დიმიტრი ხუნდაძე: „ჩემი სურვილია საქართველოში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ „ერთი სამშობლოს“ პრინციპით ვმართოთ ქვეყანა“

27 Apr 2021 15:53

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვიდპანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და ოპონენტებს მოუწოდა სპეკულაციების და უადგილო კრიტიკის ნაცვლად, პანდემიის პროცესი „ერთი სამშობლოს“ პრინციპით მართონ.


„როგორც იქნა მოვახერხეთ ერთად შეკრება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შევძელით კრიზისული სიტუაციის განმუხტვა დიალოგის გზით, მართალია უცხოელი პარტნიორების დახმარებით, მაგრამ მაინც ჩვენი გადაწყვეტილებით. ჩემი სურვილია საქართველოში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ „ერთი სამშობლოს“ პრინციპით ვმართოთ ქვეყანა. ეს უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის სლოგანი და მაშინ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ყველანაირი კომპრომისი ძლიერ მხარედ ჩაითვლება. პოლიტიკურ პროცესებზე უფრო მეტად სახიფათო მაინც არსებული ეპიდვითარება მგონია. გავიარეთ პირველი ტალღა, მეორეც, მივადექით მესამე ტალღას უფრო მეტი მუტივირებული შტამით და უკვე ბევრი გარდაცვლილი ადამიანით. ამ საკითხში არ მიმაჩნია მართებულად სპეკულაცია, პოლიტიკური სარგებლის ძიება და უადგილო კრიტიკა. უმჯობესია აქაც „ერთი სამშობლოს“ პრინციპით ვიმოქმედოთ, სადაც ერთი საზოგადოებაა არის რისკის ქვეშ - ესენი არიან ჩვენი დები, ძმები, მშობლები, შვილები და თანამოქალაქეები, რომლებსაც ერთი პოლიტიკური მრწამსი ვერ ექნებათ. პროცესი რთულად სამართავია, მისი მართვა უჭირს მთელ მსოფლიოს. საქართველომ ყველაზე რთულ პერიოდში შეძლო და არც ერთი პაციენტი მკურნალობის გარეშე არ დარჩენილა. მაგრამ დღემდე 4 ათასამდე ადამიანი დავკარგეთ, თუმცა მსხვერპლი შესაძლოა გაცილებით მეტი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, სჯობდა მეტი ვაქცინა გაკეთებილიყო და ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო, მაგრამ ჩასაფრება, ქილიკი ამ საქმეს ნამდვილად არ წაადგება. რამდენიმე დღეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ხდება და საპატრიარქოსთან კონსულტაციებით გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საფლავებზე გასვლა შევზღუდოთ. პარტიული ტელევიზიები ტირაჟირებენ თითქოს საშინელებას ვაკეთებთ და პანდემიას მხოლოდ საფლავზე გასვლის აკრძალვით ვებრძვით“, -აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.


მისი განცხადებით, რესტორნების გახსნით, საფლავებზე ქეიფით, აქციებით  და საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებით, ასევე ექიმების ლანძღვით და ვაქცინის გაბითურებით ადამიანებს  შემდგომ პერიოდში უფრო მეტ საფლავზე მოუწევთ გასვლა.


„ჩვენ უარესი სცენარისთვისაც მზად ვართ. კლინიკები საჭირო მარაგებით არის უზრუნველყოფილი. 400 ათასი პსრ ტესტი ადგილზეა და რამდენიმე ათასს სწრაფ ტესტს დამატებით დღეს მივიღებთ. პრემიერ მინისტრი უშუალოდ აწარმოებს მოლაპარაკებებს ფაიზერის 1 მილიონი დოზის შემოტანაზე. ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საჯარო მოხელეები - გამგეობის, სამინისტროების თანამშრომლების, პარლამენტარები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. ვაქცინაცია დაგვაახლოებს ერთმანეთთან და პანდემიისგან თავისუფალ სამყაროსთან, ამას კი, ქვეყნის „ერთ სამშობლოს“ პრინციპით მართვა სჭირდება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი