გიორგი ბარბაქაძე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პირველსავე სეზონში პატარა ჯეკოს როლში გამოჩნდა. "ჯეკო" ტელემაყურებლების თვალწინ გაიზარდა. ახლა 19 წლისაა და უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი გახლავთ. მისთვის მსახიობობა პროფესიული ინტერესის ერთადერთი სფერო არ არის...
- სერიალის ახალი სეზონის გადაღებები ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ახალ სერიებში მეც გამოვჩნდი, კარგი დოზით (იღიმის)...
- სერიალში პირველი სეზონიდანვე, პატარა ასაკში გამოჩნდი. როცა ძველ კადრებს უყურებ, როგორი განცდა გეუფლება?
- ბავშვობა მენატრება, რადგან ძალიან კარგი დრო იყო. ჩემს ცხოვრებაში კარგი ეპიზოდები რაც იყო, სულ იმ პერიოდიდან მახსოვს.
- უკვე პროფესიულადაც გაზრდილი ხარ, არა? სერიალში შენ მიერ შესრულებულ როლს როგორ აფასებ?
- არ ვიცი, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს... ალბათ, მაინც დადებითად შევაფასებ. ყოველთვის "გახსნილი" ადამიანი ვიყავი - ძველ სერიებშიც, როცა მცირე ასაკის გახლდით, ბუნებრივად ვთამაშობდი, ყოველ შემთხვევაში - ვცდილობდი მაინც.
- ახლა საკუთარ თავთან შენიშვნები გაქვს?
- არა (იცინის). სიმართლე გითხრათ, ასეთ რაღაცებს არ ვუკვირდები.
- გაკრიტიკებენ?
- კი, ალბათ კრიტიკაც არის, მაგრამ უმეტესობა დადებით კომენტარს მიწერს. ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ - სახლში ყოფნისას სხვა რამეს ვაკეთებ ხოლმე... შეიძლება, ვიღაცას მოვეწონო, ვიღაცას - არა. ეს ინდივიდუალურია.
- რა ხდება გადასაღებ მოედანზე, როცა 6 ბავშვი საერთო სცენაში მონაწილეობთ?
- უბრალოდ, ძალიან ქაოსია, მაგრამ რაღაცნაირად, ერთმანეთთან კომუნიკაციას ვამყარებთ და სცენებს ადვილად ვიღებთ.
- მცირეწლოვანი მსახიობები გადასაღებ მოედანზე ოინებს არ აწყობენ?
- დაჩი (ვინც ნოდოს როლს ასრულებს) ძალიან ცელქი გვყავს: კედლებზე დადის, დაცოცავს... აი, ახლა მძღოლმა მითხრა, - დაჩი მანქანის საბარგულში რომ ჩაძვრა, ავტომობილის წინა მხრიდან ამოძვრაო (იცინის)... დანარჩენი ბავშვები წყნარები, გაწონასწორებულები არიან.
- თავად დედმამიშვილები გყავს?
- და-ძმა მყავს. ორივე ჩემზე უფროსია. ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. შემიძლია, მათ რჩევებიც ვკითხო, მაგრამ ჯერ აქამდე არ მისულა საქმე - სიტუაციას თავად ვარკვევ, ვაგვარებ ხოლმე.
- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
- მამაჩემი. ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია. ყოველთვის რაღაცას აკეთებს. უხარია, თუ წარმატებას ვაღწევ.
- როგორ ფიქრობ, ჯეკო როგორი ბიჭია?
- ძალიან შრომისმოყვარე არ არის, მაგრამ სწავლა უყვარს: გარკვეულ ასპექტებში ეტყობა ხოლმე, რომ ყოველთვის სწავლაზეა ორიენტირებული. გამოცდების პერიოდში წიგნებს ბევრ დროს უთმობს, მაგრამ ასე ვთქვათ, გოგონებთან ურთიერთობაში გამოცდილება არა აქვს, ასე მგონია. ამას ახალ სერიებში ნახავთ - ახლა ვერ "დაგასპოილერებთ" (იცინის).
- სწავლის მიმართ შენი დამოკიდებულების და გოგონებთან ურთიერთობაში შენი გამოცდილების შესახებ გვითხარი...
- პირადად მე, ყოველთვის სახლიდან ვსწავლობ: უნივერსიტეტის ლექციებს ვესწრები, მაგრამ პროფესიულ საქმეებს მეტ დროს ვუთმობ. გოგონებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, დიდი გამოცდილება მეც არ მაქვს, მაგრამ რაღაც-რაღაცები ვიცი (იცინის).
- ჯეკოს უკვე ეწვია პირველი სიყვარული. ამ მხრივ, შენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე?
- მეც მეწვია, ალბათ... ჯერ ზუსტად არ ვიცი, მეწვია თუ არა...
- ანუ ვიღაც მოგწონს?
- კი, კი (იცინის).
- პროფესიულ საქმეებს ბევრ დროს ვუთმობო, აღნიშნე. რას გულისხმობ?
- კიბერსპორტსმენობაზე ვარ ორიენტირებული: ვიდეოთამაშებს ვთამაშობ, ტურნირში ვმონაწილეობ... ამ სფეროს პროფესიულად ვუყურებ.
- უნივერსიტეტში რომელ ფაკულტეტზე სწავლობ?
- ბიზნესის ადმინისტრირებაზე.
- ბავშვობიდან სამსახიობო სფეროში ჩართულმა, ბიზნესის ადმინისტრირება რატომ აირჩიე?
- არ ვიცი. შეიძლება, ფაკულტეტი შევიცვალო კიდეც, რადგან ისეთ რაღაცებს მასწავლიან, რასაც ინტერნეტში თავისუფლად ისწავლი ადამიანი. საერთოდ, ინტერნეტით ნებისმიერი სახის ცოდნის მიღება შეგიძლია.
- შესაბამისად, შენთვის კარანტინის პერიოდი მოსაწყენი არ იქნებოდა, ხომ მართალია?
- მოსაწყენი ნამდვილად არ იყო, რადგან მაინც სულ მეგობრებთან ერთად ვიყავი - ერთსა და იმავე ქუჩაზე ვცხოვრობთ და ერთმანეთს მაინც ვნახულობდით, ვიკრიბებოდით...
- სერიალში შენს პერსონაჟთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები იყო წამოჭრილი. რომელიმე პრობლემას რეალურ ცხოვრებაში თავად თუ გადასწყდომიხარ?
- არა. ჩემს სკოლაში ბულინგის შემთხვევები დიდად არ ყოფილა. არც სიყვარულში განმიცდია იმედგაცრუება.
- როგორ ფიქრობ, ლევანიკო შენს პერსონაჟს რამე ცუდს ხომ არ უპირებს?
- არა მგონია. სცენარი წინასწარ არ ვიცი, მაგრამ რომ ვიცოდე, მაინც ვერ გეტყოდით.
- უფროსი ასაკის ბიჭს შენზე ძლიერი ზეგავლენა მოუხდენია?
- შეიძლება, უფროსებს რჩევა მოუციათ. ცუდი შემთხვევები არ მქონია... საერთოდ, კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, სხვისი ზეგავლენის ქვეშ ადვილად ვექცევი-მეთქი, - ძირითადად, ჩემს აზრზე მყარად ვრჩები.
- სერიალში განვითარებული სიუჟეტის გამო გკითხავ: როგორ ფეხსაცმელში გამოწყობილი ბიჭები მოსწონთ შენს თანატოლ გოგონებს?
- (იცინის) არ ვიცი. ალბათ, გოგონებს გააჩნია. შეიძლება, ზოგი გოგო მართლა ფეხსაცმელებს აკვირდებოდეს... ალბათ, ტრენდული მოსწონთ, არა? პირადად მე, კედებს ვანიჭებ უპირატესობას.
- ეკრანს მიღმა თუ მეგობრობ ტასოს როლის შემსრულებელ ქეთა ორბელაძესთან?
- კი. ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს ვწერთ ხოლმე. გადაღებაზე კარგი ურთიერთობა გვაქვს.
- მოგწონს პოპულარობა?
- ძალიან კარგია, როცა ხალხი გცნობს, ადამიანები შენთან მოდიან, ფოტოს გადაღება უნდათ, რაღაცები აინტერესებთ, გეკითხებიან, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ... ეს მომწონს.
- "ჩემი ცოლის დაქალებს" ვისთან ერთად უყურებ ხოლმე?
- მარტო ან ძმაკაცებთან ერთად.
- ძმაკაცები შენს თამაშს როგორ აფასებენ?
- არასდროს აფასებენ. ამისთვის არ გვცალია. ასეთ სერიალებს იშვიათად ვუყურებთ - თვალს თუ მოვკრავთ ხოლმე...
- საძმაკაცოს განსხვავებული ინტერესები გაქვთ?
- პროფესიული თვალსაზრისით, ყველას სხვადასხვა ინტერესი გვაქვს, გარკვეულ საკითხებსაც სხვადასხვაგვარად ვუყურებთ.
- რა არის ის მთავარი, რაც ძმაკაცებს გაკავშირებთ?
- ერთმანეთს ბავშვობიდან, 5-6 წლიდან ვიცნობთ...
- "ჩემი ცოლის დაქალების" (რომელიც მე-17 სეზონია, ეთერში გადის) გარეშე ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?
- მაინც ხალისიანად, რადგან დროს უაზროდ არ ვკარგავ. სერიალში მონაწილეობის პარალელურად, ჩემი საქმეებით ვარ დაკავებული, ვვითარდები...
გზა