სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციები

30 Apr 2021 17:28

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებში განსხვავებული და საინტერესო ტრადიციები აქვთ. აი, რამდენიმე, ჩვენი აზრით, ყველაზე ორიგინალური.


აღდგომა გერმანელებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მისი მთავარი პერსონაჟი კი საშობაო ბაჭიაა. აღდგომის ღამეს მშობლები შეღებილ კვერცხებს მალავენ, რომლებიც ვითომ ბაჭიებმა გადამალეს და დილით ბავშვებმა უნდა იპოვონ. მხიარულება მთელი დღე გრძელდება. აღდგომაზე გერმანელები ერთმანეთს საჩუქრებსაც უძღვნიან. ეს შეიძლება იყოს: ტკბილეული, სუვენირი, შოკოლადის ბაჭია. ქუჩებში კი ბაჭიის ფორმაში გადაცმული ადამიანები დადიან, რომლებიც კალათით შოკოლადის კვერცხებს ატარებენ და გამვლელ პატარებს უმასპინძლდებიან.


გერმანელების სააღდგომო სუფრის მთავარი კერძი შემწვარი თევზია. დესერტი - სხვადასხვა ფორმის ორცხობილა. სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს ნარცისების თაიგული. ის აღდგომის ერთ-ერთი სიმბოლოა. სადილობის შემდეგ გერმანელები სტუმრად მიდიან, მასპინძლები კი შოკოლადის ორცხობილითა და ჩაით უმასპინძლდებიან. გერმანელების რწმენით, ვინც მათ აღდგომაზე შეხვდებათ, მთელი ცხოვრება ერთგული მეგობრები იქნებიან. ამ დღეს ჩხუბი ყოვლად დაუშვებელია, რათა სამუდამო მტრები არ შეიძინოთ.


ბულგარეთში შეღებილ კვერცხებს სააღდგომო პურის გარშემო ალაგებენ. ქართველების მსგავსად, ბულგარელებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კვერცხების ჩატეხვაში და ამასთანავე, ერთმანეთს ბედნიერებას უსურვებენ. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბატკნის კერძისგან მომზადებული კერძი, წითელი ღვინო და ბოსტნეულის სალათა.


იტალიის სუფრის მთავარი მშვენება კოლომბაა, რომელსაც ლიმონის არომატი და ნუში აქვს დამატებული. ზოგჯერ მას მტრედის ფორმა და თეთრი მინანქარი აქვს. სადილზე კი ცხვრის ხორცის კერძი უნდა ჰქონდეთ. აგრეთვე, ფენოვანი ცომის ღვეზელი მოხარშული კვერცხითა და ყველით.


პოლონელი მამაკაცები წკეპლებით მსუბუქად სცემენ მანდილოსნებს, რათა ისინი კიდევ უფრო გალამაზდნენ და გაბედნიერდნენ. დიასახლისები სუფთა ხუთშაბათს "ბაბკასა" და "მაზურკას" აცხობენ. "ბაბკა" ცილინდრის ფორმის საფუვრიანი ცომის ტკბილეულია, გულსართად კი შოკოლადი ან მარციპანი აქვს. "მაზურკა" - ფხვიერი ღვეზელია. მას შაქრის კვერცხებით, კრემის ყვავილებითა და შოკოლადის ფოთლებით რთავენ. სუფრაზე ბედნიერების მომტან 7 სიმბოლოს დებენ: პური, მარილი, ლორი, ყველი, პირშუშხა, კვერცხი და დესერტი. აღდგომის მომდევნო დღეს პოლონელები წყაროზე საბანაოდ მიდიან. ვისაც ამის საშუალება არა აქვს, ბედნიერების დასაბედებლად, გამვლელებს წუწავს.


ჰელსინკის ერთ-ერთ სოფელში საინტერესო ტრადიცია აქვთ: ახალგაზრდები მთელი ღამე მანქანებით დადიან და დოლზე დაკვრით მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულის დადგომას ულოცავენ.


სააღდგომოდ ბერძნები ცეცხლს ანთებენ. ზოგიერთ რეგიონში კოცონზე იუდას ფიტულს წვავენ, მაგრამ ცეცხლს სხვა დატვირთვაც აქვს. ერთი მხრივ, იგი იმ კოცონის სიმბოლოა, რომელთანაც პეტრე თბებოდა, მეორე მხრივ, ცეცხლი ტაძრიდან გამოსული ან ტაძარში ვერმისული ხალხის გასათბობადაა ანთებული. ბერძნებს, ჩვენი ბზის ნაცვლად, პალმისა და მურტის ტოტები აქვთ. სუფრაზე - ფხვიერი ორცხობილა "კულურაკია", წითლად შეღებილი კვერცხი, წითელი ღვინო და წვნიანი "მაგირიცა", რომელიც ცხვრის ხორცით, კვერცხითა და ლიმონის წვენით მზადდება.


ფრანგები სააღდგომოდ სახლს მხიარულ ფერებში რთავენ. მთავარი სიმბოლო ზანზალაკებია. მათი ხმა ბედნიერების მომასწავებელია. ზანზალაკებს ისე კიდებენ, რომ მთელი დღე მათი ხმა ისმოდეს. სუფრაზე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შემწვარი წიწილა, დესერტზე - შოკოლადის გულსართიანი ფუნთუშა. ერთ-ერთი ტრადიციის მიხედვით, მშობლები ბავშვებს შოკოლადის კვერცხებს უმალავენ, რომლებიც ბავშვებმა უნდა იპოვონ. უცნაურია, მაგრამ აღდგომის მეორე დღეს ფრანგ ქალს უფლება ეძლევა, ქმარს სცემოს, ხოლო სამაგიეროს გადახდა მეუღლეს მეორე დღეს შეუძლია.


შვედეთში ავი სულების დასაფრთხობად ცეცხლს ანთებენ. ზოგჯერ ერთმანეთსაც ეჯიბრებიან, ვის უფრო დიდი და ნათელი კოცონი ექნება. ჯადოქრების ფორმაში გამოწყობილი ბავშვები კი კარდაკარ დადიან და ტკბილეულს ითხოვენ.


ისლანდიელები აღდგომაზე ერთმანეთს ხელით მოხატულ, დამზადებულ კვერცხებს ჩუქნიან. აგრეთვე - მისალოც ბარათებს სურვილებითა და ბრძნული გამონათქვამებით. სუფრის მთავარი მშვენება ბატკნის კერძია ბოსტნეულის გარნირით, დესერტად - ორფეროვანი ორცხობილა.


აღდგომის დილას ინგლისელ ბავშვებს ბალიშის ქვეშ შოკოლადის კვერცხები, ბაჭიები და საჩუქრები ხვდებათ. სააღდგომო სადილზე მთელი ოჯახი იკრიბება. სუფრაზე აუცილებლად აქვთ: ცხვრის კერძი, სააღდგომო ტორტი და ჯვრისგამოსახულებიანი პური. აგრეთვე - შოკოლადის კვერცხები და ბაჭიები. სხვათა შორის, ინგლისელები სააღდგომოდ ქათმის კვერცხის გარდა, ბატისა და სირაქლემას კვერცხებსაც კი ღებავენ.


ინგლისელები დიდ ხუთშაბათს მოწყალების დღეს ეძახიან. მონარქი იმდენ ადამიანს ასაჩუქრებს, რამდენი წლისაც გახდება იმ წელს. ეს ტრადიცია 5 საუკუნის წინ დამკვიდრდა. იყო დრო, როცა მონარქი ტანსაცმელსა და ოქროს მონეტებსაც კი არიგებდა. აღსანიშნავია, რომ კენტ წლებში სააღდგომო ცერემონიას ვესტმინსტერის სააბატო, ხოლო ლუწებში ქვეყნის მთავარი ტაძარი მასპინძლობს.


აღდგომის დილას ინგლისელები წითლად შეღებილ კვერცხებს გორაკებზე აგორებენ. ვისიც პირველი ჩაგორდება, გამარჯვებულიც ისაა. ეს ტრადიცია ბრიტანელებმა ამერიკაშიც ჩაიტანეს. ყველაზე დიდი შეჯიბრი ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა. ამერიკელები ერთმანეთს ტკბილეულითა და კვერცხებით ასაჩუქრებენ. ზოგჯერ გასართობშიც მონაწილეობენ, მუყაოსგან გაკეთებულ კვერცხში ჩამალულ კითხვას უნდა გასცენ პასუხი. სააღდგომო სუფრაზე კი აქვთ ლორი ანანასითა და კარტოფილით, ხილისა და ბოსტნეულის სალათები.


ავსტრალიის საკონდიტროებში სააღდგომოდ შოკოლადისა და შაქრის კვერცხებსა და ბაჭიებს ამზადებენ. ოჯახებში სუფრაზე შემწვარი ცხვრის ხორცი აქვთ, ბოსტნეულის გარნირით. დესერტად - ბეზეს ტორტი ხილით. ეკლესიაში წასვლამდე კი საუზმეზე ტკბილ, ცხელ ფუნთუშებს მიირთმევენ. სადილის შემდეგ ავსტრალიელები პიკნიკს აწყობენ. ასევე, მიღებულია წყალში ბანაობა.


ხოლო თუ ავსტრალიელმა იმ წელს დაქორწინება გადაწყვიტა, წყაროზე წყალს აავსებს და მთელი წელი შეინახავს, რათა ქორწინება წყაროს წყალივით სუფთა და გამჭვირვალე იყოს. ავსტრალიელები წითლის გარდა, კვერცხებს გაზაფხულისა და იმედის ფერში - მწვანედაც ღებავენ. ხოლო სტამბულში მცხოვრები ქრისტიანები - ყვითლად, რადგან იგი ოქროსთან ასოცირდება.


მარაო




კომენტარები:

ფართი შოპი