სახალხო დამცველი ნიკა მელიას ხვდება

20 Apr 2021 20:03

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას ხვდება. როგორც სახალხო დამცველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ნიკა მელიას გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის გირაოს გადახდის გარეშე.


„ვაპირებ ნიკა მელიას მონახულებას. უბრალოდ მინდა მასთან საუბარი. ვისაუბრებთ დღევანდელ შექმნილ ვითარებაზე. ვნახოთ, როგორ წავა საუბარი. იცით, რომ პირველ დღეს ვნახე ნიკა აქ, ციხეში და როდესაც დღეს მისი გათავისუფლების გზებზეა საუბარი, მინდა ვესაუბრო და მისი აზრი გავიგო. მე ვერავისზე ზემოქმედებას ვერ მოვახდენ, ყველას თავისი მოსაზრება აქვს და სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში. მოვისმენ მის აზრს, შევაფასებ მის მდგომარეობას.


რაც შეეხება მის გათავისუფლებას, ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული. თავად პროკურატურას შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია ის მუხლიც გამოიყენოს, რომელზეც ჩემი მოადგილე საუბრობდა დღეს - სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლი და საერთოდ შეწყვიტოს დევნა შეცვლილი გარემოებების, ახალი გარემოებების და საჭიროებების გამო. ბევრი ვარიანტი არსებობს. მე ვერ გეტყვით როგორ აპირებს ხელისუფლება აღასრულოს ამ შეთანხმების პუნქტი. თუმცა, ბევრი საშუალება არსებობს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება მოხდეს. პოლიტიკურ სიღრმეებში და მსჯელობებში ვერ შევალ. მართალია, მოხდა პოლიტიკური შეთანხმება და მეც მივესალმე, რადგან მიმაჩნია, რომ სწორი იყო ეს შექმნილ ვითარებაში, თუმცა, ამნისტიის აქტთან დაკავშირებით გვექნება გარკვეული შეკითხვები. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე ამნისტიის შეხება იმ ადამიანებზე, რომლებიც არასათანადო მოპყრობაში შეიძლება იყვნენ ბრალდებულები და ჩვენ განვიხილეთ აქციის ძალადობრივი მეთოდით დასჯა სწორედ ამ ჭრილში, ეს შეიძლება იყოს პრობლემატური. გააჩნია, ამნისტია რა მუხლებს შეეხება. თუ შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც რეგულირდება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საკითხები, ამ შემთხვევაში იქნება წინააღმდეგობაში მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან. თუმცა, წინასწარ არ გავაკეთებ შეფასებებს, რადგან არ ვიცი, რა ტიპის შეთანხმების აქტის მიღება იგეგმება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი