ჩამონათვალი - რის გამო დაიბლოკებით "ფეისბუქზე"

27 Apr 2018 13:26

ბოლო პერიოდში Facebook-მა აქტიურად დაიწყო მომხმარებლებისათვის თავის შიდა წესებზე ინფორმაციის გაზიარება. სავარაუდოდ, ეს არის პასუხი კრიტიკაზე, რომლის ობიექტიც გახდა კომპანია მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ. 24 აპრილს სოცქსელის ადმინისტრაციამ დეტალურად განმარტა, მომხმარებლების რომელი პოსტები შეიძლება დაბლოკოს.


- წესებში გამოყოფილია აკრძალული თხუთმეტამდე კატეგორია. ძალიან მოკლედ, ფეისბუკზე აკრძალულია: პორნო; ტერორიზმი და დანაშაულები; ძალადობა; ნარკოტიკები; საავტორო უფლებების დარღვევა; სიძულვილის გაღვივება და ჩაგვრა. კომპანიამ დეტალურად აღწერა ის თუ რა მიიჩნევა დარღვევად. მაგალითად, თქვენ შეიძლება დაგბლოკონ პორნოგრაფიისათვის, თუ გამოაქვეყნებთ „სექსუალური ხასიათის ქმედებების გამოსახულებას და ზრდასრული ადამიანების შიშველ სხეულებს“. აქ შედის როგორც სასქესო ორგანოების და სქესობრივი აქტის გამოსახულებები, ასევე „ფეტიშისტური კონტენტი“ ძალადობის სცენებისა და ადამიანის სხეულის გამოყოფილი ნაწილების გამოსახულებებით.


- ქალის შიშველი მკერდის გამოსახულების გამოქვეყნება არ შეიძლება. „ფეისბუკი“ ამას ყოველთვის ებრძოდა და ამ მხრივ პოლიტიკა არ შეუცვლია, თუმცა განმარტა, რომ სოციალურ ქსელში არ შეიძლება შიშველი მკერდის გამოსახულების გამოქვეყნება თუ კონტექსტი არ არის: ბავშვის ძუძუთი კვება, მშობიარობა, დაავადებები და საპროტესტო აქციები. არ შეიძლება „ფეისბუკზე“ მსხვილი პლანით შიშველი საჯდომის ფოტოების გამოქვეყნებაც, ერთი გამონაკლისის გარდა: თუ ეს საჯდომი „მიფოტოშოფებული“ არ არის ცნობილი ადამიანის ფოტოზე. მაგრამ წესებში მაგალითი მოყვანილი არ არის.


- ნახატების, ქანდაკებებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების გამოქვეყნებას, რომლებიც შიშველ ნატურას ასახავს, სოცქსელის ადმინისტრაცია არ კრძალავს. ზოგადად, „ფეისბუკი“ გამონაკლისს უშვებს ისეთი პოსტებისა და სურათებისათვის, რომლებიც გამოქვეყნებულია იუმორისტულ კონტექსტში, ასევე საგანმანათლებლო ან სამეცნიერო მიზნებით. ამიტომ მაგალითად,  ვენერა მილოსელის გამოსახულებას არ დაბლოკავს.


-  რაც შეეხება სექსუალური შინაარსის ტექსტს (თუნდაც ფოტოს გარეშე), მომხმარებლისთვის ნებადართულია სექსუალური აღგზნების ან სქესობრივი აქტის ხსენება, მაგრამ ღია ფრაზების წერა დეტალების აღწერით, აკრძალულია.


- „ფეისბუკზე“ აკრძალულია თვითმკვლელობის და თვითდაზიანების პროპაგანდა, ასევე უფროსების, ბავშვების და ცხოველების სექსუალური ექსპლუატაციის პოპულარიზაცია, მათ შორის ადევნების დემონსტრირება და ზოოფილია. ასევე მომხმარებელს არ აქვს რეალური ადამიანების ან ცხოველების დამცირებით და ტანჯვით კმაყოფილების აღწერისუფლება; არ შეიძლება სასტიკი ვიდეოების გამოქვეყნება, რომელშიც მომაკვდავი ან უკვე გარდაცვლილი ადამიანები ჩანან (ლაპარაკია კადრებზე, რომელიც ასახავს დანაწევრებას, შიდა ორგანოებს, დამწვარ ადამიანებს ან კანიბალიზმის მსხვეპლებს). ასეთი სცენის მხოლოდ ფოტოების გამოქვეყნება შეიძლება, მაგრამ სოციალური ქსელი მას მხოლოდ სრულწლოვან მომხმარებლებს გამოუჩენს.


- „ფეისბუკი“ უკრძალავს გვერდების მართვას ტერორისტულ და დანაშაულებრივ ორგანიზაციებს, ასევე მასობრივ და სერიულ მკვლელებს. სოციალურ ქსელში არ შეიძლება ამ ტიპის ორგანიზაციების და მათი ქმედებების ქება, მათი სიმბოლოების გამოქვეყნება თუ ეს ნეიტრალური ან დამგმობი კონტექსტი არ არის. „ფეისბუკი“ უკრძალავს ასევე მომხმარებლებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების აღწერას. კერძოდ, კომპანია ითხოვს არ წეროთ ის თუ როგორ მიაყენეთ ფიზიკური ზიანი ადამიანებს, ეწეოდით ბრაკონიერობას ან ცხოველების ცემის ორგანიზებას. არ შეიძლება ასევე მსგავსი ქმედებებისკენ მოწოდება; აკრძალულია „ფეისბუკის“ საშუალებით ნარკოტიკებით ვაჭრობა.


- „ფეისბუკზე“ აკრძალული ინფორმაციის ყველაზე რთული კატეგორიაა „შუღლის გაღვივება“. სოციალური ქსელი ამ კატეგორიას მიაკუთვნებს ადამიანის ღირსების შემლახავ აგრესიულ და დამცინავ გამონათქვამებს, ასევე იმის მტკიცებას, რომ ადამიანთა ესა თუ ის ჯგუფი არასრულფასოვანია. კომპანიას ინსტრუქციაში მაგალითებიც მოჰყავს:


არ შეიძლება ადამიანის შედარება ჭუჭყთან, ფეკალიებთან, დაავადებებთან და ბაქტერიებთან;

არ შეიძლება მათი შედარება ცხოველებთან, რომლებიც „ამ კულტურაში ინტელექტუალური და ფიზიკური თვალსაზრისით უფრო დაბალგანვითარებულ არსებებად მიიჩნევიან“;

არ შეიძლება მტკიცება, რომ ადამიანი ფიზიკურად, გონებრივად ან მორალურად არასრულფასოვანია: „დეფექტური“, „მახინჯი“, „განუვითარებელი“, „იდიოტი“, „თაღლითი“, “მეძავი“;

არ შეიძლება ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ ზიზღის გამოხატვა სიტყვებით „მძულს“, „მეზიზღება“, „ვერ ვიტან“, „არ მიყვარს“;


არ შეიძლება ასევე


ცალკეული ადამიანების ან ჯგუფის მიმართ ძალადობის მოწოდებების და რეალურ მუქარების გამოქვეყნება;

ადამიანების აბუჩად აგდება და ჩაგვრა, მათ შორის ადამიანების სექსუალურ ცხოვრებაზე წერა და მათი გარეგნობის დაცინვით აღწერა;

ადამიანის დაცინვა დაავადებების, ტრავმების ან სიკვდილის გამო.


იმავდროულად „ფეისბუკში“ აცხადებენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია კონტექსტზე; თუ თქვენ მხოლოდ ხუმრობთ, მაგალითად რაიმე საწყენი სიტყვით მოიხსენიებთ საკუთარ თავს, ამისთვის არ დაბლოკავენ.


- წესები არ იცავს „ზიზღის სიტყვიერი გამოხატვისაგან“ ადამიანებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ძალადობრივი დანაშაულები ან დანაშაულები სექსუალურ ნიადაგზე. მაგალითად, ჰიტლერის გალანძღვისათვის, არავინ დაგბლოკავთ.


- არ შეიძლება ადამიანის გალანძღვა არც პირად მიმოწერაში. წესები კრძალავს ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნას. მეტიც, ადამიანს რომელსაც თქვენთან კომუნიკაცია არ სურს, არც უნდა დაუკავშირდეთ. რადგან თუ მან გიჩივლათ, შეიძლება ყველაფერი ცუდად დასრულდეს.


რაც შეეხება იმას, თუ ვინ წყვეტს რა უნდა დაიბლოკოს და რა - არა, დარღვევების ნაწილს თვალს ადევნებენ რობოტები, მაგალითად „სპამს“ და პუბლიკაციებს, რომლებიც ტერორიზმის პროპაგანდაა, თავად რობოტები შლიან. ხოლო პოსტებს, რომლებიც სხვა წესებს არღვევენ, მათ შორის „აღვივებენ შუღლს“, რობოტები მხოლოდ პოულობენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი იღებენ მოდერატორები.


Facebook-ში აცხადებენ, რომ კომპანიაში 7500 კონტენტ-რეცენზენტი მუშაობს, რომლებმაც 40 ენა იციან. სწორედ მათთან ხვდება რიგითი მოხმარებლების საჩივრებიც.


კომენტარები:

ფართი შოპი