შალვა პაპუაშვილი: ყველა, ვინც დღეს ამ შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია, ყველა, ვინც ამ შეთანხმებას უარყოფს, დამარცხებული

27 Apr 2021 15:32

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 19 აპრილს ხელმოწერილ, ევროკავშირის პრეზიდენტის მედიაციის ფარგლებში შედგენილ შეთანხმებაში დევს მთავარი  სულისკვეთება, რომელიც ამბობს, რომ უნდა დავასრულოთ   პოლიტიკური უთანხმოება, სოლიდარულად უნდა ვებრძოლოთ პანდემიას, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და ერთად უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფების განხორციელება.


დეპუტატის თქმით, „სწორედ ეს არის ის ოთხი მიზანი, რომლის გარშემოც დღეს ამ ქვეყნის ყველა პატრიოტი უნდა გაერთიანდეს და სწორედ ეს არის ოთხი  ძირითადი საფუძველი ამ ქვეყნის წინსვლისთვის, რომელსაც დღეს ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით განუდგნენ.


ექვსი თვე გავიდა არჩევნების შემდეგ, ეს არ იყო იოლი 6 თვე. დაწყებული 1 ნოემბრის ღამის 3 საათზე  არჩევნების შედეგების გამოცხადების ჩაშლის მცდელობიდან, და დამთავრებული 19 აპრილს შეთანხმების ჩაშლის ბოლო მცდელობით. ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენმა მოსახლეობამ იხილა არჩევნების ეგრეთ წოდებული ტოტალური გაყალბების ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც თავად ყალბი აღმოჩნდა. ადმინისტრაციული რესურსის ტოტალური გამოყენება, რომელიც შემდეგ თავადვე უარყვეს, საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების ნატვრა და ამ ნატვრის შეუსრულებლობით გამოწვეული გაწბილება.


6 თვის განმავლობაში ამ მოდელირებულ რეალობას სთავაზობდნენ ჩვენს მოსახლეობას ქუჩაში, მედიაში, სოციალურ ქსელებში. ამ მოდელირებულ რეალობას აჩეჩებდნენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ ვერავინ დააჯერეს ვერც  ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ.


უპირველეს ყოვლისა ისევ ჩვენი მოსახლეობის მტკიცე უარმა, აჰყოლოდა ამ მოდელირებულ რეალობას, განაპირობა 19 აპრილის შეთანხმება. ჩვენმა მოქალაქეებმა უარი უთხრეს ქვეყნის არევას და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ამ შენობის კედლებში თანამშრომლობა მოსთხოვეს. და ჩვენი მოქლაქეების ეს მოთხოვნა, ისევე როგორც სულისკვეთება, აისახა 19 აპრილის შეთანხმებაში, კერძოდ იმაში, რომ უთანხმოება უნდა დასრულდეს, სოლიდარობა პანდემიის დამარცხებაში, სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება და ევროპული იდეის ერთად განხორციელება.


ყველა, ვინც დღეს ამ შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია, ყველა, ვინც ამ შეთანხმებას უარყოფს, დამარცხებული. მათ მხოლოდ ორი გზა დარჩათ, ან აღიარონ საკუთრი მარცხი, ხელი მოაწერონ შეთახმებას და შემოვიდნენ პარლამენტში, ან ქვეყნის მტრობაში გაჯიუტებულები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ როგორც მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები.


რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის იქნება თავისი სიტყვის და ხელმოწერის ერთგული. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტს, რომელიც 19 აპრილს შედგა, შევასრულებთ ყველა მის პუნქტს და ყველამ იცით, რომ სწორედ დღეს არის დღე, როდესაც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ვალდებულების შესრულება და „ქართული ოცნება“ იმ სულისკვეთებით, რომელიც დევს შარლ მიშელის დოკუმენტში, შეასრულებს ამ ვალდებულებას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე.



 


კომენტარები:

ფართი შოპი