ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 29 აპრილს გაიმართება

28 Apr 2021 20:11

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ, 29 აპრილს გაიმართება.


პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის გასულ პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.


ექნება თუ არა ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობა, ეს უცნობია. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ხვალ ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლების შანსი აქვს.


ამასთან, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ მისთვის გირაოს გადახდაზე თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი, ამნისტიის შესახებ ახალ კანონპროექტს გაიწვევენ.


ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.


ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.


სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.


პროკურატურას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.




კომენტარები:

ფართი შოპი