რა სიგნალებს გვიგზავნის სამყარო, თუ ჩვენთვის განკუთვნილ ცხოვრების გზას ავცდით და რას ნიშნავს მუდმივად არეულ-დარეული სივრცე ჩვენ გარშემო

23 Apr 2021 22:05

ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ვიცით კი, სწორია თუ არა ეს არჩევანი? გზა, რომელსაც დაადექით, დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ, თუმცა თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებას აირჩიეთ იქ მისასვლელად. ზოგჯერ გზაში შეიძლება დაიკარგოთ კიდეც, ან მის რომელიღაც მონაკვეთზე ისე „გაეჩხიროთ“, ვეღარ გადაწყვიტოთ, საით წახვიდეთ. თუ არასწორ გზას ადგახართ - ყოყმანობთ ან დისკომფორტი გეწყებათ, სამყარო აუცილებლად გამოგიგზავნით სიგნალს სხვადასხვა მინიშნების სახით. თუ რა მინიშნებებზეა ლაპარაკი, ან რა უნდა გაითვალისწინოთ სამყაროსგან მიღებული სიგნალის პასუხად, სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი გელა ჯ.

- რა დროს და რა სახით იღებს ადამიანი სამყაროსგან სიგნალს?

- სხვადასხვანაირად. შეიძლება ეს იყოს ფიზიკური დაზიანება - მაგალითად, მოულოდნელად თითი გაიჭერით ან ინსტიქტურად იდაყვი ჩამოჰკარით რამეს? - ეს ტიპური სიგნალია სამყაროსგან. ამ დროს აუცილებლად შეჩერდით და დაფიქრდით იმაზე, თუ რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რადგან, გამორიცხული არ არის, ვერ ამჩნევდეთ, სად არის ჭეშმარიტება შექმნილ სიტუაციაში. ამიტომ, ყველაფერს ყურადღებით დააკვირდით და სათანადოდ შეაფასეთ. ერთმნიშვნელოვნად სამყაროს სიგნალია ასევე, თუნდაც ჩვევა, როცა ყველგან და ყოველთვის გაგვიანდებათ. ამისთვის მიზეზი კი არასდროს გელევათ: იქნება ეს გაუთავებელი საცობები თუ დროის ათვლისა და შეგრძნების დაკარგვა. ნებისმიერი დაგვიანება იმის მანიშნებელია, რომ, მართალია, თავს ძალას კი ატანთ, მაგრამ მაინც ვერაფრით ახერხებთ, მოექცეთ სისტემურ ქმედებათა ჩარჩოში. როცა ცხოვრების დინების სინქრონულად მოძრაობთ, ყველაფერს ასწრებთ. მაგრამ როგორც კი ეს სინქრონი დაირღვევა, თქვენს ცხოვრებაში დროის პრობლემები იჭრება.

- ესე იგი, სამყაროს სიგნალი შეიძლება ვიგრძნოთ ფიზიკურადაც, ან გამოიხატოს ჩვევისა თუ რაიმე კონკრეტული ქმედების სახით?

- დიახ. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს გულმავიწყობა - როცა რეგულარულად რაღაც გავიწყდებათ ან ნივთებს კარგავთ - ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოიკრიბოთ გონება და სანამ გზას განაგრძობთ, მიწაზე დაეშვათ. გულმავიწყობა - ეს მკაფიო სიგნალია იმისა, რომ მაქსიმალურად უნდა მოახდინოთ კონცენტრირება დასახულ გეგმებზე. ბევრია ისეთი, სულ რაღაც რომ უფუჭდება ან მუდმივად ნივთები უვარდება ხელიდან. ეს მიგანიშნებთ, რომ დესტრუქციული გზით მიდიხართ - როცა თავადვე ბლოკავთ საკუთარ წარმატებას ან იგნორირებას უკეთებთ სრულიად რეალურ მიღწევას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მოიხსნათ კონტროლი და სამყაროს ნებას დაჰყვეთ - ყველაფერი მიიღეთ ისეთი, როგორიც არის და ნუ ეცდებით გარემომცველი სამყაროს გადაკეთებას. ეს განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როცა თქვენს საქმეებსა და ცხოვრებაში აშკარა უძრაობაა. არეულ-დარეული სივრცე კი თქვენ გარშემო, როცა მუდმივად ალაგებთ, მაგრამ უწესრიგობა მაინც არ ქრება - ესეც სიგნალია! სიგნალი იმისა, რომ ვერ ამჩნევთ ნივთების რეალურ მდგომარეობას და არ გინდათ, თქვენს ქვეცნობიერში ჩაკირული წარსულისგან გათავისუფლება.

- მინიშნება შეიძლება, ჯანმრთელობის ან სულიერი მდგომარეობის ცვლილებითაც გამოიხატოს?

- მაგალითად, როცა ხშირად ავადმყოფობთ - გამუდმებით ებრძვით ინფექციებს და თავს ვერა და ვერ აღწევთ გაციებას, დროა, შეჩერდეთ და დაფიქრდეთ, საით მიემართებით. შეიძლება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც იღებთ, მაგრამ ეს თქვენ კი არ გეკუთვნით, სხვისი ნაკარნახევი ან გარედანაა თავს მოხვეული. ავადმყოფობის რეციდივი ხმამაღლა გეუბნებათ, რომ დროა, შეცვალოთ ცხოვრების რიტმი და სტილი. არის მდგომარეობა, როცა არ გინდა ცვლილებები - არ ცდილობ, იფიქრო ან ხმამაღლა თქვა ის, რაც გაწუხებს? - ამ დროს თქვენ, უბრალოდ, გამეტებით ცდილობთ, თავი ქვიშაში ჩამალოთ და საკუთარ ფიქრებში ჩაიძიროთ... და იცით, რატომ? - ინტუიციურად, თქვენს კითხვებზე პასუხს გაურბიხართ. შეიძლება, იცით, რაც უნდა გააკეთოთ, მაგრამ ზომების მიღების გეშინიათ. ზოგჯერ სამუშაოს შესრულების პრობლემები იქმნება - როცა შთაგონებით იწყებთ სამუშაო პროექტს, შემდეგ კი ძალა აღარ გყოფნით, რომ დაამთავროთ. ამით სამყარო სიგნალს გიგზავნით, რომ საჭიროა, აღიდგინოთ სულიერი ბალანსი და მოძებნოთ მოტივაცია. ანდა, შეიძლება პროექტი, რომელსაც შეეჭიდეთ და მოვალეობები, რაც გაკისრიათ, სინამდვილეში, არ არის სათქვენო: არჩეულ გეზსა და დანიშნულებას არ ემთხვევა.

- შფოთვა, სტრესი, მოწყენილობა - ესეც სიგნალია სამყაროსგან?

- შფოთვა და მუდმივი სტრესი - როცა ყოველი დღე იწყება განგაშის შეგრძნებით და ადგილს ვეღარ პოულობთ, შეიძლება ამას ობიექტური ახსნა ჰქონდეს, მაგრამ თუ არა და არ გადაგიარათ, ეძებეთ ჭეშმარიტი მიზეზი. განგაში და სტრესი შეიძლება, იყოს სიგნალი იმისა, რომ აუცილებელია ცხოვრების კორექცია. მაგრამ, ცხოვრება თუ მოსაწყენად გეჩვენებათ და მისმა მონოტონურობამ დაგღალათ, ეს გამოხატული ნიშანია იმისა, რომ თქვენს პოტენციალს სრულად არ იყენებთ. ცხოვრება წარმტაცია და სავსეა უამრავი შანსითა და შესაძლებლობით, ამიტომ არ გაქვთ მოწყენილობის მიზეზი. სევდა გეუფლება მხოლოდ მაშინ, თუ რობოტივით ცხოვრობ და მუშაობ, სრულიად დაცლილი ხარ გრძნობების, ემოციებისა და სურვილებისგან.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი