კახა კუჭავა - იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე - უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე

27 Apr 2021 16:52

იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად აისახოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე - უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა


როგორც კუჭავა განმარტავს, გაძლიერდება საზედამხედველო ფუნქციით შემუშავებული საპარლამენტო რეკომენდაციების აღსრულების მონიტორნგის მექანიზმებიც.


„მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ავიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, პარლამენტში დაცული იყოს ძალთა ბალანსი, გადანაწილდეს კომიტეტები და, შესაბამისად, მოხდეს პასუხისმგებლობის გაზიარება მმართველ გუნდთან ერთად იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დღეს ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება.


იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად აისახოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე - უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. უნდა გაიზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ და გახდეს მეტად ინტენსიური და ინკლუზიური.


გაძლიერდება საზედამხედველო ფუნქციით შემუშავებული საპარლამენტო რეკომენდაციების აღსრულების მონიტორნგის მექანიზმები.


ამავე დროს, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საჭიროა როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე მედიასთან უფრო მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული და არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციებისათვის. მნიშვნელოვანად გაიზრდება, კერძო სექტორის ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში.


და ბოლოს, საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანმა პერიოდმა საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, - საზოგადოების პოლარიზებას და დაპირისპირებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი არ მოუტანია. ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და არ დავუშვათ, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას არ გადაჰყვეს ხალხის და ქვეყნის ინტერესები.


მე მჯერა, რომ ამ დარბაზში არ მოიძებნება არცერთი დეპუტატი, ვისაც არ ესმის ვითარების სერიოზულობა და ვერ იაზრებს საკუთარ როლს ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში. ამიტომაც, გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი და რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ შემოგვიერთდება, შეძლებს ქვეყნის ინტერესებისათვის სასარგებლოდ მუშაობას, რასაც ელოდება ჩვენგან ამომრჩეველი. დარწმუნებული ვარ, ამ იმედს არ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს“, - აცხადებს კუჭავა.




კომენტარები:

ფართი შოპი