კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით 58 პირის კუთვნილი 73 628 ლარის დაუფლების საქმეზე ბრალდებულებს 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

23 Apr 2021 13:07

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევების და ქურდობის ფაქტებზე ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.


ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ქურდობის, რამაც მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ბრალდებულები ა.ს და ნ.ს. დამნაშავედ ცნო.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აპრილიდან 21 ივნისის ჩათვლით ა.ს და ნ.ს. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, ეტაპობრივად დაეუფლნენ 58 დაზარალებულის 73 628 ლარს. უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით კი, აღნიშნული თანხა შპს ,,იმანი ჯორჯიას“ ელექტრონულ საფულეებზე გადარიცხეს და ეტაპობრივად შეიძინეს სულ 41 601 ლარის ოდენობის კრიპტოვალუტა ,,ბიტკოინი“, რითაც შენიღბეს თანხის უკანონო წარმოშობა, დანაშაულებრივად დაუფლებულ თანხას მისცეს კანონიერი სახე და დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს.


სამართალდამცავებმა ა.ს. და ნ.ს. 2020 წლის 16 ივლისს დააკავეს, და მათ პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების პროცესში, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ჯგუფურად), 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ს და ნ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ორივე ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ასევე მათ ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.



კომენტარები:

ფართი შოპი