"არტისტობას ვინ ჩივის, მთელი ცხოვრება წაიღო პაჭაპუჭა საქმეებმა, ლურსმანსა და პურზე სიარულმა..."
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართველ ლეგენდას 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.
კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა. მან 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტიშედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).
აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი ( "ღვთაებრივი კომედია" ), თავადი კოწია ( "გუშინდელნი" ), დევდარიანი ( "საბრალდებო დასკვნა" ), ილიკო ( "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ), სიმონ ჩაჩავა ( "კავკასიურიცარცის წრე" ), ლორდ ჰასტინგსი ( "რიჩარდ III" ), კენტი ( "მეფე ლირი" ), რასპუტინი ( "კვაჭი კვაჭანტირაძე" ), ბატონი დევი ("მერე რა, რომ სველია სველი იასამანი").
გთვაზობთ მსახიობის საინტერესო ინტერვიუს არქივიდან:
- ჩემი ბავშვობაა: მე, ჩემი ძმა და დედა, მამა კი სადღაც გვერდითაა - ხან ჯარში, ხან დაჭერილი. მთელი ბავშვობა ვფიქრობდი, მამა ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ნიჭიერი და საიმედოა-მეთქი. ღონიერი ვიყავი, მაგრამ სულიერი დასაყრდენი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ასეთი კი დედა გახლდათ, მერე ბელა...
სკოლაში რომ შევედი, ზუსტად მაშინ გაიყვნენ ქალები და ვაჟები. დავამთავრე და - შეერთდნენ. რახან ვაჟთა სკოლა მქონდა დამთავრებული, ძალიან მერიდებოდა გოგონების.
კარგად ვსწავლობდი. წამოვიზარდე და... ქუჩა, მეგობრები, გოგონები... ხომ იცით, ამ დროს ათასი საცდურია... ცოტა ავუშვი.
სპორტი მიყვარდა. ჯერ დავრბოდი, მერე ცურვაზე დავიწყე სიარული, წყალბურთსაც ვთამაშობდი, ჩოგბურთსაც, კალათბურთსაც... მუსიკასაც ვსწავლობდი...
როცა მამა ომიდან დაბრუნდა, შინამდე ვერ მოაღწია, გზაში დაიჭირეს. პირველად კა-გე-ბეში შევხვდით ერთმანეთს. 10 წლის ვიყავი. ოთხ წელიწადს არ მენახა და ბუნდოვნად მახსოვდა. დავიმორცხვე. მუხლებზე დაგვისვა. მე მარცხენა მუხლზე, ჩემი ძმა - მარჯვენაზე. მამამ გვკითხა: - მუსიკას სწავლობთო? დავდივართ-მეთქი... მამა მუსიკოსი იყო და პირველ რიგში უნდოდა, მუსიკაზე გვევლო. მამა გვერდით რომ მყოლოდა, აუცილებლად მუსიკოსი გავხდებოდი.
მე ფორტეპიანოზე ვუკრავდი, ჩემი ძმა, იმერი - ვიოლინოზე... მუსიკასაც ვწერდი. თეატრალურ ინსტიტუტში გიზო ჟორდანიამ სტუდენტური სპექტაკლი დადგა, მუსიკა კი მე დავწერე.
fb
ახლა ჩემთვის ვუკრავ და ვწუხვარ, ამის დროც რომ არ მრჩება. მიჭირდა მუსიკაზე სიარული, მაგრამ მამის სიტყვას მაინც არ გადავედი და ათწლედი დავამთავრე. სტიპენდიას დედას ვაძლევდი... ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით. მახსოვს, სკოლაში ფორმები უნდა შეგვეკერა, ჩვენ კი ვერ შევიკერეთ... მერე მამაჩემის ლურჯი ჩოხისგან დიდი გაჭირვებით გამოგვიჭრეს ორი ფორმა.
სკოლა რომ დავამთავრეთ, დედამ გვითხრა: ახლა სადაც გინდათ, იქ ისწავლეთო. მე არტისტობა ვარჩიე. იმერი მომღერალი გამოვიდა. დედა ექიმი იყო, მაგრამ სულ განიცდიდა, - მხატვარი მინდოდა ვყოფილიყავი და მშობლებმა ნება არ დამრთესო. მართლა შესანიშნავად ხატავდა.
ინსტიტუტში კოტე მახარაძე და მალიკო მრევლიშვილი მასწავლიდნენ. სულ მეჩხუბებოდნენ, - პირი გახსენი და ნორმალურად იმეტყველეო. დაკომპლექსებული ვიყავი. სტუდენტობა საუკეთესო ხანაა. იმედიანია...
დილიდან დაღამებამდე თეატრალურში ვიჯექი. ეტიუდებს ვთამაშობდით, სცენებს ვდგამდით. ბელა ჩემზე სამი წლით გვიან მოვიდა თეატრალურში. მაგარი გოგო იყო. როგორ იცოდა ყველაფერი, ადამიანს როგორ გრძნობდა... ხან დავთვრებოდი, ვერ ვიქცეოდი კარგად. გათენდებოდა და ვფიქრობდი, ახლა გუშინდელზე რამე რომ მითხრას, გავგიჟდები-მეთქი. არა, კაცო, არ მეუბნებოდა. და მერე, როცა დრო გავიდოდა და მხიარულს მნახავდა, მაშინ მეტყოდა, - რას ჰგავდი, არ შეგრცხვაო? არასოდეს დაუწუწუნია. იცოდა, რისი შესაძლებლობაც მქონდა და არაფერს ითხოვდა.
გასტროლებზე სიარული დავიწყეთ უცხოეთში და... რა გგონიათ, რა ჩამომქონდა? სულ ჭინჭები! ნიფხავ-პერანგი, მაისური და ნასკი! საგანგებოდ არ ვამბობ წინდას... ვბრაზობ და იმიტომ! ჩემი ხუთი თვის ჯამაგირი ღირდა ჯინსი. 50 მანეთი მქონდა ჯამაგირი... ვინ გადაიხდიდა ამდენ ფულს, როგორ შეიძლებოდა! უცხოეთში რომ დავიწყეთ სიარული, მერე ვიყიდე ჯინსი.
fb
ბელასთვის მთავარი ბავშვების კარგად ყოფნა იყო... ნანუკაზე განსაკუთრებით ვფიქრობდი, ერთხელ ირაკლი აღრიალდა, - შენ მარტო მე მეჩხუბები, ნანუკა უფრო გიყვარსო... ნანუკა კავსაძე რომ არ იყო, მაშინღა გაიგო ირაკლიმ, როცა მისი და თეატრალურში ჩაირიცხა. ჯერ სიებში ეძებდა... ვერ იპოვა... მაშინ უთხრა ნანუკამ, მე დამატებით სიაში ვარო. მერე რვეულებზე ნახა გვარი - ხუსკივაძე. ვინ არის ეს გიჟი, სულ შენთან რომ ტოვებს რვეულებსო, - ჰკითხა დას. მერე ინსტიტუტში მისულიყო. ნანა კავსაძეს ეძებდა... უთხრეს, კავსაძე კი არა, ხუსკივაძეაო... ბელა მიყვებოდა, მოვიდა და მკითხა, - რა, ნანუკა ჩემი და არ არისო?!. ბელამ ისე კარგად იცოდა თქმა და ახსნა, რომ ირაკლიმ ყველაფერი გაიგო.
სულ გადაღებები მქონდა... ამას წინათ "აურზაური სახინკლეთშია" თუ "სალხინეთში", იმას აჩვენებდნენ. რაღაც მოძრაობას ვაკეთებ და ისე გულიანად ვურტყამ ფეხებს, რომ სიამოვნებით ვუყურე. ისე, ჩემი ფილმების ყურება არ მიყვარს. სულ იმას ვფიქრობ, აქ როგორ ჯობდა თამაში, იქ როგორ ჯობდა-მეთქი...
მწარედ მახსოვს "დონ კიხოტის" გადაღებები. თავიდან თუ ვითამაშებდი "დონ კიხოტში"? კი, ოღონდ ხელში მილიონ დოლარს თუ მომცემთ. ფულია ის, რაც ამ ფილმის გადაღებისას სიცოცხლეს შემინარჩუნებს. თუ ისევ იმ პირობებში მომიწია თამაშმა, გადაღების დაწყებისთანავე მოვკვდები. გადაღებებზე ახალციხეში ჩემი მანქანით მივდიოდი. ცხრაჯერ კინაღამ ხევში გადავვარდი.
არტისტობას ვინ ჩივის, მთელი ცხოვრება წაიღო პაჭაპუჭა საქმეებმა, ლურსმანსა და პურზე სიარულმა... დაქანცული ვარ. ნანუკა მეტყვის ხოლმე, - წადი, წამოწექიო... რომ დამეძინოს-მეთქი?! დაისვენე, უნდა დაგეძინოსო. არა, საქმე მაქვს, არ უნდა დამეძინოს-მეთქი! და რა საქმე - პაჭაპუჭა...
ნანუკამაც და ირაკლიმაც მთელი ბავშვობა კულისებში გაატარეს და მაინც მსახიობობა მოინდომეს.
მე მინდოდა, ნანას "საკომკავშირულოზე" ესწავლა და მერე ცეკაში ემუშავა. ვხუმრობ? სულაც არა... მართლა მინდოდა. რომელ მშობელს არ უნდა, შვილი უზრუნველყოფილი ჰყავდეს. არა, არტისტობა მინდაო. ვუთხარი, რომ ტაშის დაკვრამდე და მერეც ბევრი უბედურება ხვდება მსახიობს. რადგან ეს არის პროფესია, სადაც სულ გულსა და სულში გიმიზნებენ და გჭრიან-მეთქი. არ დამიჯერა.
fb
მინდოდა, ირაკლი ფეხბურთელი გამხდარიყო - კარგად თამაშობდა. მერე დაიქცა ქვეყანა... მოხდა ისე, რომ ნანა მჭედლიძემ კინოში გადაიღო ზურიკო ბერიკაშვილი და ირაკლი... კარგად გამოუვიდათ. და ამანაც მსახიობობა მოინდომა! ვკითხე, თანახმა ხარ, ყველაფერს გაუძლო-მეთქი?.. კი, ბატონოო.... სტუდენტობა გადასარევად გაატარა და მერე დაიწყო მურტალი პროზა! შუბლით დაეჯახა სინამდვილეს...
ჰოდა, მერე გული ატკინეს. დატოვა ყველაფერი და წავიდა ამერიკაში.. დაიწყო ამერიკაში მუშაობა და რა... იქაც "კაპეიკებს" აძლევენ. რა ვქნა? იყვნენ, სადაც უნდათ, ოღონდ კარგად იყვნენ... ჩემთვის კი არა, თავისთვის. ირაკლი რომ მიდიოდა, ჩამოვუწერე, როგორ უნდა ეცხოვრა. ისე, რა ჩემი ჩამოწერა უნდა, გადასარევად არის ჩამოწერილი ათი მცნება...
ერთი რამ ვთხოვე კიდევ: არ მიყვარს, როცა ვინმეს ან რამეს ენდობიან, ის უმტყუნებს და - არ მეგონაო, იტყვიან. თუ ვინმე საიმედო იქნება, ის გაგიხარდეს და გაგიკვირდეს. რომ მიეყრდნობი კედელს და არ დაინგრევა, ესაა საოცრება. ხომ ხედავთ, ყველაფერი ინგრევა!
ნდობაც უნდა შეგეძლოს, მაგრამ ჭკუით. გმირობა არც უნდა მოითხოვო და გმირებს არც უნდა ელოდო. ამას ვეუბნები შვილებს: "არ მეგონა" არ გამაგონოთ-მეთქი!
45 წლისას გარდამეცვალა დედა და მაშინ ვიგრძენი, რომ დავობლდი...
ჩემი ცოლი იყო ჩემი სულიერი დასაყრდენი, ისიც რომ წავიდა, დავრჩი მარტო... ვაანალიზებ ჩემთვის: შვილებისთვის ახლა მე ვარ დასაყრდენი. ვიცოდი, რომ დედაჩემი წავიდოდა, ამას შეგუებული ვიყავი, ახლა ისინიც ეგუებიან, რომ მე წავალ...
"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი მსახიობის გარდაცვალების გამო, უსამძირებს ოჯახსა და სრულიად საქართველოს.