"არ მჯერა ვახო სანაიასი - ბრალდებულები უსამართლოდ არიან ციხეში"

29 Apr 2021 16:31

"არ მომხდარა იქ ჯგუფური თავდასხმა და არ მჯერა ვახო სანაიასი. მე მჯერა ჩემი შინაგანი სიმართლის - განცდა მაქვს, რომ ბრალდებულები უსამართლოდ არიან ციხეში, ისინი უნდა გათავისუფლდნენ", - ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


გაჩეჩილაძის თქმით, ის მოითხოვს, რომ ვიდრე ბრალის დამტკიცება არ მოხდება, ბრალდებულები გათავისუფლდნენ.


"ბრალდება შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ ვიდრე განაჩენი არ იქნება, ესენი არ არიანმოძალადეები. მე დარწმუნებული კი არ ვარ, მე ველოდები გამოძიებას და გამოძიებამდე არ შეიძლება ადამიანებზე ძახილი იმის, რომ შენ ხარ მოძალადე და შენ ხარ დამნაშავე. რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი ჩვენ ქვეყანაში.


მე ველოდები გამოძიებას. მე არ ვიცი რა მოხდა. არ მომხდარა იქჯგუფური თავდასხმა და არ მჯერა ვახო სანაიასი. მე მჯერა ჩემი შინაგანი სიმართლის.


მე მაქვს განცდა, რომ ისინი უსამართლოდ არიან ციხეში. რა მოხდა იმ დღეს მე ამის გარკვევა მინდა. სანაიასგან ხომ მოვისმინე? ახლა მინდა ამ ბიჭებისგანაც მოვისმინო. რატომ უნდა ვუსმინო მხოლოდ სანაის. სანამ ორივე მხარეს არ მოვუსმენ დასკვნას ჩემით ვერ გამოვიტან.


ეს ბიჭები უნდა გათავისუფლდნენ და თავიანთ ოჯახებში დაელოდონ გამოძიებას. აღდგომა მოდის და ცოტა შემწყნარებლები უნდა ვიყოთ ადამიანების მიმართ" ,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.


ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირის - სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილის და ვაჟა გიგაურისთვის შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.


სამართალდამცავებმა სამივე პირი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კვირის პალიტრა




კომენტარები:

ფართი შოპი