ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია

20 Apr 2021 12:13

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით ტარდება.


დღეს, საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიის ოფიციალური გახსნითი ნაწილია დაგეგმილი, რომელზეც სესიის დელეგატებს სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები.


პლენარული სესიის განხილვის მთავარი თემა იქნება ,,პოსტ-კოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“ რომელზეც საქართველოს მხრიდან, მოხსენებას გააკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. მთავარ თემაზე სპიკერების გამოსვლის დასრულების შემდეგ, ასამბლეის წევრთა მონაწილეობით, დებატები გაიმართება.


სესიის ფარგლებში, უკვე გაიმართა ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები, სადაც  თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული რეზოლუციები განიხილა და მიიღო თითოეულმა კომიტეტმა.


აღსანიშნავია, რომ სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის: „ცხოვრების ხარისხი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და მდგრადი საპენსიო რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ თანა-ავტორია საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი შალვა პაპუაშვილი.


დღეს, 21:00-21:30 საათზე, (საქართველოს დროით) ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ,  ასამბლეის თანა-თავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილის და ანდრიუს კუბილიუსის ონლაინ პრესკონფერენცია გაიმართება.


საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის სასახლიდან, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზიდან, (A ფლიგელი- 307 ოთახი) ონლაინ პლატფორმის საშუალებით,  თვალი ადევნოთ ასამბლეის თანათავმჯდომარეების მიერ გამართულ პრესკონფერენციას, სადაც საშუალება გექნებათ დასვათ თქვეთვის საინტერესო შეკითხვები.

****


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებაა, რომელიც ევროპარლამენტის 60 წევრის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან - 10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. პლენარული სესია ყოველწლიურად მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში იმართება.


კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს, საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში მიმდინარეობს.




კომენტარები:

ფართი შოპი