ხათუნა სამნიძე - რეალობა არის ის, რომ შეთანხმების გარეშე ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით

20 Apr 2021 15:19

შეთანხმების გარეშე, რეალობა არის ის, რომ ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით. ახლა თავდასხმა ვინმეზე, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არის არასწორი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებისგან,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.


მისი თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ნიკა მელიას გათავისუფლების სანაცვლოდ გირაო იყო შეთავაზებული იმ მიზნით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მყისიერი გათავისუფლება მომხდარიყო და მას, რაც შეიძლება სწრაფად მოეწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტზე. თუმცა, სამნიძის თქმით, ეს თავად მელიას გადასაწყვეტია და თუ ის გირაოზე უარს აცხადებს, გათავისუფლდება ამნისტიის კანონით, რომელის ინიცირებაც პარლამენტში უნდა მოხდეს.


„გირაო იყო შემოთავაზებული იმიტომ, რომ ეს მყისიერად გაათავისუფლებდა ნიკა მელიას და ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მათ სურდათ, რომ ხელმოწერა შეეძლოს ნიკა მელიას მალე. ახლაც დოკუმენტი ღიაა, ახლაც ველოდებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რადგან მათ პირობა დააყენეს, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და მყისიერად გამოსვლის შესაძლებლობა იყო ევროპელების მხრიდან გადახდილი გირაო - ისინი თვლიან, რომ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ და ამას სთავაზობენ მთელს ოპოზიციას, არა მარტო ნიკა მელიას, მაგრამ აქვე ხაზს უსვამენ, რომ ეს არის პირადი ნება და მისი გადაწყვეტილება, თუ მან არ მიიღო გადახდის შემოთავაზება, რა თქმა უნდა, რჩება ამნისტიის საკითხი, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, იხდიან თუ არა გირაოს. ამნისტიის კანონით ის თავისუფლდება. მუხლებზე შეთანხმებული არ ვართ, ეს არის სერიოზული საკითხი და სამუშაო, ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, საკმაოდ რთული და მძიმე ნაწილია ამ დოკუმენტში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რა იყო სასწორზე, რისთვის უნდა მიგვეღწია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ჩაუდგეს სათავეში საკუთარ პარტიას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი ხელმოწერილი იყოს მისი მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ახლა თავდასხმები ვინმეზე, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არის არასწორი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან, მიუხედავად მათი იმედგაცრუებისა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების გარეშე, რეალობა არის ის, რომ ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით. მესმის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დაპატიმრებებით და ასეთი უკანონობებით ებრძვის ოპოზიციას, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით გამოვიყვანოთ პოლიტპატიმრები თავისუფლებაზე,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი