საბა ბუაძე - პრეზიდენტი ძალიან კრიტიკულ და საკვანძო სიტუაციაში პირდაპირ ვაჭრობაში ჩაერთო და პირობები დააყენა

19 Apr 2021 19:32

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ასეთ კრიტიკულ დროსაც ვერ მოახერხა, რომ პოზიტიური როლი შეესრულებინა. ძალიან კრიტიკულ და საკვანძო სიტუაციაში ჩაერთო პირდაპირ ვაჭრობაში და პირობები დააყენა, - ასე შეაფასა პრეზიდენტის განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ.


მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადება სიტუაციას ვერ განმუხტავს.


"მისი როლი უნდა ყოფილიყო პოზიტიური და ადამიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ უნდა მოიცავდეს წინაპირობებს. ეს ნამდვილად ამ კრიზის განმუხტვას ხელს არ უწყობს და პროცესს ართულებს. ჩვენ გამოვიჩინეთ კომპრომისი და ამ პროცესში მოქნილობა. პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სწორედ ამ კომპრომისს უშლის ხელს, როცა ის თავისი როლის შესრულების სანაცვლოდ პირობებს აყენებს", - განაცხადა საბა ბუაძემ.


შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადა, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.


შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.


„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




კომენტარები:

ფართი შოპი