პრეზიდენტი მზადაა, გიორგი რურუა გარკვეული პირობებით შეიწყალოს

19 Apr 2021 17:38

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადა, "მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.


შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ თავად გააკეთა.


„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად ოპოზიცია უყენებდა.


ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.


გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.




კომენტარები:

ფართი შოპი