როგორ გაჩნდა სუფრა და ხელსახოცი

25 Apr 2021 00:18

ტილოსი იქნება თუ ქაღალდის, ხელსახოცს ერთი ძირითადი დანიშნულება აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა - დაიცვას ჩვენი სამოსი საკვების ლაქებისგან.


ხელსახოცის გამოყენებისას რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ:


თუ სუფრასთან ხელსახოცი დაგხვდათ, ის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ნუ დატოვებთ მას მაგიდაზე სუფთას და ხელუხლებელს. ხელსახოცი იმისთვისაა განკუთვნილი, რომ მისით ხელები და ტუჩები გაიწმინდოთ.

თუ ხელსახოცი მეტისმეტად დიდია და მუხლებიდან გიცურდებათ, შეგიძლიათ ის სასურველ ზომაზე მოკეცოთ.


არ არის სასურველი სუფრასთან მკვეთრი მოძრაობების გაკეთება და ხელების ქნევა, ასევე ნუ გამოიყენებთ ხელსახოცს საუბრის დროს ჟესტიკულაციის გასამყარებლად, და კიდევ, ხელსახოცით ნაზად უნდა მოიწმინდოთ ტუჩები და არ გამოიყენოთ ისე, როგორც დილით პირის დაბანისას პირსახოცს იყენებთ.


ხელსახოცი მას შემდეგ გაშალეთ და დაიდეთ მუხლებზე, როცა სუფრასთან პირველ კერძს შემოიტანენ.


თუ დროებით სუფრიდან ადგომას აპირებთ, ხელსახოცი სკამზე დატოვეთ. როცა სუფრიდან წასვლას დააპირებთ, ხელსახოცს თეფშის გვერდით მიუჩინეთ ადგილი და არავითარ შემთხვევაში არ ჩააგდოთ თეფშში.


სუფრასთან ყოფნისას ხელსახოცის ძირითადი ადგილი თქვენს მუხლებზეა და არა ყელზე, ან ქამარში.


თუმცა თუ ისეთ საზოგადოებაში მოხვდით, სადაც ხელსახოცს ტრადიციულად სხვაგვარად გამოიყენებენ, თქვენც მისდიეთ მათ წესებს. მაგალითად, იტალიელები ხშირად მიირთმევენ სპაგეტის პომიდვრისა და ზღვის პროდუქტების სოუსით. ასეთ შემთხვევაში ისინი ხელსახოცს საყელოში იჩრიან და ლაქებისგან გულისპირს იცავენ.


ხელსახოცის ისტორია მართლაც საუკუნეებს ითვლის. ისტორიულ წყაროებში ეს აქსესუარი პირველად ძველ რომაელებს აქვთ ნახსენები. ოღონდ ეს არა ქსოვილი, არამედ ცომის ნაჭერი იყო, მას ტუჩებზე იდებდნენ და ცომს საკვების ნარჩენები ეწებებოდა. მოგვიანებით ხელსახოცები ქსოვილის გახდა, ძველი დიდგვაროვანი რომაელები წვეულებებზე საკუთარი ხელსახოცებით დადიოდნენ, ზოგიერთ მათგანზე ოქროს ძაფებით იყო ამოქარგული მფლობელის ვინაობა.


რომის იმპერიის დამხობის შემდეგ ევროპა კარგა ხანს იტანდა უზრდელ ბარონებსა და დაუბანელ პრინცესებს, და ცხადია, იქ ხელსახოცებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ღრეობებზე პირს ძირითადად ტანსაცმლის კალთით ან სახელოთი იწმენდნენ.


რენესანსის ხანაში საფრანეთში მოდური გახდა უზარმაზარი, მაგიდისხელა ხელსახოცები. ის სუფრის ყველა წევრისთვის იყო განკუთვნილი და მასზე ხელებსა და პირს იწმენდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო თანამედროვე სუფრის - მაგიდის გადასაფარებლის წინაპარი.


დროთა განმავლობაში ფრანგებმა ხელსახოცის ზომა თანდათან შეამცირეს და ბოლოს, სუფრის ყველა წევრს პერსონალური ხელსახოცი ერგო.


1700 წელს ფრანგმა არისტოკრატებმა სახალხოდ აღიარეს და მიიღეს სუფრასთან მოქცევის ეტიკეტის და ხელსახოცის გამოყენების წესები, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც გამოიყენება, ზოგი კი სასაცილოც გახდა, მაგალითად ის, რომ არ შეიძლება სუფრასთან მეზობლად მჯდომის კუთვნილი ხელსახოცით ცხვირის მოწმენდა.


გურმანია




კომენტარები:

ფართი შოპი