ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოში კრიზისი სრულდება - იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია მალე თავისუფალი იქნება

21 Apr 2021 00:57

იმედი, მაქვს რომ ნიკა მელია მალე თავისუფალი იქნება ,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ხომ არ იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ხელისშემშლელი ფაქტორი ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ჯერ კიდევ საპატიმროში რჩება.


კუბილიუსის განმარტებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ როგორ მოხდება იმ დოკუმენტის იმპლემენტაცია, რომელიც შარლ მიშელმა წარმოადგინა და რომელზე პოლიტიკურ პარტიათა ნაწილმა ხელი უკვე მოაწერა.


ამასთანავე, მან მიულოცა პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევა და განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისი სრულდება საქართველოში.


„მე მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებას - კრიზისი სრულდება ქვეყანაში. მე მინდა შევაქო მმართველი პარტია, მინდა, ასევე, შევაქო ოპოზიცია, რომელიც იღებს ბოლო გადაწყვეტილებებს და ასევე, მინდა შევაქო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მისი ლიდერობისთვის. მე ვამბობ ხოლმე, რომ კარგი იქნება შარლ მიშელის ლიდერობის სტილის შემუშავება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პრობლემებისა და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისთვის.


რა თქმა უნდა, საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს თვალს ვადევნებ, თუმცა არ ვიცი დეტალურად მოვლენების დინამიკა. ვიმედოვნებ, რომ ხვალ და ზეგ გახდება ცნობილი მეტი დეტალი თუ როგორ მოხდება მიღებული შთანხმების იმპლემენტაცია. როგორც ვიცი, ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე მოაწერეს ხელი შეთანხმებას. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია მალე თავისუფალი იქნება“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.




კომენტარები:

ფართი შოპი