რა დღესასწაულებია დარჩენილი აღდგომამდე და რა უნდა იცოდნენ მათ შესახებ მორწმუნეებმა

24 Apr 2021 22:36

2 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. აღდგომამდე დარჩენილ ყოველ დღეს კი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და თითოეულ დღეს მორწმუნეები განსხვავებულად აღნიშნავენ.

 

ბზობა, ბაიაობა

 

ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია. მოძრავია, აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს (აქედან ქართული „ბზობა“).

 

ვნების შვიდეულის ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი

 

ვნების შვიდეული ეწოდება წმ. დიდმარხვის ბოლო კვირას იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმიდა ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

 

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

 

ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.

 

დიდი ხუთშაბათი

 

ამ კვირაშიც, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. „დიდი ხუთშაბათი“, ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა, დააწესა ზიარების საიდუმლო (ლუკა 22, 8-20). ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. ტრადიციულად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამ დღეს მორწმუნეებს თვით ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზიარებს ხოლმე.

 

ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფეხთბანის რიტუალი. კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს (იოანე 13, 4-10).

 

დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ აღარ იკითხება.

 

დიდი პარასკევი

 

დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი) ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

 

ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფალს მარადიულობასთან შეხების საოცარი განცდა ეუფლება. ეს გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მიცვალებული მთელ ერს ეკუთვნოდა. ასეთ დროს ამაო საგნებზე ფიქრიც კი უხერხულია. ჩვენ კი, ქრისტიანებს, გვენიჭება დიადი უფლება, არ მივატოვოთ ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მენელსაცხებლე დედებთან, წმიდა იოანე მახარებელთან და თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიყოთ მისი ჭირისუფალნი.

 

ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმიდად უნდა გავატაროთ, მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოვერიდოთ სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი.

 

ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზე უარიც კი ვთქვათ, ან მცირედ წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში.

 

დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. „გარდამოხსნის გადმოსვენება“ – იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი.

 

საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება“, ანუ ყველა ის ადგილი სახარებაში, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე.

 

სასურველია, რომ ქრისტიანი ორივე რიტუალს დაესწროს.

 

დიდი შაბათი

 

ვნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც „დიდ შაბათს“ ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

 

დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.


primetime.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი