6 მიზეზი, რის გამოც შეიძლება check engine ნიშანმა აანთოს

29 Apr 2021 17:35


საჭესთან ხართ, თავში ათასი საქმე გიტრიალებთ და უცბად, თითქოს არსაიდან, მაჩვენებელთა დაფაზე რაღაც ინთება. ფორმით თითქოს მანქანის ძრავას ჰგავს, გვერდით კი შეიძლება ასევე ეწეროს სიტყვები „check“ ან „check engine“. ეს გახლავთ სასიგნალო ნათურა „შეამოწმეთ ძრავა“ (check engine light) — კაცობრიობისთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სანახაობა.


თუ ასეთ სიტუაციაში თქვენც აღმოჩნდით, ორი ამბავი გვაქვს, კარგი და ცუდი. კარგი ის არის, რომ check engine ნათურა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ თქვენს მანქანას რაღაც საშინელება დაემართა. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ამ ნათურის ანთება შეიძლება მართლაც ამას ნიშნავდეს — თქვენს მანქანას რაღაც სჭირს. თუმცა, არ ინაღვლოთ, ყველაფერს აგიხსნით.

რატომ აინთო Check Engine?


ეს მანიშნებელი შეიძლება მრავალი მიზეზის გამო აინთოს. მაგალითად, ისეთი მარტივი რაღაცის გამოც კი, როგორიც არის ბენზინის ავზის თავსახურის დაკარგვა. თუმცა, ასევე შეიძლება აინთოს გაცილებით სერიოზული მიზეზის გამო, როგორიც არის, მაგალითად, ძრავის რაიმე კომპონენტის მწყობრიდან გამოსვლა. იმისათვის, რათა რეალურად გაიგოთ, რა სჭირს თქვენს მანქანას, საუკეთესო გამოსავალია პროფესიონალური დიაგნოსტიკა.

რას შეუძლია გამოიწვიოს Check Engine-ის ანთება?

ეს მანიშნებელი უთვალავი მიზეზის გამო შეიძლება აინთოს, რადგან წარმოადგენს თქვენი მანქანის საბორტო სადიაგნოსტიკო სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს. თქვენი ავტომობილის კომპიუტერი გამაფრთხილებელ ნიშანს მაშინვე ანთებს, როგორც კი ძალური გადაცემის სისტემაში (ძრავა, ტრანსმისია და მათთან დაკავშირებული კომპონენტები) რაიმე ისეთ პრობლემას დააფიქსირებს, რამაც შეიძლება გამონაბოლქვის რაოდენობა გაზარდოს.


მაგალითად, ის შეიძლება აინთოს საწვავის ავზის თავსახურის ხარვეზის შემთხვევაში, რის გამოც, საწვავი შეიძლება აორთქლდეს. მანიშნებელი შეიძლება აინთოს შიგაწვის ძრავის ისეთი პრობლემის შემთხვევაშიც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასში საწვავის ვერ აფეთქება და შესაბამისად, ნახშირწყალბადთა გამონაბოლქვის ზრდა. ამავე დროს, საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ყოველი მანქანა ერთმანეთისგან განსხვავდება და ამ მანიშნებლის ანთების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იცვლებოდეს მანქანის მოდელისა თუ გამოშვების წლის მიხედვით.


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაბამისი დიაგნოსტიკის გარეშე, მიზეზის ზუსტად ამოცნობა შეუძლებელია.


მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ნათურის ანთების მიზეზი ძალურ აგრეგატთან დაკავშირებული პრობლემაა. ხარვეზი რომ მაგალითად ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემაში იყოს, მაშინ ABS-ის ნიშანი აინთებოდა და არა ძრავის.


მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ დღეს ავტომობილებში მრავალი სხვადასხვა ნაწილი მჭიდროდ არის ურთიერთდაკავშირებული, უიშვიათეს შემთხვევებში, ერთ ქვესისტემაში გაჩენილმა პრობლემამ (მაგალითად, ბლოკირების საწინააღმდეგო) შეიძლება გამოიწვიოს გაფრთხილების ნათურის ანთება სხვა სისტემაში (მაგალითად, ძალური აგრეგატის). თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, check engine ნიშანი ნიშნავს პრობლემას ძალურ აგრეგატში ან მასთან დაკავშირებულ კომპონენტებში.

მუდმივიდ მოციმციმე Check Engine ნიშანი

Check Engine ნათურის მნიშვნელობა შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, ის მუდმივად ანთია თუ ციმციმებს.


ორივე მათგანი მიუთითებს პრობლემის დაფიქსირებაზე, მაგრამ მოციმციმე ნიშანი მიგვანიშნებს იმაზე, რომ პრობლემა სერიოზულია და მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას. თუ ასეთი რამ შენიშნეთ, სასურველია, მანქანა რაც შეიძლება სწრაფად წაიყვანოთ დიაგნოსტიკაზე.


ზოგიერთ მანქანაში, ასეთი გადაუდებელი სიტუაციების დაფიქსირებისას, ძრავის ნიშანი არ ციმციმებს და ამის ნაცვლად ის არა ყვითლად, არამედ წითლად ან ნარინჯისფრად ანთია.


საუკეთესო გამოსავალი კი მაინც ის არის, როგორც არ უნდა აინთოს check engine ნიშანი, სწრაფად მიიყვანოთ მანქანა დიაგნოსტიკაზე და შეაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანება შეიძლება გაცილებით ძვირი დაგიჯდეთ.

Check Engine-ის ანთების ყველაზე ხშირი მიზეზები


1. ძრავის პრობლემები

თავისთავად ცხადია, რომ ძრავაში არსებულმა პრობლემებმა შეიძლება ამ ნიშნის ანთება გამოიწვიოს. ძრავის მუშაობას საკონტროლო მოდული სენსორების საშუალებით მეთვალყურეობს. როდესაც ის პრობლემას დააფიქსირებს, check engine ნიშანს ანთებს.


2. გადაცემათა კოლოფის პრობლემები

თქვენი მანქანის გადაცემათა კოლოფი მანიპულირებს ძრავის სიმძლავრეზე და მას თვლებს გადასცემს. იმის გამო, რომ ეს ორი სისტემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მუშაობს, გადაცემათა კოლოფში გაჩენილ პრობლემას ასევე შეუძლია გაზარდოს გამონაბოლქვი. შესაბამისად, თუ საკონტროლო მოდული ტრანსმისიაში პრობლემას დააფიქსირებს, check engine ნიშანს აანთებს.


3. გამოსაბოლქვი სისტემის პრობლემები

თანამედროვე ავტომობილებს ზედმეტად ბევრი გამოსაბოლქვი აღჭურვილობა აქვს. მათ შორის არის გამონაბოლქვი აირის რეცირკულირების სისტემა, კატალიზური კონვერტერი, ანაორთქლი გამონაბოლქვის სისტემა და ა. შ. ფაზლის თითოეული ნაწილი შექმნილია გამონაბოლქვის მინიმუმამდე შესამცირებლად, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება.


თითოეული ამ დეტალის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ გამოსაბოლქვის სისტემის ხარვეზს მარტივად შეუძლია check engine ნიშნის ანთება.


4. მოდულებისა და სენსორების (ძალური აგრეგატის ელექტრონული კონტროლის) პრობლემები

თანამედროვე ძალური აგრეგატები მრავალი სენსორითა და მოდულით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, მოდულები ერთმანეთს მონაცემთა საკმაოდ ფართო ქსელით ეკონტაქტება. მოდულების, სენსორების, ქსელებისა და ელექტროსადენების გაყვანილობამ შეიძლება მარტივად გამოიწვიოს check engine ნიშნის ანთება.


5. ჰაერის/საწვავის მიწოდების პრობლემები

თქვენი მანქანის ძრავას ჰაერისა და საწვავის სწორი ოდენობით მიწოდება სჭირდება. როდესაც მას ძალიან ბევრი ერთი ან მეორე მათგანი მიეწოდება, საკონტროლო მოდული ამას ამჩნევს. ამის შემდეგ, მოწყობილობა check engine ნიშანს ანთებს.


6. აალების სისტემის პრობლემები

აალების სისტემა მოიცავს აალების სანთლებს, კოჭებს და ყველაფერს, რაც ძრავაში ჰაერისა და საწვავის ნაზავის აალებისთვის არის საჭირო. ალბათ მიხვდით, რომ აალების სისტემის მოქმედებას საკონტროლო მოდული მეთვალყურეობს. ნებისმიერი პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ აანთებს check engine ნიშანს.

არის თუ არა უსაფრთხო მანქანის მართვა მაშინ, როდესაც check engine ანთია?

ყურადღება მიაქციეთ თქვენი მანქანის მუშაობას. რაიმე უცნაური ხმები გესმით? კვლავ რბილად დადის თუ შეჩერებები და ვიბრაცია აქვს?


თუ უჩვეულო არაფერი შეგინიშნავთ, სავარაუდოდ, სვლის გაგრძელება და უსაფრთხო ადგილამდე მისვლა დიდ პრობლემას არ გამოიწვევს, მაგრამ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანოთ მანქანა დიაგნოსტიკაზე, რათა თავიდან აიცილოთ შემდეგი დაზიანება.


მაგრამ თუ მანქანის მართვაში რაღაც ცვლილებები შენიშნეთ ან მაჩვენებელთა დაფაზე სხვა ნიშნებიც აინთო, საუკეთესო გამოსავალია, მანქანა რაც შეიძლება სწრაფად გააჩეროთ. შეანელეთ მართვა და ეცადეთ, თავი შეიკავოთ გაზზე სწრაფი დაჭერისა და სიჩქარის სწრაფად შეცვლისგან.

როგორ მოვიქცეთ?


პროფესიონალთან დიაგნოსტიკაზე მისვლამდე დანამდვილებით ვერ გეცოდინებათ, რატომ აგინთოთ მანქანამ check engine ნიშანი. გამაფრთხილებელი შეიძლება მიანიშნებდეს რაღაც უბრალოსა და მარტივზე ან მართლაც სერიოზულ მიზეზზე, რომელსაც თქვენი მანქანის დაზიანება შეუძლია.


check engine-ის ანთების შემთხვევაში, გირჩევთ, პირველ რიგში შეამოწმოთ საწვავის ავზის თავსახური. გახსოვდეთ, რომ ეს ნიშანი შეიძლება მაშინაც აინთოს, თუ ავზის თავსახური სათანადოდ არ არის მოჭერილი. შესაბამისად, მისმა მოჭერამ შეიძლება პრობლემა გადაჭრას. თუ ნიშანი ჩაქრა, მანქანის დიაგნოსტიკაზე წაყვანა აღარ გჭირდებათ, მაგრამ თუ არ ჩაქრა, შეიძლება მიანიშნებდეს მანქანაში არსებულ უფრო სერიოზულ პრობლემაზე.


არ გარისკოთ. check engine ნიშნის ანთებისთანავე მანქანა დაუყოვნებლივ წაიყვანეთ პროფესიონალურ დიაგნოსტიკაზე.


booster.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი