აგრარულ საკითხთა კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს

29 Apr 2021 16:07

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში შემოსული წერილობითი მოსაზრებების თაობაზე გამართული ზეპირი მოსმენის ფარგლებში კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყების - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინა.


როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლთან დაკავშირებით, დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების, ასოციაციების, სპეციალისტების, თვით კოოპერატორთა მოსაზრებების გაცნობის შემდეგ, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სისტემურ განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე იმის თაობაზე, თუ რამდენად შესრულდა კანონის მიზანი, რა არის დამატებით გასაკეთებელი სისტემის განსავითარებლად და, საერთოდ, როგორია სამინისტროს ხედვები ამ მიმართულებით.


„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლთან დაკავშირებით კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა შალვა კერესელიძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ჯგუფის წევრებმა შეხვედრები ასევე გამართეს კოოპერატივების წარმომადგენლებთან თითქმის ყველა რეგიონში, რათა უშუალოდ მათგან მოესმინათ, კანონის ფარგლებში აწყდებიან თუ არა პრობლემებს, რაც კოოპერატივების განვითარებას უშლის ხელს. მისივე თქმით, სამინისტროს ამ წლების განმავლობაში დიდი შრომა და რესურსი აქვს ჩადებული კოოპერაციის განვითარებაში, იქნება ეს კანონმდებლობა თუ მიზნობრივი პროგრამები, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ შედეგი მაინც არ არის ისეთი, როგორსაც ელოდნენ. შალვა კერესელიძის თქმით, კოოპერატორთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ განვითარებისათვის მთავარი ამოსავალი მაინც სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებია.


დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსი კოტე ხუცაიძე.


გიორგი ხანიშვილის განცხადებით, კითხვები, რომლებიც დასმულია, ლეგიტიმურია, მაგრამ ბევრი პროექტისთვის და შეფასებისთვის ეს არის ჯერჯერობით ნაადრევი იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს დასკვნის გაკეთება როგორ დაძლია სიღარიბე სოფელში ამ კოოპერატივებმა, როგორია მოსახლეობის ადგილზე დამაგრება და ა. შ. მისი თქმით, განვლილი სამი-ოთხი წლის განმავლობაში, რაც კოოპერატივები მუშაობს, ცალსახად  ყველაფერზე პასუხის გაცემა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, ვინაიდან ერთეული შემთხვევები ბევრს ვერაფერს გააკეთებს. 


„თუმცა, ზოგადად, ჩვენ რომ ვისაუბროთ პროექტების პარამეტრებზე განვლილი ხუთი წლის განმავლობაში, 30 მილიონ ლარზე მეტი არის გაცემული იმ პროექტის მიმართულებით, რასაც ჰქვია კოოპერაცია საქართველოში, რაც არის ჩვენი სამინისტროს ეგიდით ერთ-ერთი ყველაზე მაღალ-ბიუჯეტიანი დაფინანსება“, - განაცხადა  მინისტრის პირველმა მოადგილემ, ამასთანავე, მისივე ინფორმაციით ამ მიმართულებით ENPARD-ის ჩართულობით, ოთხი კონსორციუმის მიერ აღნიშნული მიმართულებით კიდევ უფრო მეტი დაიხარჯა.


როგორც გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, ყოველივე ამის მიუხედავად, და იმის მიუხედავად, რომ გვაქვს საკმაოდ კარგი კანონი, პრობლემები მაინც არსებობს და მან კანონმდებლებს პრობლემების ძირითად არსზეც მიაწოდა ინფორმაცია.


შეხვედრა ძირითადად დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, საუბარი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებებსაც დაეთმო, სადაც კოოპერატივები განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იმყოფებიან. სამინისტროს მხრიდან ისიც აღინიშნა, რომ გაწეული საქმიანობის მიუხედავად, მაინც ათეული წლები დაგვჭირდება საქართველოს მოსახლეობის იმ კონდიციამდე მისაყვანად, რომ დაიჯერონ კოოპერაციის სიკეთეები. სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული შენიშვნებიც მისაღებია, რათა კოოპერატივების განვითარებამ ქვეყანაში შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.


ნინო წილოსანის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, სამუშაო ჯგუფი მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოსაზრებებს წარმოადგენს და კარგი იქნება, თუკი სამინისტროსთან ერთობლივად შეიმუშავებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც რეალისტური და სასარგებლო იქნება ამ სისტემის შემდგომი განვითარებისათვის. 


ამგვარად, ზეპირი მოსმენების დასრულების შემდეგ, კომიტეტი შემაჯამებელ ანგარიშს მოამზადებს, რომელშიც აისახება დასკვნები და რეკომენდაციები, და  თუ აუცილებელი გახდება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზეც დაიწყება მუშაობა.


პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 




კომენტარები:

ფართი შოპი