სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა

18 Apr 2021 12:38

ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებელი სკოლებში არსებულ ვითარებაზეც აისახა, თუმცა მაქსიმალურად დაცული ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება, - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია.

„კერძოდ, 10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და  სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით  ვირუსი მასწავლებელთა და  სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1 %-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი იმყოფება. ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.


ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 133 პედაგოგია. სამინისტრო განმარტავს, რომ სკოლებში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებში, როგორც წესი, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება.


განათლების სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან დაწესებული ნორმები, რათა მოსწავლეებმა სემესტრი სკოლის შენობაში დაასრულონ.


 imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი