როგორ გავიგოთ ფრჩხილების მდგომარეობის მიხედვით რა გვაწუხებს

25 Apr 2021 22:47

ჯანმრთელ ფრჩხილს მოვარდისფრო ფერი და გლუვი ზედაპირი აქვს. თუ მან ფერი, ფორმა და სტრუქტურა შეიცვალა, ყურადღების გამოჩენა გმართებთ, რადგან ეს ცვლილება პათოლოგიაზე მიუთითებს. 

ფრჩხილებზე წვრილი ნაჩხვლეტების მსგავსი ჩაღრმავებები ფართოდ არის გავრცელებული ფსორიაზის მქონე ავადმყოფებთან. ასეთი ნაჩხვლეტები შეიძლება, გამოიწვიოს ასევე, შემაერთებელქსოვილოვანი სისტემის ისეთმა პათოლოგიებმა, როგორებიც არის რეიტერის სინდრომი და ბუდობრივი ალოპეცია.
საათის მინისებრი ფრჩხილები, რომელსაც სხვაგვარად ჰიპოკრატეს ფრჩხილებს უწოდებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვის დაავადებებზე მიუთითებს.
თეთრ ფრჩხილებს ტერის ფრჩხილებს უწოდებენ წვერების გასწვრივ ვარდისფერი რკალებით. ასეთი ფრჩხილები, ძირითადად, ხანში შესულ ადამიანებს აქვთ. შესაძლოა, ის სერიოზული დაავადების, მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობის, დიაბეტის, ღვიძლის პათოლოგიის, თირკმლის უკმარისობის, მანიშნებელიც იყოს.
კოვზისებური ფრჩხილები – ამ დროს ფრჩხილის შუა ნაწილი ჩაზნექილია, ნაპირები – ამოზნექილი, ფირფიტა რბილი და მყიფე. ასეთი დაზიანება დამახასიათებელია რკინადეფიციტური ანემიისთვის. მაგრამ არა მხოლოდ, შესაძლოა, ეს მდგომარეობა გულის პრობლემებსა და ჰიპოთირეოზთანაც იყოს დაკავშირებული.
ჰორიზონტალური ხაზები ფრჩხილებზე – შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ნუნების ტრავმულ დაზიანებას, პერიფერიულ სისხლძარღვოვან პათოლოგიებს, დიაბეტს, ინფექციურ დაავადებებს – წითელას, ყბაყურას.
ყვითელი ფრჩხილების სინდრომი – გამოიხატება მოყვითალო პიგმენტაციით, ფირფიტის გასქელებით, ზრდის შენელებით და ნუნების გამოყოფით. ის ხშირად რესპირატორული დაავადების, მაგალითად, ქრონიკული ბრონქიტის მანიშნებელია. თუმცა, შესაძლოა ლიმფედემასთანაც იყოს დაკავშირებული.
ზოგიერთი ჩვევა შესაძლოა, ფრჩხილის სოკოს, ტერფის მიკოზის პრევენციაში ან განმეორებითი ინფიცირების თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს. ამისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:


* ხშირად დაიბანეთ ხელები; დაბანა, ასევე, აუცილებელია ინფიცირებულ ფრჩხილთან შეხების შემდეგ. შეიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი;
* ფრჩხილების დაჭრის შემდეგ დაიმუშავეთ ფრჩხილის კიდეები. ქლიბით შეათხელეთ ფირფიტის გასქელებული ნაწილები. გამოყენების შემდეგ ჩაუტარეთ იარაღებს დეზინფექცია, თუნდაც ჩვეულებრივი სამედიცინო სპირტით ან წყალბადის ზეჟანგით;
* აარჩიეთ ბუნებრივი მასალისგან შეკერილი ფეხსაცმელი, რომელიც სუნთქავს;
* ძველი ფეხსაცმელები დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით ან იხმარეთ სოკოს საწინააღმდეგო პუდრი;
* კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ფრჩხილის ლაქსა და ხელოვნურ ფრჩხილებზე.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი