რომელი ანტიბიოტიკები იწვევს ყველაზე ხშირად ალერგიულ რეაქციას და როგორ ვმართოთ ანტიბიოტიკების მიერ გამოწვეული ალერგია?

25 Apr 2021 18:06

გვესაუბრება „ჩემი ოჯახის კლინიკის” ექიმ-ალერგოლოგი ირინა დიდმანიძე. - არსებობს თუ არა ალერგიული რეაქციის განვითარების საშიშროება ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს?

- მოდით, თავდაპირველად ვთქვათ, რა არის წამლისმიერი ალერგია. ამ ტერმინით აღნიშნავენ სამკურნალო პრეპარატების მიღების შედეგად განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც იმუნური სისტემის დარღვევებს უკავშირდება.



ალერგიული რეაქციის გამომწვევ მედიკამენტებს შორის პირველი ადგილი ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, უმთავრესად - პენიცილინის ჯგუფისა და სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს (ცეფალოსპორინებს) უკავია.



- ხომ ვერ დაგვისახელებთ ალერგიის განვითარების რისკფაქტორებს?



- არსებობს ფაქტორების მთელი წყება, რომელიც ხელს უწყობს ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქციების განვითარებასა დაგამოვლენას. ამ ფაქტორებიდან შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე:


სამკურნალო პრეპარატების ინტენსიური, ხშირად უმართებულო გამოყენება;


  • წამლების ხელმისაწვდომობის (რეცეპტის გარეშე შეძენის შესაძლებლობის) გამო
  • თვითმკურნალობის ფართო გავრცელება;
  • პოლითერაპია - ერთდროულად რამდენიმესამკურნალო საშუალების მიღება;
  • თანამდევი ინფექციური დაავადებები, რომლებიც თავისთავად არ წარმოადგენს ალერგიის მიზეზს, მაგრამ პროვოცირებას უწევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას და სათავეს უდებს ანტისხეულების გამომუშავებას სხვადასხვა,
    მათ შორის - წამლისმიერი ალერგენის საპასუხოდ. შემიძლია, მოგიყვანოთ მაგალითი: ავადმყოფს, რომელსაც აქვს ტერფის სოკოვანი დაავადება, ხშირად უვითარდება ალერგია პენიცილინზე.

 

რისკის ფაქტორებს წარმოადგენს ასევე გენეტიკური და კონსტიტუციური თავისებურებანი, ასაკი, სქესი, ანამნეზში ალერგიული რეაქციების არსებობაც.

თუ მშობლებს აქვთ ალერგია ანტიბაქტერიულ პრეპარატებზე, შვილი ამ ტიპის რეაქციის განვითარების 15-ჯერ მაღალი რისკის წინაშე დგას.


წამლისმიერი ალერგია იშვიათად უვითარდებათ მცირეწლოვან ბავშვებსა და ასაკოვან პირებს და უფრო მსუბუქადაც მიმდინარეობს.

ქალებს მამაკაცებთან შედარებით 35%-ით უფრო ხშირად უვლინდებათ კანისმხრივი ალერგიული რეაქცია.


- ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებიდან რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი ალერგიულმა რეაქციამ? ყველაზე ხშირად რომელი ანტიბიოტიკები იწვევს ასეთ მოვლენებს?

- უნდა ვიცოდეთ, რომ ალერგიული რეაქცია ვითარდება პრეპარატის მხოლოდ განმეორებითი მიღებისას. ამ შემთხვევაში რეაქცია მოსალოდნელია მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ადამიანმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ ესა თუ ის პრეპარატი უკვე მიღებული აქვს, მაგალითად, შესაძლოა, ოდესმე ნაჭამი ჰქონდეს ხორცი, რომელიც პენიცილინს შეიცავს.


ამას ფარულ სენსიბილიზაციას ვუწოდებთ. ამ დროს ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს პრეპარატის შეყვანიდან 30 წუთის შემდეგაც კი.

როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ანტიბიოტიკებიდან ალერგიულ რეაქციას ყველაზე ხშირად პენიცილინი და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები (ცეფალოსპორინები) იწვევს.


- შესაძლოა თუ არა, ალერგიული რეაქციის განვითარება მემკვიდრეობითი ფაქტორით იყოს განპირობებული?


- მემკვიდრეობითი განწყობა ალერგიის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ დედა ან მამა ალერგიულია, ალერგიის განვითარების ალბათობა 30-40%-ს აღწევს. თუ ორივე მშობელს აღენიშნება ალერგია, რისკი 70-75%-ს უტოლდება.



- როგორი ფორმით შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია და რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება თითოეული მათგანი?


- პირველ ყოვლისა, მინდა, ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ არსებობს ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია, რომელიც განპირობებულია იმუნური სისტემის ფუნქციონირების დარღვევით და ფსევდოალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღებისას, ორგანიზმში წამლის არასწორი შეყვანის გამო, ტოქსიკური რეაქციით, თავად პრეპარატის გვერდითი მოვლენებით...



წამლისმიერი ალერგიის კლინიკური სიმპტომები პოლიორგანული და პოლიმორფულია. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს წარმოადგენს გამონაყარი კანზე. შეიძლება გამოვყოთ ალერგიული კონტაქტური დერმატიტი - კანის დაზიანება მედიკამენტთან უშუალო კონტაქტის ადგილებზე. მისი წარმოშობის მიზეზია მედიკამენტები, რომლებიც შედის მალამოების, კრემებისა და გელების შემადგენლობაში. ანტიბიოტიკებიდან კონტაქტურ დერმატიტს ყველაზე ხშირად იწვევს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები (ნეომიცინი, ამიკაცინი, გენტამიცინი).



წამლისმიერი ალერგიის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ჭინჭრის ციება და კვინკეს ანგიონევროზული შეშუპება.

ჭინჭრის ციების მთავარ კლინიკურ სიმპტომს წარმოადგენს ერითემული (მოწითალო) მქავანა ბებერა. გარეგნულად გამონაყარი ჰგავს ჭინჭრის ნასუსხს ან კოღოს ნაკბენს.



კვინკეს შეშუპების დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. შეშუპება ასიმეტრიულია, თან სდევს უმნიშვნელო ქავილი. შესაძლოა, განვითარდეს რესპირატორული სიმპტომებიც - სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, მსტვენი სუნთქვა.



წამლისმიერი ალერგიის დროს ადგილობრივ, კანისმხრივ რეაქციასთან ერთად მოსალოდნელია მძიმე სისტემური რეაქციებიც - ანაფილაქსიური შოკი, ბულოზური დერმატოზი (ლაიელის და სტივენს-ჯონსონის სიმპტომი).



წამლისმიერი ანაფილაქსიური შოკი გამოირჩევა კლინიკურ გამოვლინებათა სიმძიმით და პროგნოზის სერიოზულობით. კლინიკური ნიშნებია შიშის, სისუსტის შეგრძნება, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ჭინჭრის ციების მსგავსი მქავანა გამონაყარი, კანის, ლორწოვანი გარსებისა და ხორხის შეშუპება, ქოშინი, მსტვენი სუნთქვა, არტერიული წნევის დაცემა.



ბულოზური დერმატოზი მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა, რომელსაც ახასიათებს კანისა და ლორწოვანი გარსების ბულოზური (ბებერული) დაზიანება, ეპიდერმისის ნეკროლიზი თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემის ფუნქციის დარღვევით.


მკურნალი




კომენტარები:

ფართი შოპი