ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - ვერ დააშინებთ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ

29 Apr 2021 15:31

ყველამ, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციას დაარღვევს, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.


როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნება“ კანონპროექტს ღამით, ჩუმად განიხილავს და ადამიანებს თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ეძლევათ.


„ეს არის პოლიტიკური თემა და არა მუხლებით და პუნქტებით სასაუბრო. განმარტებით ბარათში ერთადერთ დასაბუთებად გიწერიათ, რომ თურმე ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა პროტესტმა და სამართალდარღვევების ფორმას იძენს და ამიტომ უნდა გაიზარდოს ჯარიმები. ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებაში პროტესტი რომ იმატებს, ეს იმის გამო ხდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააფლავა ეკონომიკის, მართლმსაჯულების, სოციალური პოლიტიკის და ბევრი სხვა რეფორმა და ადამიანებს უჩნდებათ პროტესტი. მართლა გჯერათ, რომ მუხლებით შეაჩერებთ საზოგადოების პროტესტს, რომელიც ძალიან ლეგიტიმურ ნიადაგზე წარმოიშვება? ამის მართლა გჯერათ? ეს არის 1984 წელს მიღებული კოდექსი, რომელშიც ცდილობთ კიდევ ერთხელ შეიტანოთ ცვლილებები, რომელიც ახშობს პროტესტის უფლებას.


ვერ დააშინებთ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ. სამარცხვინოა, რომ ამას ცდილობთ ღამით, „კომენდანტის საათის“ დროს, ჩუმად და ადამიანებს თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი