ირაკლი ქადაგიშვილი - ჩაითვალა, რომ ახალ რეალობაში, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური დაძაბულობის პროცესებისგან დისტანცირებული პირი უნდა ყოფილიყო

25 Apr 2021 16:12

ჩაითვალა, რომ ამ ახალ რეალობაში, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური დაძაბულობის პროცესებისგან დისტანცირებული პირი უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯოდმარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.


მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, არჩილ თალაკვაძე პოლიტიკურ დებატებში უფრო აქტიურად ჩაერთვება.


“პარლამენტის მომავალი სამუშაო რეჟიმი კიდევ უფრო მეტ კონსესუსსა და პარლამენტის თავმჯდომარისგან კიდევ მეტ ნეიტრალობას მოითხოვს, მისი ფუნქციების შესრულებიდან გამომდინარე. ამავდროულად, არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის გამორჩეული ლიდერი, უფრო მეტად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებსა და პოლიტიკურ დებატებში. პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ დებატებში ჩართვა მნიშვნელოვანწილად შეზღუდულია, რეგლამენტით შემოფარგლულია“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.


როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, საფუძველს მოკლებულია იმაზე საუბარი, თითქოს არჩილ თალაკვაძის გადადგომა, შესაძლოა შარლ მიშელის დომენტზე ხელმოწერით იყოს გამოწვეული. მისი განცხადებით, თალაკვაძე გუნდთან შეთანხმებით მოქმედებდა და ეს იყო არა მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, არამედ საერთო, პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული გადაწყვეტილება.


პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის თაობაზე არჩილ თალაკვაძემ გუშინ განაცხადა. მას ამ თანამდებობაზე კახა კუჭავა შეცვლის, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა. სწორედ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ ახლა უკვე ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.




კომენტარები:

ფართი შოპი