დღეს, 29 აპრილს თბილსის საქალაქო სასამართლოში "ფორმულას" ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდამსხმელების პროცესი გაიმართება. სასამართლოსთან მისვლას აპირებს "უცნობი", იგივე გია გაჩეჩილაძე, რომელიც ძალადობაში ბრალდებულებს თავდებში უდგება და მათ გათავისუფლებას ითხოვს.
სასამართლომ სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილისა და ვაჟა გიგაურისთვის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვაზე უნდა იმსჯელოს.
"თუკი სასამართლო მოიქცევა არაადეკვატურად და ამ ხალხს გაუშვებს მაგალითად გირაოთი, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ მიდით, სხვა შემთხვევაშიც შეგიძლიათ ასე მოიქცეთ და სასჯელი იქნება ძალიან მსუბუქი, ან საერთოდ არ იქნება.
ის, ვინც უცნობის დაძახილზე შეიძლება გავიდეს და სადღაც დადგეს, ეს ჯგუფი, არის ძალადობის მხარეს, ცალსახად, იმიტომ, რომ იცავენ მოძალადეებს, ამბობენ ტყუილებს, რომ იქ არაფერი მომხდარა და ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ ეს ადამიანები მე და ჩემ ოჯახს დაგვესხნენ თავს", - თქვა ვახო სანაიამ.
ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.
მთავარი არხი