LG სმარტფონების ბაზარს ტოვებს. როგორ სცადა სამხრეთკორეულმა კორპორაციამ არსებულ კონკურენციასთან გამკლავება და რატომ დამარცხდა?

17 Apr 2021 23:55

აპრილის დასაწყისში სამხრეთკორეულმა კორპორაციამ LG Electronics- მა მობილური მოწყობილობების წარმოების განყოფილების დახურვის შესახებ განაცხადა. ბოლო წლებში ეს მიმართულება კომპანიისთვის მუდმივი ზარალის მომტანი აღმოჩნდა. სიტუაციის შესაცვლელად და მომხმარებელთა დასაინტერესებლად, LG- მ უცნაური გაჯეტების წარმოებაც კი დაიწყო: მაგალითად, სმარტფონი შიგნით ჩაზნექილი ეკრანით ან მოწყობილობა ორი ეკრანით, რომელთაგან ერთი 90 გრადუსით ტრიალებს. თუმცა ეს ყველაფერი კომპანიას გაყიდვების გაზრდაში ვერ დაეხმარა - LG-ის წილი სმარტფონების გლობალურ ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 2%-ს შეადგენდა.
 

რა მოხდა?

LG Electronics-მა სმარტფონების ბაზრის დატოვების შესახებ 5 აპრილს განაცხადა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მობილური მოწყობილობების წარმოება სრულად მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს შეწყდება. თუმცა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები და ტექნიკური მხარდაჭერა LG-ის ყველა იმ სმარტფონისთვის, რომლებსაც მომხმარებლები უკვე იყენებენ, კიდევ სამი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. 


”LG-ს სტრატეგიული გადაწყვეტილება, მობილური ტელეფონების წარმოუდგენლად კონკურენტუნარიანი სექტორი დატოვოს, საშუალებას მისცემს კომპანიას ფოკუსირდეს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ელექტრომობილების მოწყობილობები, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი სახლი, რობოტექნიკა, ხელოვნური ინტელექტი, პლატფორმები და სერვისები,” - ნათქვამია LG ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.  


ჭორები იმის შესახებ, რომ კომპანია მობილური ტელეფონების განყოფილებას დახურავს, უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება. ეს გამოწვეულია ამ საბაზრო სეგმენტში არსებული მაღალი კონკურენციითა  და იმ დიდი ზარალით, რაც LG-მ აღნიშნული ბიზნესმიმართულებიდან განიცადა. The Korea Times-ის ინფორმაციით, სწორედ ამ მიზეზით კომპანიის ფინანსურმა დანაკარგმა 2016 წლიდან ჯამში 4,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. 


კვლევითი კომპანია Counterpoint- ის თანახმად, 2020 წლის ბოლოს LG სმარტფონების გლობალური ბაზრის მხოლოდ 2%-ს ფლობდა. ის მკვეთრად ჩამორჩება ისეთ მწარმოებლებს, როგორიცაა Samsung-ი, Huawei, Xiaomi, Apple-ი, Lenovo და ნაკლებად ცნობილ ჩინურ კომპანიებსაც- Oppo, Vivo და Realme. ამავდროულად,  ჯერ კიდევ 2009 წელს, LG მთელ მსოფლიოში სმარტფონის ყველაზე პოპულარულ მწარმოებელთა შორის მესამე იყო და მისი წილი 10% -ს აღემატებოდა. გაყიდვების რეიტინგის კატასტროფული კლების მიუხედავად, LG- მ ბევრი გააკვირვა და სმარტფონების ინდუსტრიის განვითარებას მაინც ცდილობდა.

პირველი ნაბიჯები და კონკურენცია ბაზრის ლეგენდებთან

LG-მ პერსონალური ტელეფონების წარმოების ისტორია შორეულ 1995 წელს, ეგრეთ წოდებული "აგურით" (მომხმარებლები ასე უწოდებდნენ მობილურ ტელეფონებს მათი ზომის გამო) დაიწყო. ახალი ბაზრისთვის ბრძოლა კომპანიას უნდა დაეწყო ისეთ ლეგენდებთან, როგორიცაა Motorola, Siemens-ი და Nokia. მათ პორტატული ტელეფონების წარმოება ათი წლით ადრე დაიწყეს. 1980-იან წლებში სამივე კომპანიამ რამდენიმე მოდელი უკვე გამოუშვა და ამ ბაზარს, ფაქტობრივად, დაეუფლა. 


პირველი CDMA- ტელეფონები LG- მ 1997 წელს გამოუშვა, 2003 წლისთვის კი ის მსოფლიოში ამ სტანდარტის მოწყობილობების მწარმოებელი უდიდესი კომპანია გახდა. აღსანიშნავია, რომ CDMA დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა GSM- თან ერთად,  მობილური კომუნიკაციის ეს სტანდარტი განსაკუთრებით პოპულარული ჩრდილოეთ ამერიკაში იყო. GSM სტანდარტით მომუშავე კომუნიკატორები LG-მ ბაზარზე 2001 წელს წარადგინა.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მობილური ტელეფონების მოდურ აქსესუარად გადაკეთება. LG გახლდათ ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ტრენდი იგრძნო. ამის შედეგად, კომპანიამ დაიწყო სმარტფონების ზოგიერთი მოდელის შემუშავება, რომლებიც ქალებზე იყო გათვლილი. ამ მიმართულებით ერთგვარ გარღვევას წარმოადგენდა 2006 წელს გამოშვებული მოდელი - LG KG800. ეს იყო ელეგანტური სლაიდერი, რომელიც შოკოლადის თხელ ფილას ჰგავდა და მეტსახელად Chocolate-ი შეერქვა. ეს ტელეფონი ძალიან პოპულარული საჩუქარი გახდა ქალებისათვის. KG800-ის  მომხმარებელთა შორის კაცი, პრაქტიკულად არ იყო, მაგრამ ამ მოდელის მყიდველთა 80% -ს სწორედ მამრობითი სქესის წარმომადგენლები შეადგენდნენ. 


2000-იანი წლების ბოლოს LG მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერი იყო. თუმცა ამავდროულად, Apple- მა უკვე გამოუშვა თავისი პირველი iPhone-ი და Google- მა  მობილური ოპერაციული სისტემა Android-ი შექმნა. სწორედ აქედან დაიწყო სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიების ერა.

ანდროიდის ეპოქა და უცნაური ექსპერიმენტები

LG-ს ერთ-ერთი პირველი წარმატებული Android სმარტფონი იყო P500 Optimus One. მისი მახასიათებლები სხვა მწარმოებლების კონკურენტული მოდელებისგან არც ისე განსხვავებული იყო , მაგრამ ფასი, ახლანდელი Xiaomi-ის მსგავსად, შედარებით იაფი - დაახლოებით 350 დოლარი გახლდათ. გაყიდვების დაწყების პირველ თვეს კომპანიამ დაახლოებით მილიონი ტელეფონი გაყიდა, რაც 2010 წელს, როდესაც სმარტფონი გამოვიდა, დიდ წარმატებას ნიშნავდა. Google-თან თანამშრომლობა LG- სთვის მართლაც მნიშვნელოვანი გახდა. სწორედ ამის შედეგი იყო LG Nexus 4 (ის გახდა Google-ის Pixel-ის წინამორბედი). 


LG-სთვის სამწუხაროდ, Nexus 4 ერთადერთი წარმატებული მოდელი იყო, რომელიც Google-თან ერთად შეიქმნა. მომდევნო ორი სმარტფონი, LG Nexus 5 და LG Nexus 5X მასალის ხარისხისა და სხვადასხვა დეფექტის გამო მომხმარებლებმა მწვავედ გააკრიტიკეს. სწორედ აქედან დაიწყო LG- ის დაცემა, რომლის შეცვლასაც კომპანია სხვადასხვა ექსპერიმენტით ცდილობდა. 


LG- ს ბოლო მასშტაბური ექსპერიმენტი იყო მოდელი Wing-ი. ამ სმარტფონს ჰქონდა ორი ეკრანი, რომელთაგან ერთი 90 გრადუსით ბრუნავდა, რის შედეგადაც ტელეფონი ასო "T" - ს ფორმას იღებდა. ახალი პროდუქტის წარდგენისას LG- მ აჩვენა, თუ რამდენად მოსახერხებელია ამ მოწყობილობის გამოყენება მანქანის მართვის დროს: ნავიგატორს შეუძლია მთავარ ეკრანზე იმუშაოს, ხოლო მომხმარებელს შეუძლია დამატებითი მბრუნავი ეკრანი მუსიკალური პლეერის ქვეშ დააყენოს. 


ორი ეკრანის გამო, სმარტფონი მნიშვნელოვნად სქელი აღმოჩნდა, ვიდრე- მისი კონკურენტები და არც გაშლილ ეკრანს გამოუწვევია მომხმარებლებში დიდი აღფრთოვანება. Herald Corporation- ის თანახმად, სამხრეთ კორეაში აღნიშნული მოდელის გამოსვლის დღიდან ორი თვის განმავლობაში LG- მ 50 ათასზე ნაკლები LG Wing- ის გაყიდვა მოახერხა. თუმცა კომპანიას დაახლოებით ორი მილიონი სმარტფონის გაყიდვა ჰქონდა განზრახული. შედარებისთვის, Samsung Galaxy Note 20, რომელიც LG Wing-ს რამდენიმე თვით უსწრებდა, იმავე პერიოდში ათჯერ მეტი რაოდენობით გაიყიდა.

Blackberry, Nokia, Motorola, LG…

LG ნამდვილად არ არის პირველი დიდი კომპანია, რომელმაც სმარტფონების ბაზარზე არსებულ კონკურენციას ვერ გაუძლო. მობილური ტელეფონების ლეგენდარულმა მწარმოებელმა Blackberry-მ, რომელიც 2000-იან წლებში ბიზნესმენებისა და ოფისის თანამშრომლებისთვის საკულტო მოდელებს აწარმოებდა, 2016 წელს სმარტფონების წარმოების სრული შეწყვეტის შესახებ განაცხადა. 


ოდესღაც ბაზრის უალტერნატივო ლიდერმა, ფინურმა კორპორაცია Nokia-მ Android-ის გამოჩენასთან ერთად საკუთარი პოზიციის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა. 


Nokia-ს მობილური ბიზნესი Microsoft– მა 2013 წელს 5,44 მილიარდ ევროდ შეიძინა. ამ გარიგების შემდეგ, ამერიკულმა კორპორაციამ ამ ბრენდზე უარი თქვა და ყველა მის მობილურ მოწყობილობას Microsoft Lumia დაარქვა. თუმცა მოგვიანებით იძულებული გახდა ეს ბიზნესი დაეხურა და Windows Phone OS– ის ახალი ვერსიების გამოშვება შეეწყვიტა (ის Android-თან  დამარცხდა).  ამის შედეგად, ფინურმა ჰოლდინგმა HMD Global-მა 2016 წელს Microsoft-ისგან მობილური ტელეფონის მომაკვდავი ბიზნესი იყიდა და განაგრძო იაფფასიანი სმარტფონების წარმოება Nokia-ს ბრენდით, რომელიც ამჯერად Android-ზე იყო დაფუძნებული. 2020 წლის ბოლოსთვის Nokia-ს სმარტფონების წილი გლობალურ ბაზარზე დაახლოებით 3% -ს შეადგენს. 


არც თუ ისე სახარბიელი ბედი ეწია motorola-საც. 2011 წელს ის იძულებული გახდა გაეყიდა სმარტფონების განყოფილება, რომელიც 2000-იანი წლების ბოლოს მუდმივად ზარალს იწვევდა. ის  Google- მა იყიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ეს ბიზნესი Google-ისგან  იყიდა ჩინურმა კორპორაცია Lenovo- მ, რომელიც ახლა  სმარტფონებს როგორც საკუთარი, ისე Motorola-ს ბრენდით აწარმოებს. თუმცა Lenovo-ს საერთო წილი მობილური სმარტფონების ბაზარზე, Nokia-ს მსგავსად, დაახლოებით 3% შეადგენს. 


ჩაძირული მობილური ბიზნესის გაყიდვას LG-იც შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებდა პოტენციურ მყიდველებთან, რომლებსაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ვიეტნამური კორპორაცია Vingroup-ი და გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი წარმოადგენდნენ. 


ჩინური მწარმოებლების,  Xiaomi-სა და Vivo-ს ბაზარზე ძალიან გააქტიურების გამო, LG- მ  მომხმარებლებისთვის საშუალო და ბიუჯეტური სეგმენტის კონკურენტუნარიანი სმარტფონის შეთავაზება ნამდვილად ვერ შეძლო. პრემიუმ ხაზში კი კომპანიამ ვერ გაუწია კონკურენცია ისეთ ლიდერებს, როგორიცაა Samsung-ი და Apple-ი.


imedinews.ge 



კომენტარები:

ფართი შოპი