დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

25 Apr 2021 21:22

პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დავით სონღულაშვილმა და თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ და გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჯავრიშვილმა დღეს, გურჯაანში,  საზეიმოდ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტების მოსახლეობას საშუალება მიეცემს ადგილზე, სრულიად უფასოდ მიიღოს თვალთან დაკავშირებული ყველა სახის სამედიცინო დახმარება დაწყებული კონსულტაციიდან, დამთავრებული ოპერაციით და ოპერაციის შემდგომი მკურნალობით.


პირველადი კონსულტაცია, შემდეგი ეტაპი - ოპერაციული მკურნალობა და ბოლოს პოსტოპერაციული მოვლა - ამ ყველაფერს პაციენტები  კომპლექსურად ადგილზე მიიღებენ.


განახლებულმა მოძრავმა კლინიკამ  - „გიორგი ჯავრიშვილის სამედიცინო კომპლექსი კლინიკა ოფთალმიჯი-საოპერაციო ბლოკი“, რომელიც ახტალის პარკში განთავსდა, დღესვე პირველი პაციენტებიც მიიღო და ადგილზე გაუწია კონსულტაცია.


ზოგადად, მოძრავ კლინიკაში მოხდება პაციენტების პირველადი გასინჯვა, შემდეგ კი, საჭიროებისამებრ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აქვე ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდება მათ, ვისაც ეს დაჭირდება და, შესაბამისად, ასევე ჩაუტარდებათ პოსტოპერაციული მკურნალობა. მობილური კლინიკა ისეთ სოფლებშიც ჩავა, რომლებიც ფაქტობრივად მოწყვეტილი არიან რაიონულ ცენტრებს.


როგორც გიორგი ჯავრიშვილმა განაცხადა, მათ კახეთში მართალია ორი ფილიალი აქვთ, მაგრამ მოძრავ კლინიკას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ვინაიდან იგი მიდის ყველგან, სადაც საჭიროა. „ეს მით უფრო მნიშვნელოვანია ახლა, პანდემიის პერიოდში, როდესაც გადაადგილება მოსახლეობას ძალიან უჭირს და  ძალიან კარგია, როდესაც ჩვენ, ექიმები, მივდივართ პაციენტთან. მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდი  დააფინანსებს ოპერაციის ნარჩენ ღირებულებას 50%-ის ოდენობით, ამასთანავე პაციენტებს უსასყიდლოდ მიეწოდებათ ოპერაციის შემდგომი პერიოდის მედიკამენტები“, - განაცხადა „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელმა.


„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი ვართ დღეს. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს  ჩვენი მოსახლეობა.  ანუ ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობით როგორ შეიძლება ერთად ბევრი კარგი საქმის კეთება. ბატონი გია ჯავრიშვილის ინიციატივის  და მემორანდუმის ფარგლებში დღეს, კახეთში, იწყება უფასო გამოკვლევები იმ მოსახლეობის, ვისაც თვალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და, შესაბამისად, ხარჯების იმ ნაწილსაც, რასაც ვერ ფარავს საყოველთაო ჯანდაცვა, ბატონი გია ჯავრიშვილის ფონდი გაიღებს და აქედან გამომდინარე მოსახლეობისთვის იქნება სრულიად უფასო ყველა ის  ღონისძიება, რაც საჭირო იქნება მათი მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, რომლის შეფასებით, მოძრავი ოფთალმოლოგიური კლინიკის სტუმრობა გურჯაანში ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა.


„ეს ღონისძიება იძლევა საშუალებას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდოს ის სერვისი, რის საშულებაც პრაქტიკულად ამის გარეშე არ არსებობს. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგად გამოსაყენებელი სიკეთე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ექიმებს და იმ პოტენციურ პაციენტებს კი, ვისაც ეს მომსახურება სჭირდება, მოვუწოდებ რომ ისარგებლონ ამ სიკეთით, რამეთუ ეს მოძრავი, ერთი შეხედვით თითქოს მცირე კლინიკა, იძლევა ძალიან დიდ საშუალებას, როგორც კვლევით ნაწილში, ასევე საჭიროებისამებრ, ქირურგიული ჩარევის შემთხვევაშიც. აქ მუშაობენ მაღალპროფესიონალი ექიმები, ისე რომ მათ რეალურად შეუძლიათ პაციენტებს მიაწოდონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რაც განაპირობებს თითოეული მათგანის ჯანმრთელობას და კარგ ხედვას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და აქციის ფარგლებში ექიმებს წარმატებული საქმიანობა, ხოლო პაციენტებს ჯანმრთელობა უსურვა.


გიორგი ჯავრიშვილის სამედიცინო კომპლექსის მოძრავი კლინიკა ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტს ეწვევა და იქ მცხოვრებ ყველა მოქალაქეს აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის მიღების შესაძლებლობა ექნება.




კომენტარები:

ფართი შოპი