როგორ გამოიყურება დღევანდელი საუკეთესო სმარტფონების პირველი ვერსიები?

24 Apr 2021 13:45

პირველი თაობის iPhone კომპანია Apple-მა 2007 წლის იანვარში დააანონსა და აშშ-ში ივნისში გამოვიდა. მასზე მუშაობა 2005 წელს სრულიად გასაიდუმლოებულად დაიწყო. კომპანიამ, ფაქტობრივად, სმარტფონების რევოლუცია მოახდინა, რადგან ფიზიკური ღილაკების უმეტესობა ტელეფონიდან ამოიღო და მთლიანად სენსორული გახადა. iPhone-ის პრეზენტაციისას ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ ის მომენტია, როდესაც სტივ ჯობსი აუდიტორიას აჩვენებს, როგორ უნდა „სქროლვა“ ტელეფონში და ხალხიც აღტაცებული უკრავს ტაშს. მისი საწყისი ფასი $499 იყო.


2008 წლის ივნისში მისი შთამომავალი სმარტფონი iPhone 3G გამოვიდა. 12 წლისა და 28 მოდელის შემდეგ კი, 2020 წელს, iPhone 12 Pro Max გამოვიდა. მას 5G მობილური ინტერნეტის მხარდაჭერა აქვს. LiDAR სენსორის გარდა, ახალ სმარტფონში ProRAW ფუნქციასაც შეხვდებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მაღალი ხარისხის 12-ბიტიანი ფოტო გადაიღოთ. ამ მოდელებში პირველად გამოჩნდა MagSafe უსადენო დამუხტვის ფუნქციაც. ამჟამად iPhone 12 Pro Max-ის საწყისი ფასი $1099 გახლავთ.


2. Samsung Galaxy S21 Ultra vs. Samsung Galaxy S

Samsung-ის მიერ შექმნილი Galaxy S პირველი სმარტფონია, რომელიც კომპანიამ Galaxy S სერიაში 2010 წლის ივნისში გამოუშვა, მოგვიანებით კი, 2012 წელს ამავე სმარტფონის ორ სიმ-ბარათიანი ვერსია გამოვიდა. Galaxy S5 მეგაპიქსელიანი კამერით იყო აღჭურვილი, რომელსაც მხოლოდ ციფრული ზუმი ჰქონდა, განსხვავებით მისი შორეული შთამომავლისგან, რომელსაც 10x ოპტიკური, ხოლო 100x ციფრული ზუმი აქვს. ამ სერიის პირველი სმარტფონის ფასი $399-დან იწყებოდა.


5 კამერითა და 5G მობილური ინტერნეტით აღჭურვილი Samsung Galaxy S21 Ultra ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სმარტფონია ბაზარზე. ის თავისი 108 მეგაპიქსელიანი უკანა კამერით (რომელსაც 100x ზუმი აქვს) და სელფის 40 მეგაპიქსელიანი კამერით გამოირჩევა. 120 ჰერცზე მომუშავე გიგანტური ეკრანი თამაშის მოყვარულებს საკმაოდ კარგ გამოცდილებას სთავაზობს. S21 Ultra-ს საწყისი ფასი $999-ია.

3. Google Pixel 5 vs. Google Pixel 1

Pixel 1 კომპანია "გუგლის" მიერ 2016 წელს გამოშვებული Pixel სერიის პირველი სმარტფონია. ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონის წინა კამერა სონის 12-მეგაპიქსელიანი სენსორითაა აღჭურვილი, რომელიც ოპტიკურის ნაცვლად, ციფრულ სტაბილიზაციას იყენებს. მისი საწყისი ფასი $649 იყო.


2020 წელს კი 5G მობილურ ინტერნეტზე მომუშავე მოდელი, Pixel 5 გამოვიდა. ამ სმარტფონს უკან ორი კამერა აქვს: ერთი ტელეფოტო ლინზით, ხოლო მეორე - ულტრაფართო კუთხიანი. მეგაპიქსელების რაოდენობა ისე საგრძნობლად არ შეცვლილა, როგორც Samsung-ის სმარტფონის შემთხვევაში. მისი საწყისი ფასი $699 გახლავთ.

4. Samsung Galaxy Note 20 Ultra 5G vs. Samsung Galaxy Note 1

Samsung-ის ფლაგმანი სმარტფონი, Galaxy Note სერიის პირველი მოდელი 2011 წელს გამოვიდა. Note იმით განსხვავდებოდა სხვა სმარტფონებისგან, რომ ის სტანდარტულ სმარტფონისთვის ზედმეტად დიდი იყო და ზედმეტად პატარა ტაბლეტისთვის, სწორედ ამიტომ მას phablet (phone + tablet) შეარქვეს. სერიის ყველა სმარტფონს მოჰყვება კალამი, S Pen, რომლითაც შეგიძლიათ ჩანაწერები გააკეთოთ ან უბრალოდ დახატოთ. Galaxy Note 1-ის საწყისი ფასი $300 იყო.


2020 წელს Note 20 Ultra გამოვიდა, რომელსაც 3 კამერა აქვს და S21-ის მსგავსად, მასაც 108 მეგაპიქსელი აქვს და 8k ვიდეოს ჩაწერა შეუძლია. როგორც მისი მონათესავე ფლაგმანი S21, ამ სმარტფონის ყიდვის დროსაც გაქვთ 5G-ს არჩევის საშუალება. Galaxy Note 20-ს საწყისი ფასი $899-ს შეადგენს.

5. Huawei P40 Pro vs. Huawei P1

2012 წლის მაისში გამოსული Huawei-ს P სერიის პირველი სმარტფონი LTE მობილური ინტერნეტის მხარდაჭერით სარგებლობდა. მისი უკანა, მთავარი კამერა 8 მეგაპიქსელიანი იყო, რომელსაც Full HD-ში 30 კადრი წამში ვიდეოს ჩაწერა შეეძლო. მისი ფასი $449 იყო.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2020-ის აპრილში Huawei-მ თავისი ახალი სმარტფონი, P40 Pro წარადგინა, რომელსაც, სხვა თანამედროვე სმარტფონების მსგავსად, 5G-ს მხარდაჭერა აქვს. ამ ახალ მოდელს 4 კამერა უყენია. ყველაზე მაღალი გარჩევადობის კამერა 50 მეგაპიქსელს შეადგენს. მას შეუძლია 4k გარჩევადობის ვიდეო 60 კადრი/წამი სიჩქარით ჩაწეროს. მისი საწყისი ფასი დაახლოებით $800-ია.


მთავარი არხი 




კომენტარები:

ფართი შოპი