თუკი ოპოზიცია დარწმუნდება, რომ მცდელობა არის უშედეგო, „ქართული ოცნება“ გაჯიუტდა და კანონპროექტში დამნაშავეებს წერს, ასეთ შემთხვევაში, მე მათ მივმართავ, მონაწილეობა არ მიიღონ ამნისტიის კანონპროექტზე კენჭისყრაში, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „მთავარ არხს“ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პირველ დღესვე ჩაწერს, რომ ამნისტია „მოძალადე პოლიციელებზეც“ უნდა გავრცელდეს, რითიც უხერხულ მდგომარეობაში დოკუმენტის ხელმომწერებს ჩააგდებს.
,,მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ პრინციპების დონეზეც კი პირველივე დღესვე ჩაწერს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს მოძალადეებზეც, ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს პირველ რიგში ხელმომწერებს და ხელმომწერებმა რაც არ უნდა მოინდომონ, რომ მოძალადეები იქ არ იყვნენ ჩაწერილი, ამას „ქართული ოცნება“ მაინც გააკეთებს და აპელირებას მოახდენს უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე. ბატონი კობახიძე და თალაკვაძე ლაპარაკობენ, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც საქმე არის აღძრული და ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც პოტენციურად შეიძლება საქმე აღიძრას. 20 ივნისის გადაფურცვლა არავის არ გამოუვა! მე მგონია, რომ ქართული ოპოზიცია, ის ნაწილი, რომელიც ამ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე მათ არ განვიკითხავ და არც ვაკრიტიკებ, ნურავინ მიიღებს ამას კრიტიკად. თუკი ისინი დარწმუნდებიან, რომ მცდელობა არის უშედეგო, „ქართული ოცნება“ გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში მე მათ მივმართავ, რომ არ მიიღონ მონაწილეობდა ამნისტიის კანონპროექტზე კენჭისყრაში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.