გივი მიქანაძე: ჩვენ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს

20 Apr 2021 12:23

„სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში მიმდინარე პროცესია, ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს სამოქალაქო ინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებაში - იქნება ეს ხარისხიანი განათლება, სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, ან სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობები“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


დეპუტატმა ასამბლეის წევრებს თემაზე - „ევროპაში ეროვნული უმცირესობების შენარჩუნება“, სიტყვით მიმართა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის დგამს. პარლამენტის წევრმა კოლეგებს შეახსენა, რომ საქართველო მრავალეთნიკური და მულტიკულტურული ქვეყანაა და მოსახლეობის საერთო რაოდენობის 13 %-ზე მეტი (რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების გარდა), ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენს.


„საქართველოს აქვს ტოლერანტულ გარემოში კულტურული მრავალფეროვნების, თანაარსებობისა და განვითარების ტრადიციის შენარჩუნების მრავალსაუკუნოვანი, პოზიტიური გამოცდილება“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.


მისივე თქმით, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ადამიანის უფლებების დაცვას, თანასწორობას საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს ბოლო წლებში შემუშავებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. დეპუტატმა ისაუბრა იმ უნიკალურ ინსტრუმენტებზეც, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისთვის შემუშავდა. მან აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს წვდომა აქვთ მედიაზე, სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებსა და სერვისებზე, მათთან ტარდება რეგულარული შეხვედრები და კარდაკარ კამპანიები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად. საქართველოს პარლამენტის წევრის ინფორმაციით, 2017-2020 წლებში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე სასაუბროდ, 259 სოფელში 331 შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების 7000-ზე მეტი ბენეფიციარი ესწრებოდა. ხოლო COVID 19-ის პრევენციის, ასევე, ლოქდაუნის ზომებისა და რეგულაციების საკითხებზე მასშტაბური ორენოვანი (როგორც სახელმწიფო, ისე მშობლიურ ენებზე) საინფორმაციო კამპანია განხორციელდა.


გივი მიქანაძის განცხადებით, არადისკრიმინაციულ და თანასწორ მოპყრობასთან ერთად, უმცირესობათა უფლებები მოიცავს კულტურათა შენარჩუნებას.


„სახელმწიფო მხარს უჭერს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა თეატრებს, მუზეუმებსა და კულტურულ ცენტრებს, ისევე, როგორც სხვადასხვა კულტურულ აქტივობას, რომელიც „ეთნიკური უმცირესობების კულტურის მხარდაჭერის“ პროგრამის მეშვეობით ხორციელდება და რომლის მიზანიც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების კულტურისა და ტრადიციის, ასევე, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა.




კომენტარები:

ფართი შოპი