მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ბოლო დროს ინტერნეტში განსაკუთრებულად აქტიურობს: "იუთუბის" საკუთარ არხზე სხვადასხვა კონტენტს ქმნის და ტელევიზიისგან დისტანცირებას მაქსიმალურად ცდილობს:
- ალბათ, ბევრი წლის წინ პირველად "ოდნოკლასნიკზე" დავრეგისტრირდი - მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხთან კომუნიკაცია მქონოდა. მახსოვს, მერე "მაისფეისი" იყო აქტუალური, რომელიც კომუნიკაციისთვის დიდად არ გამოიყენებოდა, - უფრო განწყობისთვის, საავტორო "ფეიჯის" შესაქმნელად იყო. დაახლოებით 2010 წელს "ფეისბუკზე" დავრეგისტრირდი.
- დღეს რომელი ქსელის აქტიური მომხმარებელი ხარ?
- რადგან "იუთუბერი" ვარ, ყველაზე აქტიურად "იუთუბს" ვიყენებ, თუმცა "ინსტაგრამზეც" ვარ დარეგისტრირებული.
- როდის გააცნობიერე, რომ გარკვეული შესაძლებლობების წარმოსაჩენად, საქმის წამოსაწყებად ინტერნეტი კარგი საშუალებაა?
- ალბათ 2017 წელს, როცა მოტოციკლეტებით ტურნეში ვიყავით... მანამდე უბრალოდ, "იუთუბზე" ანგარიში მქონდა, რომელზეც არაფერი ხდებოდა. მოტოციკლეტების ტურნე რომ ჩავამთავრე, 5-6 დოკუმენტური სერია "გავაკეთე" და ჩემს არხზე დავდე. აღმოვაჩინე, რომ საუკეთესო პლატფორმაა. ამ პლატფორმაში გარკვევა დავიწყე და მივხვდი, ყველაზე მაგარია, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ვინც გარკვეულ კონტენტს ქმნის, შეუძლია საკუთარი შრომით თავისი ნებისმიერი აზრის რეალიზაცია მოახდინოს, თუ ამის შნო აქვს. შესაბამისად, მას მერე ამ საქმეზე შეყვარებული ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ, პროპაგანდა გავუწიო და საზოგადოება მივახვედრო, რომ "იუთუბი" ყველაზე მაგარი პლატფორმაა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი გვიან ხდება: ქართული "იუთუბი" დღეს იკიდებს ფეხს და საერთოდ, "იუთუბერები" ახლა ფასდებიან კომპანიებისგან, ერთმანეთისგან, მაყურებლებისგან... წინათ უფრო არასერიოზული დამოკიდებულება არსებობდა: 5-6 წლის წინ სიტყვა "იუთუბერი" ცოტათი უსაქმურ ადამიანთან ასოცირდებოდა. ამ მხრივ დღეს აბსოლუტური პროგრესია. დღეს "ტიკ-ტოკს" იმავე კონტექსტში მოიხსენიებენ, როგორშიც წლების წინ - "იუთუბს". მიუხედავად იმისა, რომ "ტიკ-ტოკის" მომხმარებელი არ ვარ, ალბათ რამდენიმე წელიწადში "ტიკტოკერობაც" ისეთივე პროფესია იქნება, როგორიც "იუთუბერობაა". "იუთუბი" დრომ "გატესტა": მინიმუმ 10 წელია, რაც კონტენტის შესაქმნელად მსოფლიოში ყველაზე დიდი პლატფორმაა.
- დღეს "იუთუბი" შენი შემოსავლის ძირითადი წყაროა?
- მაინც ნუ დაგავიწყდებათ, რომ პროფესიით მსახიობი ვარ. ძირითადი წყარო ჩემი პროფესიული საქმიანობაა: თეატრი, კინო, სერიალი, პედაგოგიკა... საქმე ბევრია, მაგრამ "იუთუბიც" შემოსავლის წყაროა. გარდა იმისა, რომ მონეტიზაცია თვით "იუთუბსაც" აქვს, როცა დამკვეთს რეკლამა მოაქვს, 70%-ს გიხდის. კარგ ქვეყნებში ადამიანები ამით ცხოვრობენ - მილიონერები არიან, ჩვენს ქვეყანაში ეს ტარიფი 10-15-ჯერ დაბალია, მაგრამ "ფროდაქთ ფლეისმენთის" სახით რეკლამა არსებობს: ხან კომპანია გიკავშირდება, ხან თავად გადიხარ კონტაქტზე კომპანიასთან... ვინმეს დარწმუნება არასდროს დამიწყია: ჩემს "იუთუბის" არხს მაყურებელი თავად ემატება და ემატება. გემოვნების საკითხია: თუ მოგწონს, უყურებ, ეკრანთან ქეჩოთი ვერავინ მიგიყვანს. ერთადერთი, რითაც შეიძლება მაყურებელი მოიზიდო, ცენზურის უქონლობაა, რაც ტელევიზიასთან შედარებით, "იუთუბს" ბევრად უფრო პრიორიტეტულს ხდის, - "ჩარჩო" არ გაგაჩნია. ერთადერთი ცენზურა თვითცენზურაა.ალბათ ამიტომ, მაყურებლისთვის ეს უფრო მიმზიდველი პერსპექტივაა, რომ გადაღეჭილი "ჩარჩო", გაპრანჭული საუბარი, ზედმეტად დავარცხნილი ხალხი, რაც ტელევიზიის სპეციფიკაა (ცუდ კონტექსტში არ ვამბობ), "იუთუბზე" არსებული თავისუფლებისგან განსხვავდება.
- გადაცემაში ისეთი სტუმრებიც გყავს, რომლებიც ტელეეკრანზე მაკიაჟით, საგულდაგულოდ მოწესრიგებული ვარცხნილობით ჩნდებიან. ამ მხრივ რესპონდენტთან პრობლემა არ შეგქმნია, მაგალითად, მას სურდა, კამერასთან ისეთი მოწესრიგებული ყოფილიყო, როგორიც ტელეეკრანზე ჩნდება ხოლმე?
- მოგეხსენებათ, "სადაც მიდიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო" (იღიმის). მაქსიმალურად ვცდილობ, ტელევიზიისგან დისტანცირება მოვახდინო - ტელეეკრანზე თითქმის აღარ ვჩნდები. მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ჩემი "იუთუბ-შემოქმედება" წინ წამოვწიო. მაგალითად, ჩემი გადაცემა - "პოდკასტი" სასაუბრო, შემეცნებითი ფორმატის გახლავთ. ამბიცია არ მაქვს, რომ ლამაზად გამოვიყურებოდე, თუმცა მაკიაჟის გაკეთების საშუალება ჩემთანაც არის - ნებისმიერ სტუმარს ვთავაზობ. მარტივი წესები მაქვს: სტუმარს ვეკითხები, მისთვის რა თემაა ტაბუირებული, რომ საუბრისას არ შევეხოთ, - არ მინდა, ადამიანს დისკომფორტი შევუქმნა (მაგალითად, ვიღაცას არ სურს ტრაგედიაზე, პირად ცხოვრებაზე ყურადღების გამახვილება). ვცდილობ, ჩემი პოდკასტი, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, კონკრეტული პერსონის შეხედულებების ტრანსლირება იყოს. ასე რომ, გრიმს გაიკეთებს თუ არა, ეს უკვე სტუმრის არჩევანია: თუ უნდა, "დაიგრიმოს" და ლამაზად ჩაიცვას; თუ უნდა, ოთახის ჩუსტებით მოვიდეს. მთავარია, საინტერესო საუბარი შედგეს. მთელი მუღამი ეგ არის.
- სურვილის შემთხვევაში, სტუმარს მაკიაჟს ვინ უკეთებს?
- ჩემი პროფესია "მეიქაფის" კეთებას ხომ მოიცავს, არა? "პოდკასტში" მინიმალური მაკიაჟი მეც მაქვს გაკეთებული, რადგან სპეციფიკური შუქი მირტყამს და არ მინდა, მაგალითად, წვერი ეკრანზე საშინლად გამოჩნდეს. სტუდიაში კოსმეტიკური საშუალებების კომპლექტი მაქვს და შემიძლია, ნებისმიერ მსურველს "მეიქაფი" გავუკეთო, რომ კამერაში პრეზენტაბელურად გამოიყურებოდეს.
- "ინფლუენსერებთან" საუბრის საფუძველზე რა დაასკვენი - ბევრი მიმდევრის ყოლის საიდუმლო რა არის?
- თუ "პოდკასტს" უყურებთ, ამის ფორმულას ვეძებ, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული არ არსებობს. ალბათ, ფორმულა ინდივიდუალურობა და მაყურებლებისთვის საკუთარი თავის საინტერესოდ ტრანსლირებაა, თუმცა სიტყვა "საინტერესო" მრავალშინაარსობრივია - გააჩნია, ვისთვის რა არის საინტერესო. ამიტომაც ჩემი კოლეგები, მეგობრები თუ სტუმრები პოულობენ საკუთარ აუდიტორიას რაღაცის ხარჯზე: ზოგი - ვიზუალის, ზოგი - კონტენტის, ხმის... როგორც მივხვდი, ბევრი მიმდევრის ყოლის ფორმულა ისაა, რომ გამორჩეული და ორიგინალური უნდა იყო. თუ რაღაც საქმეს აკეთებ და იმ საქმეს გამვლელი 100 კაციდან 95 იმავე ხარისხით ვერ გაიმეორებს, ე.ი. რაღაც განსაკუთრებულს და გამორჩეულს ქმნი. დანარჩენ შემთხვევაში, არაფერს აზრი არა აქვს და მინიმუმ, ამბიცია არ უნდა გქონდეს, რომ რაღაც კარგს აკეთებ.
- ინტერნეტში დაწყებული ნაცნობობა რეალურ რომანტიკულ ურთიერთობაში გადაზრდილა?
- 21-ე საუკუნეა. გაცნობის 90% ინტერნეტში ხდება. ბიბლიოთეკაში გასაცნობად აღარავინ დადის. რა თქმა უნდა, როცა ეს ეტაპი მეც მქონდა, ინტერნეტი ყველაზე კარგი საშუალება იყო, რადგან ადამიანის გაცნობისას ინტერნეტში უფრო თამამი ხარ, კომპლექსები არ ჩანს და ა.შ. ჩემი გაცნობის, მეგობრობის თუ ფლირტის 80% სოციალური ქსელის შედეგია და მადლობა მას, რომ არსებობს.
- "გუგლში" საკუთარი გვარ-სახელი ჩაგიწერია?
- მილიონჯერ.
- რა მიზნით?
- ადრე, კარიერის დასაწყისში, ამპარტავანი ბავშვის კომპლექსი მქონდა - ვინტერესდებოდი, "გუგლმა" ჩემ შესახებ რა იცოდა. ბევრი წელია, ეს უკვე გადავლახე. ახლა თუ რომელიმე გადაცემიდან, სპექტაკლიდან, ფილმიდან ამონარიდის მოძებნა მინდა, ამ შემთხვევაში ვნახულობ. ჩემი გვარ-სახელის მონიტორინგს ნამდვილად არ ვაწარმოებ. ზუსტად ვიცი, რომ "გუგლში" "გიორგი ვარდოსანიძეს" რომ ჩაწერ, მილიონ რაღაცას "ამოყრის".
- როგორი ონლაინრეპუტაცია გაქვს?
- წარმოდგენა არ მაქვს. სხვისი თვალით დანახული ჩემი თავის შესახებ საუბარი რთულია. ჭკუა ვისწავლე, რომ ვიღაცები არ უნდა "დავასათაურო": ეკრანზე დანახული პერსონის "დასათაურება" ყველაზე დიდი შეცდომა მგონია. ამასთან დაკავშირებით იმედგაცრუება ბევრჯერ განმიცდია: პირადად გაცნობის შემდეგ ადამიანი ისეთი არ აღმოჩენილა, როგორიც მეგონა. შესაბამისად, პირადად გაცნობამდე, არავის შესახებ კონკრეტულ დასკვნებს არ ვაკეთებ... პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი თითზე ჩამოსათვლელი ხალხის მოსაზრებაა, დანარჩენი - ვინ რას იფიქრებს, მეათე ან შესაძლოა, 101-ე ხარისხოვანია (იღიმის).
- ვინ არიან ის ადამიანები, ვისი აზრიც შენთვის მნიშვნელოვანია?
- პროფესიასთან დაკავშირებით - უფროსი კოლეგები; ის ადამიანები, ვინც თეატრში ფაქტობრივად, გამზარდა. ცხოვრებისეულ საკითხებს რაც შეეხება, ოჯახის წევრების აზრს ან ვითვალისწინებ, ან - არა, მაგრამ მინიმუმ, ვუსმენ... დანარჩენი ადამიანებიდან, ვინმე რჩევას თუ მაძლევს, რაც არ მითხოვია, სულ მგონია, რომ ეს, უკაცრავად, მაგრამ უკანალის თამაშია. შესაბამისად, მეც არ მიყვარს ვინმესთვის რჩევის მიცემა, როცა ამას არ მთხოვენ, რადგან ეს საკუთარი ეგოს, ამპარტავნობის "მოფხანაა", მეტი არაფერი.
- შენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა ინტერნეტში ისეთი გადაცემით (მაგალითად - "ნესვი") გამოჩნდი, სადაც უხამს სიტყვებსაც იყენებ?
- ჩემი არხი რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ერთ-ერთია "პოდკასტი", რომელზეც ყველაზე მეტი ენერგია იხარჯება და მინდა, საქართველოში საუკეთესო იყოს. ამისთვის ყველანაირი შესაძლებლობა მაქვს. დანარჩენს რაც შეეხება, ბევრ ექსპერიმენტს ვატარებ და ყველაფერს "18+" აწერია, ანუ ბავშვებზე გათვლილი არ არის. სპეციფიკური, შავი, "თრეშ" იუმორის მატარებელი ვარ. ამიტომაც შეიძლება, ეს ვიღაცისთვის ძალიან ბილწი იყოს, ვიღაცისთვის - აღმოჩენა და სასაცილო. ოჯახის წევრებს რაც შეეხებათ, ხომ მიცნობენ, არა?.. ჩემი იუმორიც იციან. მაგალითად, დედაჩემი რომ მოკლა, "18+" კონტენტს ვერ აყურებინებ. სულ ვეუბნები, - ასე გააგრძელე-მეთქი (იცინის). "პოდკასტს" სიამოვნებით უყურებს... მამაჩემს ხანდახან ეღიმება, ხანდახან - ეცინება, მაგრამ მაინც "პოდკასტს", ვლოგებს უყურებს... მოკლედ, მაყურებელი ყველა კონტენტს ჰყავს. ჩემი ოჯახის წევრებიც ასე არიან. ისინი მოხარშულს მიცნობენ: ჩემი ყველაზე ცუდი თვისებებიც იციან და ყველაზე კარგიც. ძალიანაც რომ მინდოდეს, ისეთს ვერაფერს მოვიმოქმედებ, რომ ოჯახის წევრი გავაკვირვო...
ეთო ყორღანაშვილი
გზა