ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

28 Apr 2021 15:03

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა.


შეხვედრის მთავარი თემები იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის  მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი ახალი რეალობა და  ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ საქმეებს შეეხება.


„უკრაინის ელჩთან საუბარი გვქონდა იმ ახალ რეალობაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შეიქმნა, როცა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერი დეპუტატები შემოვიდნენ. სტუმარს  დეტალური ინფორმაცია  მივაწოდე პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფების შესახებ.  ასევე, ვისაუბრეთ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.


ბატონ ელჩს მივაწოდე ინფორმაცია თუ რატომ მოხდა  პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილება. როგორც  უკრაინის ელჩმა აღნიშნა, მისთვის სასიამოვნო იყო ბატონ არჩილ თალაკვაძესთან თანამშრომლობა და ასევე, სასიამოვნო და პროდუქტიული იქნება საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან თანამშრომლობა“, - განაცხადა  შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ქადაგიშვილმა.


მისივე თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაზე საუბრისას, უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისთვის, რომ ევროკავშირის მედიაციით შექმნილი დოკუმენტი შესრულდეს და პირობები, რომელიც  ამ დოკუმენტშია მოცემული აღსრულებული იყოს, რადგან  ეს არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის გაკეთებული. 


მხარეებმა,  ასევე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე.


„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შევეხეთ ორმხრივ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ეს ურთიერთობები იყო, არის და იქნება ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციული“, - აღნიშნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი