2021 22:55

რას ნიშნავს ხალხური მინიშნების მიხედვით, ღილის დაკარგვა? - რას და ძალიან ბევრ რამეს. ღილი დიდი ხნის წინათ მოიგონეს და სამოსის შეკვრის გარდა, მას ასევე, სამშვენისის ფუნქციაც ჰქონდა. ხანგრძლივმა დაკვირვებამ კი, ამ პატარა, მაგრამ საჭირო ნივთზე, ადამიანს უამრავი საბაბი მისცა, რომ მოვლენების ცვლილება მისი მდგომარეობის ცვლილებასთან დაეკავშირებინა და ეს ყველაფერი სხვადასხვაგვარი ცრურწმენისა თუ მინიშნების საფუძველი გამხდარიყო. მაშ ასე, რაზე მიგვანიშნებს ღილი, მოწყვეტის, დაკარგვის, გატეხის შემთხვევაში? - კითხვებზე პასუხს გაგვცემს და კიდევ სხვა საინტერესო ამბებსაც გვიამბობს ამავე თემაზე ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარინე დ.

- ღილი ვის არ მოწყვეტია და თანაც, ხშირად მაშინ, როცა მნიშვნელოვანი, გადაუდებელი საქმე გაქვს - განსაკუთრებით მოემზადე ამისთვის და ბოლო წამს, პალტო რომ შემოისხი, ღილი ხელში შეგრჩა. გარადა იმისა, რომ ახალი ხათაბალა გაგიჩნდა, მისი დაკერება უკვე დაგაგვიანებს, უპირველესად, მაინც იმან გაგიელვა თავში, რომ დავითარსეო. ჰოდა, არც შემცდარხართ! უმჯობესია, იმ დღის გეგმებზე საერთოდ უარი თქვათ. თუ რატომ? - სწორედ ამ ყველაფერზე გიამბობთ ახლა: რით მიგვანიშნებს ღილი საფრთხეზე ან როდისაა ის ბედნიერების ნიშანი.

- რას ნიშნავს, თუ ღილი მოწყდა სამოსს და დაიკარგა?

- არ ღირს ხასიათის მაშინვე გაფუჭება. ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების მიხედვით, თუ ტანსაცმელზე ღილი მოწყდა და „გაფრინდა“, მალე ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევს, რაც ძლიერ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. არის იმის ვარიანტი, რომ ამ მოვლენის შემდეგ თქვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ მოწყვეტილი ღილი წყალში (წყალსაცავში, მდინარეში, ტბაში, ზღვაში) ჩავარდა, ესე იგი, თქვენ ძალიან გამდიდრდებით. ოღონდ, მატერიალურ კეთილდღეობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ლაპარაკი, თუ ღილი შეკვრისას მოწყდა თქვენს ტანსაცმელს. თუ მოხდა ისე, რომ ღილი ტანსაცმელზე სხვამ მოგაგლიჯათ, იმ ადამიანზე მაშინვე ნუ გაბრაზდებით, რადგან თქვენ წინაშე შესანიშნავი საქმიანი პარტნიორი დგას.

- გამოდის, ღილის მოწყვეტა, ყოველთვის კარგის ნიშანია?

- ცუდი მნიშვნელობა ამ მინიშნებას იმ შემთხვევაში აქვს, თუ ღილი მოწყდება და ხელში შეგრჩებათ, ან სულაც გატყდება. უმჯობესია, იმ დღისთვის გეგმები არ დასახოთ. მაგრამ თუ უკვე მოხდა ისე, რომ ღილი დაკარგეთ, ეს ნიშანია იმისა, რომ არაკეთილმოსურნეები გყავთ. თუმცა ასეთი დანაკარგი შეიძლება, იმასაც ნიშნავდეს, რომ ვიღაცამ თქვენი ნდობა დაკარგა. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, თუ რას ილაპარაკებთ ნაცნობებთან. მათგან ყველა ხომ თქვენი მეგობარი არ არის და ეს უნდა გაითვალისწინოთ. თქვენი ნათქვამი შეიძლება, თქვენსავე წინააღმდეგ შემოგიბრუნდეთ.

- რას ნიშნავს ღილის დაკარგვა კვირის დღეების მიხედვით?

- ღილი თუ დაკარგეთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, კვირის რომელ დღეს მოხდა ეს. ღილის ორშაბათს დაკარგვა წარმატებაა სამსახურში: მოულოდნელი პრემია, დაწინაურება ან ხელმძღვანელისგან შექება მაინც შეიძლება, დაიმსახუროთ. არანაკლებ სასიხარულოა იგივე შემთხვევა სამშაბათს - ამჯერად ბედნიერება პირად ფრონტზე გაქვთ გარანტირებული.

- ალბათ, ოთხშაბათი მაინც იქნება „თარსი“, არა?

- ნამდვილად, ოთხშაბათს ღილის დაკარგვა არც ისე კარგია. დიდი სკანდალიც კი შეიძლება, მოხდეს თქვენსა და თქვენს უახლოეს ადამიანებს შორის. თუმცა, ვერც მომდევნო დღეებზე გეტყვით რაიმე სახარბიელოს: ხუთშაბათს დაკარგეთ ღილი? - მოგიწევთ ძლიერი განცდისთვის მოემზადოთ, თუმცა არც პარასკევია ამ მხრივ მანუგეშებელი - შეიძლება, მწარედ მოგატყუონ, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე. აი, უქმე დღეებზე კი ღილის დაკარგვა ნამდვილად არ გაგიფუჭებთ ხასიათს: შაბათს - სავსებით მოსალოდნელია, რომანტიკული პაემანი; ხოლო კვირას - ახალი ნაცნობობისთვის მოემზადეთ... მაგრამ, თუ ღილები დილიდანვე არასწორად შეიკარით, არ აქვს მნიშვნელობა კვირის რომელი დღეა, მაინც უიღბლო იქნება და ბევრი დავიდარაბა მოგიწევთ.

- მე კი ღილებთან დაკავშირებით მხოლო ის ვიცოდი, რომ მისი დაკერება არ შეიძლება, როცა სამოსი გაცვია...

- სწორადაც გცოდნიათ და მართლაც, არასდროს დაიკეროთ ღილი ზეზეულად, ჩაცმულ სამოსზე. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ასე შეიძლება, მეხსიერება და ჭკუაც კი დაკარგო და თუ არ დაიჯერებ და მაინც - დაიკერებ, შეიძლება, დაშავდე კიდეც. ასევე, არ შეიძლება ამგვარი ხელსაქმით ახალი წლის საღამოს დაკავდეთ. თუ ღილს მაინცდამაინც 31 დეკემბერს დააკერებთ, რისკი იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში მომხდარ ყველა უსიამოვნებას ზედვე „დაიბეჭდავთ“, ძალიან დიდია.

მაგრამ თუ 31 დეკემბერს თავისთავად მოწყდა ღილი თქვენს სამოსს, ეს კარგის ნიშანია. ესე იგი, თქვენგან ყველა პრობლემა ძირს „ჩავარდა“ და ახალი წელი ნამდვილად ბედნიერი იქნება. იცოდეთ, ამ დროს მომწყდარი ღილის დაკერება არ სცადოთ - პირიქით, რაც შეიძლება სწრაფად მოიშორეთ თავიდან.


თბილისელები



კომენტარები:

ფართი შოპი