„სირცხვილი არ არის, მიხვიდე მაკო გომურთან და უთხრა – ბოდიში?!“ – ხათუნა გოგორიშვილი

30 Apr 2021 19:56

რა ვერ გააკეთა სწორად ოპოზიციამ, რატომ გაუჩნდა ხალხს ნიჰილიზმი პოლიტიკური აქტორების მიმართ – ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი საუბრობს.



– ოპოზიციაში მწვავე დისკუსიაში გადაიზარდა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი. არ გგონიათ, რომ დრო მოვიდა, ისევ დიალოგის რეჟიმში გადახვიდეთ?


– ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რაც ოპოზიციამ უნდა გავაკეთოთ. საქმე ის გახლავთ, რომ თუ რაიმე შედეგი დაიდო, ეს შედეგი დაიდო ერთობით. შედეგი რომ დაიდო, ამას ისიც მოწმობს, რომ გიორგი რურუა თავისუფალია. ეს იყო ერთიანობის შედეგი და სხვა არაფრის. ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებები გვერდზე გადაიდოს და საერთო რაც არის, იმაზე ვიფიქროთ. ერთიანობით არის შესაძლებელი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამარცხება.


– რა გაძლევთ საფუძველს, თქვათ, რომ „ოცნებას“ დაასრულებთ? ვნახეთ, არჩევნებზე რა შედეგიც დადეთ. იმის მიუხედავად, როგორც ჩატარდა, მაინც არასასურველი შედეგი დადეთ. ვხედავთ კვლევებსაც, სადაც მცირდება ოპოზიციის რეიტინგი.


– ოპოზიციის რეიტინგი პირდაპირ დამოკიდებულია მისი ამომრჩევლების დამოკიდებულებაზე. როდესაც ადამიანს გააჩერებ ქუჩაში და რაღაცას ჰკითხავ, ყველა გვეუბნება, ყველანი ერთნაირები ხართო. ასეთი ნიჰილიზმია საზოგადოებაში ახლა, მაგრამ მე მახსოვს, ცოტა ხნის წინ ხალხი გვეუბნებოდა, რა კარგია, ყველა ერთად რომ ხართო. ერთიანობა ის არის, რაც სჭირდება ამ ქვეყანას და არის ის, რაც ამ ადამიანებს შემოაბრუნებს პოლიტიკისკენ. ახლა ასეთი დამოკიდებულება სწორედ იმან გამოიწვია, რომ კინკლაობა და აზრთა სხვადასხვაობაა.
ის, რომ „ქართული ოცნება“ დასრულებულია, „ოცნებაში“ უკეთესად იციან და ამის მაჩვენებელი ძალიან ბევრი რამეა. რა ხდება პანდემიასთან, ლართან თუ ეკონომიკასთან დაკავშირებით, ამაზე აღარაფერს ვამბობ. თურმე ახლა იწყებენ გადატვირთვას. აქამდე რას აკეთებდნენ, ვერ გაიგებ.


– რას გააკეთებს ოპოზიცია, რომ ეს ხალხი საკუთარი მიმართულებით მიიზიდოს?
– ზუსტად ვიცი, როგორ ცდილობენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ხალხის შემობრუნებას. ვიცი პრეტენზიები, რომლებიც ხალხის მხრიდან მოდის. ამის შველა ერთ რამეშია. ეს არის ერთობა. შემიძლია, ამაში დაგარწმუნოთ. ის შეცდომებიც, რომლებიც დაშვებულ იქნა, ყველამ უნდა გააანალიზოს.


შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ასე მოუმზადებლად არ შეიძლებოდა. აუცილებელი იყო პირველ რიგში 20 ივნისს დაზარალებულებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა და ასევე ხალხთან შეხვედრა და ახსნა.


ბოდიშის მოხდა არავის უნდა შერცხვეს. არ არის სირცხვილი, მიხვიდე მაკო გომურთან და უთხრა ბოდიში და უთხრა, რომ იცი რა, მაკო, მე არც ერთი სანტიმეტრით არ დავიხევ უკან იმისთვის, რომ ადამიანი, რომელმაც შენ ასე გაგიმეტა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ეს უნდა აუხსნა. ხელმოწერა ამას რომ არ ნიშნავდა, ეს ახლა კი არ უნდა იძახონ, არამედ მანამდე უნდა ელაპარაკათ. მესმის, რომ უცხოეთიდან არის ჩამოსული ადამიანი, მესმის, რომ ეჩქარებათ, მაგრამ უნდა აეხსნათ.
იაგო ნაცვლიშვილი


ახალი თაობა 




კომენტარები:

ფართი შოპი