მოსეს ნაკვალევზე - ეგვიპტური არდადეგები წმინდა მიწაზე

24 Apr 2021 10:18

ეგვიპტე, შარმ ელ-შეიხი. 2014 წელი, 19-25 იანვარი. საინფორმაციო ჯგუფი სასტუმრო DESSOLE  Pyramisa-დან გამოვდივართ და სინას მთის მიმართულებით გავდივართ.


ავტობუსით სამი საათის სავალი გზაა. ჩვენი გიდის რჩევით, თბილად ჩავიცვით. მთის სიმაღლე 2300 მეტრია, ტემპერატურა - ძალიან დაბალი. მთაზე ასვლას განსაკუთრებული სულიერი და ფიზიკური მომზადება სჭირდება.


მთის მწვერვალამდე 7 კილომეტრია. ბიბლიის მიხედვით, ღმერთი სინას მთაზე გამოეცხადა მოსეს, რომელსაც ისრაელის ხალხი ეგვიპტიდან აღთქმული მიწებისკენ მოჰყავდა და ათი მცნება გადასცა. ბილიკს მოსეს ნაკვალევზე დავადექით.







სინას მთა სინანულის ადგილია. ამბობენ, ვინც მასზე ფეხით ავა და იქ განთიადს შეხვდება, ყველაზე დიდი მადლიაო. უკუნი ღამის ყველაზე რთულ ბილიკს შეუპოვრად მივყვებით და უკან არ ვიხედებით. ამისთვის ორი მიზეზი გვაქვს: ბედუინების შიში და რადაც უნდა დაგვიჯდეს, 6:00 საათზე წმინდა მთის მწვერვალზე უნდა ვიყოთ.




მწვერვალზე მისვლამდე უნდა ავიაროთ "მონანიების კიბე", კიბე 750 საფეხურით. ყველაზე მეტად ამ საფეხურების ავლა მიჭირს. ასე მგონია, ყოველი ნაბიჯი უკანასკნელია, მაგრამ მთავარი ეშხი მაინც ვაჟკაცობის შენარჩუნებაშია. თვალწინ ვაცოცხლებ ქრისტეს ცხოვრების ისტორიას, რამდენ ტანჯვას გაუძლო ჩვენი ცოდვების გამო და მე ერთი, უსუსური არსება ვდგავარ გზაზე, რომელიც ჩემი ცხოვრების მხოლოდ აუხდენელი ოცნება მეგონა და დაღლასა და შიშზე ვფიქრობ.


ზუსტად ამ გზაზე ათასწლეულების წინ მოსე მოაბიჯებდა და შესაძლოა, სწორედ იმ ქვაზე ჩამოჯდა დასასვენებლად, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ მე ჩამოვჯექი. მოსემ 40 წელი იარა უდაბნოში, რომ აღთქმულ მიწამდე მიეღწია, მე კი მეორმოცე წუთზე მგონია, რომ დაღლისა და მუხლების ტკივილისგან გული გამიჩერდება.


სინას მთამდე გზა უდაბნოში გადის. ზღვა, უდაბნო, უკიდეგანო სივრცეები და მთები... მთის ძირიდან მწვერვალამდე ბედუინების 11 საცხოვრისი გვხვდება.


მცირე ხნით მათ მეთერთმეტე სადგომში დავბინავდით. ყველა ადგილი დაკავებულია. საცხოვრისში ძალიან თბილა. ზოგი პლედშია გახვეული, ზოგიც კლდის პირას ზის, ერთმანეთს ჩახუტებულები და ფოტოაპარატებით შეიარაღებულები.



06:15 წუთი. არც დაღლას ვგრძნობ და არც შიშს. ან რა იყო გზა, რომელიც გამოვიარე, ეს არის წარმოუდგენელი წამები.


ჩემთან ერთად ასობით ტურისტის მზერა მზის ამოსვლის მოლოდინში აღმოსავლეთისკენ არის მიმართული.


მზე ამოვიდა! ეს იყო ყველაზე განსხვავებული, განსაკუთრებული და ლამაზი აისი ჩემს ცხოვრებაში. აღტაცების შეძახილებით და ტაშით შევხვდით ამ დაუვიწყარ სანახაობას.


სურვილები ჩავიფიქრეთ, კლდის მწვერვალზე პატარა სამლოცველო მოვილოცეთ, იქვე მდებარე მეჩეთში მომლოცველებსაც შევავლეთ თვალი. სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ და მთის ძირისაკენ დავეშვით, სადაც წმინდა ეკატერინეს მონასტერი გველოდებოდა.


წმ. ეკატერინეს მონასტერი სინას მთის ძირში მდებარეობს. იგი მე-6 საუკუნეშია აშენებული. მონაზვნებმა მოღვაწეობა კი იქ უფრო ადრე დაიწყეს. წმ. ელენე დედოფალს სთხოვეს, პატარა სამლოცველო აეშენებინა. იუსტინე დიდმა კი მე-6 საუკუნეში მონასტერს გალავანი შემოავლო.


გალავნის შიგნით უამრავი ნაგებობა და გასასვლელია, ეკლესია კი მონასტრის სიღრმეშია.


ეკლესიის ჭერი უამრავი კანდელითა და სანთლებიანი ჭაღითაა სავსე.


მსახურების ბოლოს ეკლესიაში ორ ვერცხლის ლუსკუმაში მოთავსებული წმ. ეკატერინეს უხრწნელი ხელის მტევანი და თავის ქალა გამოაბრძანეს. ჩვენ წმინდა ნაწილები მოვილოცეთ.


დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული, თავისი სილამაზით, სიბრძნითა და განათლებით იყო ცნობილი. წმინდა ეკატერინემ ქრისტიანობაზე 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმის გამო, იმპერატორ მაქსიმინის ბრძანებით, მას თავი მოჰკვეთეს. წმ. მოწამეს წმინდა ნაწილებს VI საუკუნეში, ზეციური გამოცხადებით, სინას მთაზე მიაკვლიეს.


ცნობილია, რომ წმ. ეკატერინეს სიზმარში უფალმა ბეჭედი უბოძა, რომელიც გამოღვიძების შემდეგ ხელზე ეკეთა. ამის ნიშნად, ბერები მონასტერში მისულებს ბეჭედს ჩუქნიან. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. წმინდა ეკატერინეს ტაძარში ნაჩუქარ ვერცხლის ბეჭედს დღეს უკვე მეც მოწიწებით და სიამაყით ვატარებ.



ეკლესიიდან გასულებმა ის შეუწველი მაყვლის ბუჩქიც ვნახეთ, რომელშიც წმ. მოსეს ღმერთი გამოეცხადა.















აქვეა მოსეს ჭაც, რომელიც მან უდაბნოში ხეტიალისას მოულოდნელად აღმოაჩინა. თუმცა ჭა დახურულია.











ეს იყო ჩემი ეგვიპტური არდადეგების ბოლო ორი დღის ყველაზე ლამაზი გაელვება.


სასტუმროში დავბრუნდი. ნომერში სასტუმროს მენეჯერისგან სამახსოვრო ბარათი და საჩუქარი დამხვდა. ბარგი ჩავალაგე. ბოლო საპატიო ვახშამზე მიგვიპატიჟეს და 19:30 საათზე სასტუმრო Dessole Pyramisa-ს მენეჯერებმა აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გამოგვაცილეს. თბილისში ტურისტული კომპანია Pegas Touristik-ის ჩარტერული რეისით გამოვფრინდით, რომელმაც დაუვიწყარი ეგვიპტური არდადეგები მოგვიწყო.


აქ დასრულდა ჩემი, როგორც რიგითი ტურისტის უდაბნოს დედოფლად და ქვიშის მბრძანებლად გარდაქმნის ერთკვირიანი ლამაზი ისტორია.


მარაო














კომენტარები:

ფართი შოპი