ინფექციის უსიმპტომოდ გადატანის წილი ძალიან დიდია - ბიძინა კულუმბეგოვი

21 Apr 2021 16:14

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დედაქალაქში, კორონავირუსის ინფექციის უსიმპტომოდ გადატანის წილი ძალიან დიდია.


როგორც მან განაცხადა, მისთვის სარწმუნოა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის თანახმადაც, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს COVID-19 გადატანილი აქვს.


„ჩვენს ქვეყანაში, ერთი ოჯახის წევრი ავად რომ გახდება, დანარჩენი აღარ იკეთებს სინჯს - „რა აზრი აქვს, იგივე მექნება“. რეალურად ასეა, ადამიანების 40% უსიმპტომო მატარებელია, თვითონაც ვერ ხვდებიან, რომ ინფექცია გადაიტანეს. მთელ მსოფლიოშიც ასეა. ცოტა განსხვავდება, სადღაც 1% არის გადატანილთა რაოდენობა, სადღაც კი 23 %. განსხვავებულია რეგიონების, სიმჭიდროვის მიხედვით, როგორია ესა თუ ის ქალაქი.


რეალურად, ჩვენს შემთხვევაში, თუ 300 ათასი ადამიანი გვყავს ინფიცირებული, ძალიან ლოგიკურია, რომ დაახლოებით 2.5-3-ჯერ მეტი იყოს რეალური ციფრი. საქართველოს მოსახლეობა 3.5 მილიონია, 300 ათასს თუ გავამრავლებთ სამზე, 900 ათასიდან მილიონამდე გამოდის.


პოპულაციური იმუნიტეტის შემთხვევაში კი საჭიროა იმუნური ფენა მოსახლეობაში 75%-დან-80%-მდე იყოს. ასევე, „ბრიტანული შტამი“ სწრაფად ვრცელდება და მარტივად გადამდებია, ასეთ ადვილად გადამდებ ვირუსს რომ გაუძლოს და შეწყდეს საზოგადოებაში გავრცელება, თითქმის 80%-იანი იმუნიტეტი უნდა იყოს. ჩვენ რეალურად, ამისგან ძალიან შორს ვართ. ჩვენი მოსახლეობის 70% ინფექციის ადვილად მიმღებია. პოპულაციურ იმუნიტეტამდე ჯერ კიდევ შორს ვართ.


რეგიონების მიხედვით რომ შევხედოთ, რეალურად თბილისი ყველაზე მეტად დაზარალდა. სრულიად ლოგიკურია, რომ ინფექციის უსიმპტომოდ გადატანის წილი ძალიან დიდია “,-აცხადებს კულუმბეგოვი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.




კომენტარები:

ფართი შოპი