როგორ უნდა „ჩამორეცხოთ“ სავარცხლიდან მავნე ბაქტერიები

18 Apr 2021 20:04

ადამიანის თმის ჯანმრთელობა და სილამაზე არა მარტო ცხოვრების წესზე, კვების რაციონსა და შამპუნის ხარისხზე, არამედ ყოველდღიურად მოხმარებული სავარცხლის სისუფთავეზეც არის დამოკიდებული, ამიტომ, ამ ნივთს სწორად უნდა მოუაროთ. დაგროვილი თმის მოცილება არ არის საკმარისი, სავარცხელი სადეზინფექციო საშუალებებით უნდა გარეცხოთ და სათანადოდ დაამუშავოთ.


სავარცხელზე ჭუჭყსა და მტვერს თმა აგროვებს და თუ ადამიანი თმის მუსებსა და ლაქებს იყენებს, ის კიდევ უფრო მეტად ბინძურდება. თუ სავარცხელს არ გაწმენდთ და ისე მოიხმართ, მან შეიძლება, გამოიწვიოს ქერტლი და ქავილი, თმის ფოლიკულების შესუსტება, კანის დაავადებები, თავის ტკივილი... მასზე ათასობით ბაქტერია გროვდება, ასევე, კანის ცხიმი, რაც რჩება სავარცხლის კბილანებზე და მტვერი. ეს ყოველივე ნეგატიურად აისახება თავის კანზე – იწვევს სიწითლეს, გაღიზიანებას.


იმისათვის, რომ მსგავსი უსიამოვნებები აიცილოთ, აუცილებელია, დაიცვათ ჰიგიენური წესები: სავარცხელი კვირაში ერთხელ აუცილებლად უნდა გაირეცხოს; ვინაიდან, თვეების განმავლობაში, მასზე ბევრი სხვადასხვა ტიპის ბაქტერია გროვდება, რომელიც რეცხვის შედეგადაც კი არ სცილდება, რეკომენდებულია, ძველი სავარცხელი წელიწადში ერთხელ მაინც ახლით შეიცვალოს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში სავარცხელზე კბილანები ცვდება და ჩნდება მიკრობზარები, რაც თავის კანს აზიანებს და თმის ღერის სტრუქტურას არღვევს; 


სანამ სავარცხელს გარეცხავთ, კარგად გაწმინდეთ ის დაგროვილი თმისგან. შემდეგ, მოათავსეთ საპნიან ჯამში და დატოვეთ რამდენიმე წუთით. 

კარგია, თუ საპნიან ჯამში შამპუნსაც დაამატებთ, რადგან, რაც უფრო ბლანტია ხსნარი, უკეთ წმენდს სავარცხელს და სასიამოვნო არომატიც რჩება. შემდგომ, სავარცხელი კარგად გარეცხეთ და, სანამ თმას ჩამოივარცხნით, აცადეთ, გაშრეს. ასეთი წესით დეზინფიცირება და გარეცხვა ყველა ტიპის სავარცხელს უხდება, არ აქვს მნიშვნელობა, ხისგანაა ის დამზადებული, მეტალისგან თუ პლასტმასისგან. თუმცა, ხის სავარცხელი, მალე რომ არ გაფუჭდეს, წყალში დიდი ხნით არ გააჩეროთ;


 საპნის ხსნარი შეგიძლიათ, სოდით ჩაანაცვლოთ – გახსენით 5 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა 1 ლიტრ წყალში, გააჩერეთ სავარცხელი მთელი ღამით, ხოლო დილით გარეცხეთ. სოდა კარგად აცილებს სავარცხელს კანის ცხიმს და ასუფთავებს ზედმეტი ბაქტერიებისგან; ძმარი თმას ბზინვარებას მატებს. ამასთან, სავარცხლის სადეზინფექციოდაც აქტიურად გამოიყენება, აშორებს მტვერსა და კანის ცხიმს. გახსენით 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი 1 ლიტრ წყალში, ჩადეთ მასში სავარცხელი და დატოვეთ რამდენიმე საათით. შემდეგ, საგულდაგულოდ გარეცხეთ წყლით, გააშრეთ და ისე ჩამოივარცხნეთ თმა.


სავარცხელი არის ნივთი, რომელიც ადამიანისგან ენერგიის გარკვეულ ნაწილს იღებს. იმისათვის, რომ ნეგატივი არ დაგროვდეს, სავარცხელი რეგულარულად უნდა გაწმინდოთ. თუ მას ჩანთით ატარებთ, უმჯობესია, მისთვის ცალკე ჯიბე შეარჩიოთ ან ჩადოთ სპეციალურ ბუდეში, სათვალეების მსგავსად.  გაითვალისწინეთ, სავარცხელი თმის მოვლის ინდივიდუალური საშუალებაა და ის სხვებმა არ უნდა გამოიყენონ, მაგალითად, თანამშრომლებმა ან, თუნდაც, მეგობრებმა. ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი სავარცხელი უნდა ჰქონდეს და ეს მხოლოდ ჰიგიენური წესი კი არა, სავალდებულო კანონია.


თბილისელები 




კომენტარები:

ფართი შოპი